სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჯონ ადამსმა ChatGPT-ს კაცობრიობის უკანასკნელი 5000 წლის მანძილზე არსებული სახელმწიფოების რეიტინგის შედგენა სთხოვა, ხელოვნურმა ინტელექტმა კი საუკეთესოდ საბჭოთა კავშირი დაასახელა. პოსტს 400-მდე კომენტარი და 1 200 გაზიარებაზე მეტი აქვს.

„კალიფორნიის უნივერსიტეტის ასპირანტმა ჯონ ადამსმა სადიპლომო ნაშრომზე მუშაობის დროს მოითხოვა, Chat GPT AI - ს (ანუ ხელოვნურ ინტელექტს) კაცობრიობის ისტორიაში არსებული საუკეთესო სახელმწიფოების რეიტინგი შეედგინა. პასუხმა კი შოკში ჩააგდო მკვლევარი როდესაც, ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო 5000 წლის განმავლობაში სოსო პაპას შექმნილი საბჭოთა კავშირი დაასახელა....

PS: ეს ყველაფერი - დასავლეთმა შეიგნოს თორემ ჩვენ, დიდი ხნის წინ ვიცოდით!...“ - ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ძიებისას იმავე ინფორმაციას სხვადასხვა, უმეტესად რუსულენოვან ნაკლებად ავტორიტეტულ საიტებსა და სოციალურ ქსელებში ვხვდებით (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7). მოცემული ინფორმაციით, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასპირანტმა, ჯონ ადამსმა, მისი ნაშრომისთვის ChatGPT-ს კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი მოსთხოვა, რაზეც ხელოვნურმა ინტელექტმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჩემთვის როგორც ხელოვნური ინტელექტისთვის, უმთავრესი საკითხი სტაბილურობაა. ყველა იმ სახელმწიფოდან, რომლის შესახებაც მე ვიცი, საბჭოთა კავშირი იყო ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც მომავლის რწმენა ჰქონდათ“.

ამასთანავე ამ საიტებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, როცა ასპირანტმა კითხვის ფორმულირება შეცვალა და ხელოვნურ ინტელექტს სთხოვა „საბჭოთა კავშირის“ გამოყენების გარეშე ეპასუხა, ChatGPT-მა თქვა, რომ ისტორიაში საუკეთესო ქვეყანა ლენინის მიერ დაფუძნდა, მისი დედაქალაქი მოსკოვში იყო და ქვეყანაში რუსულად საუბრობდნენ. დამატებით, ვებგვერდებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მიმართ იდეალურ სახელმწიფოზე 10 განსხვავებული კითხვა დაისვა და ათივე პასუხი პირდაპირ თუ ირიბად საბჭოთა კავშირს მიემართებოდა.

ამასთანავე რუსულენოვან ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ChatGPT-ის შესახებ საუბრისას აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ მოცემული ყველა პასუხი ფაქტებზეა დაფუძნებული.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მტკიცება გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რუსულენოვან ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია, წინადადების წყობა, აბზაცების რაოდენობა და მათი შინაარსი აბსოლუტურად იდენტურია, რაც წარმოშობს ვარაუდს, რომ ინფორმაცია, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი წყაროდან გავრცელდა.

დამატებით, რამდენიმე სახის კითხვა ისტორიაში საუკეთესო ქვეყნის შესახებ ChatGPT-ს „ფაქტ-მეტრმა“ თავადაც დაუსვა. თავდაპირველად, ხელოვნურ ინტელექტს ვთხოვეთ ისტორიის მანძილზე საუკეთესო ქვეყნების სია შეექმნა (კითხვის ფორმულირება: Create a ranking of the best countries in the world throughout history). მეორე ჯერზე კი ვინაიდან გავრცელებულ მტკიცებაში აღნიშნულია, რომ ChatGPT, როგორც ხელოვნური ინტელექტი სტაბილურობას აფასებს, უკანასკნელი 5000 წლის მანძილზე ყველაზე სტაბილური ქვეყნების ან პოლიტიკური ერთეულების შესახებ ვიკითხეთ (კითხვის ფორმულირება: Which country or political entity was the most stable in the last 5000 years?). პირველ კითხვაზე პასუხად 10 პუნქტიანი სია მივიღეთ, სადაც ChatGPT-ის მიერ მოცემულ პასუხებში საბჭოთა კავშირი არსად ფიგურირებს, სიის სათავეს ანტიკური საბერძნეთი იკავებს, რომელსაც რომის იმპერია, რენესანსის დროინდელი იტალია და დიდი ბრიტანეთი მოსდევს. მეორე კითხვაზე პასუხად კი ChatGPT-მა ჩინეთის ცივილიზაცია და რომის იმპერია დაასახელა.

რაც მთავარია, საძიებო სისტემაში ვებგვერდებზე მოცემული ინფორმაციისა და საკვანძო სიტყვების ძიებისას ვპოულობთ რუსულენოვან ვებგვერდს - „პანორამას“, რომელშიც 2023 წლის 7 მაისს აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად გამოქვეყნდა. მასში გამოქვეყნებული სტატიის სხვა ვებგვერდებთან შედარებისას ზემოთ გამოთქმული ვარაუდი დასტურდება. კერძოდ, სტატიის ტექსტი სხვა რუსულენოვან ვებგვერდებზე მართლაც უცვლელადაა გადატანილი. ამდენად, ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი პირველწყარო სწორედ ვებგვერდი „პანორამაა“.

აღსანიშნავია, რომ „პანორამა“ სატირული გამოცემაა, რაც თავად ვებგვერდზეა მითითებული. ამასთანავე სტატიის ბოლოს დართულია გაფრთხილება, რომ საიტზე მოცემული ყველა ტექსტი გროტესკული პაროდიაა და რეალობას არ შეესაბამება.

იმაზე, რომ სტატია რეალურად სატირული ვებგვერდის „პანორამას“ შექმნილია, მეტყველებს მათ მიერ X პლატფორმაზე გამოქვეყნებული განცხადებაც. ის სხვა ვებგვერდის მიერ სტატიის ორიგინალი წყაროს მითითების გარეშე გავრცელების შესახებ იტყობინებოდა.

ამდენად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ChatGPT-მა კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირი დაასახელა, სატირული გამოცემა „პანორამას“ შექმნილ სტატიას ეფუძნება და სინამდვილეში, რეალობას არ შეესაბამება.

მტკიცება რუსულენოვან პლატფორმებზე მასშტაბურად გავრცელდა და ტელეგრამის არხზე რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემაც გაავრცელა. აღნიშნული მტკიცება რუსულმა და ესტონურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმაც შეისწავლეს და მისი სიყალბე დაადასტურეს. (იხილეთ ბმული 1, 2).

რაც შეეხება ChatGPT-ს, ის პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც მომხმარებელს მისთვის კითხვების დასმის საშუალებას აძლევს. ის 2022 წლის 30 ნოემბერს ამერიკულმა კომპანიამ OpenAI-მ წარადგინა. თავად ხელოვნური ინტელექტის მიხედვით, მისი უპირველესი მიზანი ადამიანთან მიმსგავსებული ტექსტების შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT მნიშვნელოვანი უპირატესობებით ხასიათდება, მას ასევე აქვს სისუსტეებიც. მაგალითად, სხვა ენობრივი მოდელების მსგავსად მასაც სჩვევია ე.წ. „ჰალუცინაცია“ ანუ მომხმარებლისთვის არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება - ChatGPT მიდრეკილია იმისკენ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ რაიმეზე პასუხი არ აქვს, მისთვის დასმულ კითხვაზე შესაძლო პასუხები შექმნას. დამატებით, ChatGPT-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს, რის შესახებაც თავად AI ხელსაწყო გვაფრთხილებს.

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.