28 ნოემბერს „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ გადაცემის წამყვანებმა გიორგი ძველაიამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილმა გააჟღერეს მტკიცება, რომ უკრაინის ომის გაგრძელების გადაწყვეტილება ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო.

ალექსანდრე ფალავანდიშვილის მტკიცებით (7:25 წუთიდან), „დღეს უკვე არახამია პირდაპირ ამბობს თან რას ხომ? გადაწყვეტილებას ომის გაგრძელებისას იღებს ბორის ჯონსონი, რომელიც შეიძლება, თავის მხრივ, გადაწყვეტილებას კი არ იღებს, უბრალოდ გამხმოვანებელია კოლექტიური დასავლეთის საერთო გადაწყვეტილების, რომელიც ჩადის კიევში [...] და თქვა რომ ჩვენ ვაგრძელებთ ომს“.

გიორგი ძველაიას განცხადებით კი (15:35 წუთიდან), „ამ ფონზე ჩვენ მოვისმინეთ დავით არახამიას რაღაც თვალსაზრისით აღიარებითი ჩვენება, რომ ისინი სხვებს აბრალებენ, ომი იმიტომ გაგრძელდა, რომ ჯონსონმა გვითხრაო “.

მსგავსი შინაარსის მტკიცებები სოციალურ ქსელშიც ფართოდ გავრცელდა, მაგალითად, Facebook-გვერდ საინფორმაციო ანალიტიკური გაერთიანების მტკიცებით, „გასული წლის მარტის ბოლოსთვის, სტამბულში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისას რუსული მხარის ძირითადი მოთხოვნა უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ნატოზე უარის თქმა იყო. დანარჩენი არახამიას თქმით, „კოსმეტიკურ პოლიტიკურ ცვლილებებს“ წარმოადგენდა. ამ მოთხოვნაზე ოფიციალური კიევი თანხმდებოდა და შეთანხმების დოკუმენტი პრაქტიკულად პარაფირებული იყო. თუმცა მარტის ბოლოს, კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჩავიდა. მან უკრაინას შეთანხმებაზე ხელის მოწერა აუკრძალა და ომის გაგრძელება მოსთხოვა“.

აღნიშნული განცხადებები უკრაინულ ტელეარხ 1+1-თან დავით არახამიას ინტერვიუს ეფუძნება, რომლის სრული ვერსია YouTube პლატფორმაზეც ხელმისაწვდომია. ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუს დროს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ლიდერმა დავით არახამიამ მოლაპარაკებების პროცესზე და იმ წინააღმდეგობებზე ისაუბრა, რაც ამ პროცესში უკრაინული მხარისთვის არსებობდა.

ინტერვიუში დავით არახამიას ჟურნალისტმა კითხვა იმ დოკუმენტის შესახებ დაუსვა, რომელიც პუტინმა აფრიკის დელეგაციასთან წარადგინა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმება უკრაინული მხარის მომლაპარაკებლების მიერ იყო პარაფირებული. დოკუმენტს ეწოდებოდა „შეთანხმება უკრაინის მუდმივ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მიზანი ჰქონდა რუსულ დელეგაციას პროცესში, დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსული მხარის მიზანი უკრაინის ნეიტრალიტეტზე დათანხმება და ნატოში შესვლაზე უარის მიღება იყო. „ჩემი აზრით, ისინი ბოლომდე ფიქრობდნენ, რომ ზეწოლის საშუალებით ნეიტრალიტეტზე დაგვითანხმებდნენ. ეს მათთვის მთავარი იყო. ისინი მზად იყვნენ ომი დაესრულებინათ, თუკი ჩვენ ოდესღაც ფინეთის მსგავსად ნეიტრალიტეტს მივიღებდით, ამასთან ვალდებულებას ავიღებდით რომ NATO-ს წევრობაზე უარი გვეთქვა“, - განაცხადა მან.

რუსეთის მიერ დაყენებული სხვა ყველა მოთხოვნა, მათ შორის „დენაციფიკაცია“ ან რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები არახამიას შეფასებით პოლიტიკური კოსმეტიკური დანამატი იყო. ხოლო იმ საკითხზე საუბრისას, თუ რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნული შეთანხმების მიღწევა, არახამია რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მათ შორის, გამოყოფს ნატოში გაერთიანების მისწრაფების უარყოფისა და ნეიტრალიტეტის პუნქტზე თანხმობის გაცხადებისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას და რუსეთის მიმართ ნდობის არარსებობას, ასევე კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობას.

[26:02 წუთიდან] „პირველ რიგში, ამ პუნქტს რომ დავთანხმებოდით, კონსტიტუცია უნდა შეცვლილიყო. ჩვენი ნატოსკენ მიმავალი გზა კონსტიტუციაშია გაწერილი. მეორეც, არ იყო და არ არის ნდობა რუსეთის მიმართ, რომ ისინი ამას შეასრულებდნენ. ეს მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებით შეიძლება მომხდარიყო. ჩვენ ხომ არ შეგვეძლო რაღაცისთვის ხელი მოგვეწერა, გავსულიყავით და ამოგვესუნთქა და შემდეგ მათ შეეძლოთ დაბრუნებულიყვნენ ბევრად უკეთ მომზადებულები, რადგან ისინი [თავდაპირველად] ძალიან მოუმზადებლები შემოვიდნენ. ამიტომაც ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ჩვენ 100%-ით დარწმუნებულები ვიქნებოდით, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. ასეთი დარწმუნებულები კი არ ვიყავით. უფრო მეტიც, როდესაც სტამბულიდან დავბრუნდით, ჩამოვიდა ბორის ჯონსონი კიევში და გვითხრა, რომ ჩვენ მათთან ხელს არ მოვაწერთ არაფერზე და მოდით, უბრალოდ ვიომოთ“, - განაცხადა დავით არახამიამ.

დავით არახამიას მიერ ბორის ჯონსონის სიტყვების ციტირება - „ჩვენ მათთან ხელს არ მოვაწერთ არაფერზე“, შესაძლოა თავად დიდ ბრიტანეთს გულისხმობდეს, რომელიც იმ პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად განიხილებოდა როგორც უკრაინისთვის შესაძლო უსაფრთხოების გარანტორი სახელმწიფო.

მაგალითად, Financial Times-ის ცნობით, 14-17 მარტს თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსულმა და უკრაინულმა მომლაპარაკებელმა დელეგაციებმა 15-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს, რომელშიც უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანების მისწრაფების უარყოფა, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მიღება და რუსული ენისთვის ლეგალური გარანტიების მიცემაც შედიოდა. ამას უკრაინაში უცხოური სამხედრო ბაზებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების უარყოფისა და უკრაინული სამხედრო ძალების შეზღუდვის შესახებ დათქმები ემატებოდა. გეგმის მიხედვით, ამ დათმობების სანაცვლოდ უკრაინის უსაფრთხოება უკრაინის მოკავშირე ქვეყნებს - შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და თურქეთს უნდა უზრუნველეყოთ. ამავე პერიოდში უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი მიჰაილო პოდოლიაკი „უსაფრთხოების გარანტიების უკრაინულ მოდელზე“ საუბრობდა, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ დარღვევის შემთხვევაში კონფლიქტში უკრაინის მხარეს გარანტორი ქვეყნების დაუყოვნებელ და იურიდიულად დამოწმებულ მონაწილეობას გულისხმობდა.

Reuters-ის თანახმად კი უკვე 29 მარტს პირისპირ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ თავისი შეთავაზება წარმოადგინა. შეთავაზება სხვა საკითხებთან ერთად კიევის მიერ მოსკოვისთვის სასურველი დათმობების სანაცვლოდ, რაც კიევის მიერ ნეიტრალიტეტის აღიარებას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების უარყოფას და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარს მოიცავს, კონკრეტული სახელმწიფოების მიერ კიევისთვის NATO-ს მე-5 პუნქტის მსგავსი კოლექტიური თავდაცვის გარანტიების გაცემას მოიცავდა. გარანტორ ქვეყნებად კი პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და კანადა მოიაზრებოდნენ. რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, გერმანია და იტალია ასევე შესაძლოა ყოფილიყვნენ ჩართულები.

ამდენად, ვინაიდან ბრიტანეთი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს უკრაინის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ შესაძლო გარანტორ ქვეყნად განიხილებოდა, ბორის ჯონსონის მიერ უკრაინაში ვიზიტისას ნათქვამი სიტყვები - „ჩვენ მათთან ხელს არ მოვაწერთ არაფერზე“, შესაძლოა, ბრიტანეთის მიერ უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმებული რაიმე სახის შეთანხმებაში მონაწილეობის ან ფიგურირების მზაობის არ არსებობას გამოხატავდეს.

მეორე ვერსიის მიხედვით, ბორის ჯონსონის სიტყვები რუსეთთან მოლაპარაკებების თაობაზე თავად უკრაინის მიმართ იყო ნათქვამი. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი დავით არახამია იმ კითხვაზე პასუხად, თუ რატომ არ დათანხმდა უკრაინა შეთანხმების დადებას, უმთავრესად საუბრობს უსაფრთხოების გარანტიებისა და რუსეთისადმი ნდობის არ არსებობაზე, როგორც შეთანხმების შედგენის ხელისშემშლელ ფაქტორებზე.

ხოლო იმაზე, რომ ბორის ჯონსონს მოლაპარაკებების შედეგზე გადამწყვეტი გავლენა არ ჰქონია, თავად დავით არახამიას სიტყვები მეტყველებს, რომელიც მან ამავე ინტერვიუში მოგვიანებით გააჟღერა. კერძოდ, კითხვაზე, თუ რამდენად იყო ბელარუსისა და სტამბულის მოლაპარაკებების პროცესი ვაშინგტონის, ლონდონის, ვარშავის, ბერლინი ზედამხედველობის ქვეშ, მან უპასუხა, რომ პროცესები მათ მიერ მართული არ ყოფილა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კიევს ჰქონდა კონსულტაციები პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების მრჩევლების მიერ შექმნილ ჯგუფთან და რომ უკრაინული მხარე მათ დოზირებულ ინფორმაციას აწვდიდა და შეთანხმების სამუშაო ვერსიაზე წვდომას აძლევდა.

[28:35 წუთიდან] „...ჩვენ გავდიოდით კონსულტაციებს, რადგან გვესმოდა, რომ ჩვენ მარტო არ შეგვეძლო ომის მოგება, ამიტომ ცალსახად გვჭირდებოდა ისინი. ჩვენ კონსულტაცია გვქონდა მათთან და ისინი გვირჩევდნენ არ დავთანხმებოდით უსაფრთხოების ეფემერულ გარანტიებს, რისი გაცემაც იმ დროს შეუძლებელი იყო“, - თქვა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ.

დამატებით ინტერვიუში არახამია ამბობს, რომ მას ან დელეგაციის რომელიმე წევრს რაიმე სახის შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ შეეძლოთ და უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ თეორიულად მსგავსი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე შეიძლებოდა, რაც შემდეგ პარლამენტის მიერ უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წელს სტამბულსა და ბელარუსში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარე შეთანხმების დადებასთან ახლოს არ ყოფილან.

ამდენად, არახამიას განცხადებით, მართალია, კიევში ბორის ჯონსონი ნამდვილად ჩავიდა და ხელშეკრულების ხელმოწერისადმი სკეპტიციზმი გამოავლინა, თუმცა ინტერვიუში არახამია შეთანხმების მიღწევის სირთულეებზე საუბრისას უმთავრესად უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობას, რუსეთისადმი უნდობლობას და კონსტიტუციაში გაწერილ პუნქტს ასახელებს, რომლის მიხედვით, უკრაინა NATO-ს წევრობას ესწრაფვის.

ამდენად მტკიცება, რომ არახამიას განცხადებით, შეთანხმების ვერ მიღწევა და უკრაინის ომის გაგრძელება ბორის ჯონსონს უკავშირდება, მანიპულაციურია, რადგან მტკიცებაში დავით არახამიას სიტყვები არასრულადაა მოცემული.

2022 წლის მარტში თურქეთსა და ბელარუსში გამართულ მოლაპარაკებების შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. მაშინ აფრიკის ლიდერებთან პუტინის შეხვედრაზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2022 წელს თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინამ ნეიტრალიტეტისა და შეიარაღების შემცირების შესახებ ვალდებულებები შეთანხმებით აიღო, რის სანაცვლოდაც რუსეთმა კიევს ალყა მოხსნა და ჯარები გაიყვანა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესი შეისწავლა. იხ. სტატია.

-----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.