როსტომ ჩხეიძე: 2019 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში ზარ-ზეიმით წარადგინა ელექტრომობილების პროექტი, დაპირება ჯერჯერობით დაპირებად რჩება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, როსტომ ჩხეიძის განცხადება არის სიმართლე.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. დაპირების მიხედვით, ჩინური კომპანია „ჩანგანის“ და კომპანია „აი გრუპის“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების ქარხანა აშენდებოდა, რომელიც უკვე 2020 წელს ბაზარს ელექტრომობილებს მიაწვდიდა.

ამ მიზნით, კომპანია „აი გრუპს“ 100 ჰექტარი მიწის ფართობი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, საპრივატიზაციო პირობებით გადაეცა. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შეექმნა და არაუმეტეს 18 თვის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 5000 ერთეული ელექტრომობილი ეწარმოებინა. ასევე, არანაკლებ 18 თვის ვადით, 300 ადამიანი დაესაქმებინა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, იმ დროისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის საბაზრო ღირებულება 86 მლნ ლარი იყო.

კოვიდპანდემიის გამო პროექტის მიმდინარეობა შეფერხდა. 2021 წლის აპრილში მთავრობამ კომპანიას ხელშეკრულება გაუხანგრძლივა და ქარხნის აშენების ვადად 24 თვის ნაცვლად 36 თვე დაუდგინა. ელექტროავტომობილების გამოშვების თარიღად კი 2022 წელი განისაზღვრა.

იმავე წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, რომ ელექტრომობილების გამოშვება მალე დაიწყებოდა. აღნიშნულიდან ორ თვეში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა უკვე ელექტრომობილების ნაცვლად ელექტრობატარიების გამოშვებაზე საუბრობდა. 2022 წლის აპრილში პრემიერი ელექტრომობილების საკითხს კვლავ მიუბრუნდა და ამბობდა, რომ ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებები პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობდა.

პრემიერის ბოლო განცხადებიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა და ელექტროავტომობილების ქარხნის მშენებლობის საკითხი წინ არ წასულა. შესაბამისად, დაპირებული ელექტრომობილების გამოშვება ვერც 2020, ვერც 2022 წელს მოხერხდა და დაპირება ჯერჯერობით, დაპირებად რჩება.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, როსტომ ჩხეიძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ ქუთაისში დაანონსებულ ელექტრომობილების ქარხნის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა: „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში ზარ-ზეიმით წარადგინა ელექტრომობილების პროექტი, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა წარმოებული ელექტრომობილები იქნება საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელიო, მილიონობით ლარად შეფასებული 100 ჰა ტერიტორია, სადაც ეს ქარხანა უნდა აშენებულიყო, 1 ლარად გადაეცა „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ კომპანია „აი გრუპს“. პროექტი ირწმუნებოდა, რომ 24 თვეში ამ 100 ჰა ტერიტორიაზე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებდა ... დაპირებები, ჯერჯერობით დაპირებებად რჩება“.

2019 წელს აპრილში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დააანონსა. 2019 წლის ივნისში ქუთაისში გრანდიოზული პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პრემიერმა პროექტზე ისაუბრა და განაცხადა: „პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოსი იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია „ჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისეთი გიგანტები, როგორიც არის ვოლვო, ფოლცვაგენი, ფორდი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდება და უკვე 2020 წლიდან, ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები“.

ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში. ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული წარწერით „Made in Georgia” იქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან“, -აცხადებდა მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე.

ქარხნის ასაშენებლად კომპანია „აი გრუპს“ (იურიდიული სახელწოდება „ბიგ სერვისი“) სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, 100 ჰექტარი მიწის ფართობი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, გადაეცა. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, იმ დროისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის საბაზრო ღირებულება 86 მლნ ლარი იყო. კომპანიას, საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შეექმნა და არაუმეტეს 18 თვის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 5000 ერთეული ელექტრომობილი ეწარმოებინა, ასევე არანაკლებ 18 თვის ვადით, 300 ადამიანი დაესაქმებინა.

2020 წელს პანდემია დაიწყო, რამაც პროექტის მიმდინარეობა შეაფერხა და 2020 წლისთვის დაანონსებული ელექტრომობილების გამოშვება გადავადდა.

2021 წლის 5 აპრილს, კომპანიას ხელშეკრულება გაუახლეს (წყარო: აი ფაქტი) და ქარხნის აგების ვადამ 36 თვით გადაიწია. ხელშეკრულების მიხედვით, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანას ავტომობილები უკვე 2022 წელს უნდა გამოეშვა.

2021 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში სტუმრობისას ამბობდა, რომ პროექტი, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას ითვალისწინებდა, პანდემიის გამო შეფერხდა და საბოლოო ჯამში ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია.

„მინდა ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ“,- აცხადებდა ირაკლი ღარიბაშვილი.

აღნიშნულიდან ორ თვეში, უკვე მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ რადგან ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებას ხელი პანდემიამ შეუშალა, მთავრობამ ამავე ადგილას ელექტრობატარიების წარმოების პროექტზე დაიწყო მუშაობა.

2022 წლის აპრილში ირაკლი ღარიბაშვილმა ელექტრომობილების ქარხანაზე კვლავ ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობას აქვს მცდელობა ჩინურ კომპანიასთან განაახლონ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის“.

პრემიერის ბოლო განცხადებიდან წელიწადნახევარი გავიდა, მაგრამ ქუთაისში ელექტრომობილები ქარხანა არ აშენებულა, მით უმეტეს, დაპირებული ელექტრომობილების გამოშვების შორეული პერსპექტივაც კი არ იკვეთება.

განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, როსტომ ჩხეიძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია