თბილისში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთო.

ჩვენ დავინტერესდით, 2024 წლის საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებზე რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა.

მიმდინარე წელს შპს „თბილ სერვისს“ ჯგუფმა საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად 730 000-ლარიანი ტენდერი (NAT230018684) გამოაცხადა, სატენდერო პირობების მიხედვით, ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრია. ნაძვის ხეს 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა-განათება აქვს. ტენდერის ერთადერთი მონაწილე შპს „ღამის შოუს სტუდია“ იყო, რომელმაც საბოლოოდ, ნაძვის ხე 720 000 ლარად შეიძინა.

გარდა ნაძვის ხისა, თბილისის მერიამ გირლიანდების და მანათობელი თოკების და სტრინგების შესაძენად კიდევ ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „ღამის შოუ სტუდიამ“ და შპს „დანდმა“ გაიმარჯვა, ამ შემთხვევაშიც ისინი ტენდერის ერთადერთი მონაწილეები იყვნენ. ჯამში, გირლიანდები (NAT230018687 -764 000 ლარი), მანათობელი სტრინგები და თოკები (NAT230019114 – 1 659 150 ლარი) 2 423 550 ლარი დაჯდა. ისიც აღსანიშნავია, რომ წინა წელსაც ანალოგიური მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ამავე კომპანიებმა გაიმარჯვეს.

საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ზემოთ განხილული თანხები თბილისის 2023 წლის საახალწლო ხარჯების მხოლოდ ნაწილია, დასახელებულ თანხებს საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფის და გალა კონცერტის ხარჯიც დაემატება.

თბილისის მერიას საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე 14 ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს, რომელთა სავარაუდო ჯამური ღირებულება 2.5 მლნ ლარს აღემატება. ტენდერების უმრავლესობა ჯერ დაკონტრაქტებული არ არის. შესაბამისად, შესყიდვების საბოლოო ღირებულება უფრო ნაკლები იქნება. აღნიშნული ტენდერები, სცენის მოწყობას, სასცენო განათებების და სხვა სასცენო მომსახურებას, კონცერტის მოსაწყობი აპარატურის მომსახურებას, საახალწლო ღონისძიებების გენერატორით მომსახურებას, იატაკის საფარით მომსახურებას, ფერმებით, კოშკებით, საპულტე კოშკის კონსტრუქციებით და ა.შ. მომსახურებას მოიცავს.

საბოლოოდ, დედაქალაქში საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები ჯამში, 5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

რაც შეეხება წინა წლების საახალწლო ხარჯებს, 2023 წლის საახალწლო ხარჯმა 2.3 მლნ ლარი შეადგინა, 2022 წელს იგივე ხარჯი ჯამში 3.5 მლნ ლარი იყო. შედარებით მოკრძალებული იყო 2021 წლის საახალწლო ხარჯი. როგორც გვახსოვს, 2020 წლის საახალწლო ნაძვის ხე მილიონი ლარი დაჯდა. მისმა ფორმამ და ფასმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მომდევნო - 2021 წელს, თბილისის მერიამ „მილიონიანი“ ნაძვის ხის გალამაზება გადაწყვიტა და ტოტები და წიწვები დაუმატა, რაზეც 103 850 ლარი დაიხარჯა. სულ 2021 წლის საახალწლო ღონისძიებების ხარჯი შედარებით მცირე იყო და ჯამში 615 640 ლარი შეადგინა.

როგორც აღვნიშნეთ, 2020 წელს მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხეზე მილიონი ლარი დაიხარჯა, სულ საახალწლო აქსესუარები და ღონისძიებები ჯამში 3.6 მლნ ლარი დაჯდა. 2019 წლის საახალწლო ხარჯი 2 მლნ ლარზე მეტი, 2018 წელს კი ახალი წლის აღნიშვნა დედაქალაქს 3 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლებში დედაქალაქის საახალწლო აქსესუარებზე და ღონისძიებებზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. შედარებით ნაკლებხარჯიანი 2021 წლის ახალი წელი იყო, რაც იმით იყო განპირობებული, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე და იმ პერიოდში არსებული შეზღუდვების გამო, თბილისის მერიამ მხოლოდ საახალწლო აქსესუარები შეიძინა და დედაქალაქში სხვა საახალწლო ღონისძიებები არ გამართულა.