სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ქართული ენის სახელმძღვანელოს ფოტოს ავრცელებენ და ამ წიგნის სკოლებში აკრძალვას მოითხოვენ (1, 2, 3). ქართული, როგორც მეორე ენა‼ ვინც ამაზე დუმხართ საკუთარი ენის და შვილების მოღალატეები ხართ‼️ ეს წიგნები გააქრეთ სკოლებიდან და ჩამოერთვას ყველა პედაგოგს სტატუსი, ვინც მეორე ენად აღიქვამს ქართულ ენას საქართველოში, ვინც ამ წიგნებიდან ბავშვებს წამლავს‼️“. რეალურად, სახელმძღვანელო საქართველოში არაქართულენოვანი სკოლებისთვის არის გათვლილი. „მეორე ენაც“ გამოყენებულია იმიტომ, რომ ის იმ მოსწავლეებზეა გათვლილი, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენა (სახელმწიფო ენა) არ არის მშობლიური და ისინი სასწავლო დაწესებულებებში ქართულს, სწორედ როგორც მეორე ენას, ისე სწავლობენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიხედვით, „ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმა განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას. ეს არის ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.
სოციალურ ქსელში გავრცელებული სახელმძღვანელოები „ინტელექტისა“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ არის გამოცემული. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გვერდზე მითითებულია სახელმძღვანელოს „ქართული, როგორც მეორე ენა“ ავტორის გიორგი ჭაუჭიძის კომენტარი: „ქართული ენის სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი, ალბათ, გადამწყვეტი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ქართული ენის შესწავლის გარდა, წიგნი მრავალფეროვან ცოდნას აძლევს მოსწავლეებს. მინდა გამოვყო ჩვენი სახელმძღვანელოების რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: თემატური მრავალფეროვნება, რომ შესაფერისი იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ჩვენს წიგნებში შესული სხვადასხვა მასალა შეეხება უმცირესობათა კულტურულ გარემოს და მათ თავისებურებებს, აგრეთვე გვაქვს თემები, როგორც ქართული, ასევე, მსოფლიო სხვადასხვა კულტურული რეალიიდან აღებული. აქ განხილულია თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი საკითხები ქართული, კავკასიური და უცხოური კულტურისა და ტრადიციების შესახებ, მოცემულია ცოტა რამ ისტორიაზე, კულინარიაზე, ბუნებისმეტყველებაზე, ასტრონომიასა და ენათმეცნიერებაზეც კი“.
ასევე აღსანიშნავია, რომ „სულაკაურის გამომცემლობის“ ახალ სახელმძღვანელოს, რომელსაც 2022 წელს გრიფი მიენიჭა, ახალი სახელწოდება აქვს: „ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის)“.
წყარო: sulakauri.ge
ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ საქართველოში გამომცემლობები ქართულ ენას არა სახელმწიფო, არამედ „მეორე [ნაკლებ მნიშვნელობის] ენად“ მოიხსენიებენ, მცდარია. სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, რომლისთვის ქართული არა მშობლიური, არამედ მეორე ენაა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.