მამუკა ხაზარაძე: ყველა სტრატეგიული ნედლეული, რომელსაც საქართველო მოიხმარს, არის უკვე რუსეთზე ჩამოკიდებული

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა ხაზარაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ხორბლისა და ფქვილის იმპორტში რუსეთის წილი ყოველთვის მაღალი იყო და ბოლო სამ წელიწადში არ გაზრდილა. შესაბამისად ის ფაქტი, რომ თითქმის მთლიანად რუსულ ხორბალსა და ფქვილზე ვართ დამოკიდებული, სიმართლეა, თუმცა ბოლო წლები აქ გამონაკლისი არ არის. განსხვავებული მდგომარეობაა ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის მიმართულებით. რუსეთის წილი ნავთობპროდუქტებში ბოლო ორ წელიწადში განსაკუთრებით გაიზარდა და თუ მანამდე 7%-26%-ს პროცენტს შორის მერყეობდა, 2022 წელს 46.6%-მდე არის გაზრდილი, თუმცა არა 97%-მდე, როგორც მამუკა ხაზარაძე ასახელებს. ბუნებრივი გაზის იმპორტშიც რუსეთის წილი ბოლო წლებში გარკვეულწილად ზრდადია. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი (თანხობრივად), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს ზრდამ წინა წელთან შედარებით 46% შეადგინა. წილობრივი მაჩვენებელი კი, ბოლო ორ წელში 23%- 25%-ს შორის მერყეობს.

პოლიტიკოსი ნავთობპროდუქტების და გაზის რუსულ იმპორტზე დამოკიდებულების წილობრივ მაჩვენებლებს გადაჭარბებით ასახელებს. თუმცა კონტექსტი, რომ ბოლო წლებში, საქართველო გარკვეულ პროდუქტებზე რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს და მისგან დისტანცირებას ცდილობს, სიმართლეს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა ხაზარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა: „ყველა სტრატეგიული ნედლეული, რომელსაც საქართველო მოიხმარს, არის უკვე რუსეთზე ჩამოკიდებული. დავიწყოთ, ხორბალი და ფქვილი, 95% იმპორტის არის რუსეთიდან, ნავთობი - 97%, ქართული ღვინო -65%, გაზი - 75%-ით გაიზარდა“.

ჩვენ აღნიშნულ სტატიაში დასახელებული პროდუქტების რუსეთიდან იმპორტზე ვისაუბრებთ, რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტს რუსეთში, ცალკე სტატიაში განვიხილავთ.

საქართველო ხორბალზე იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი წლების მიხედვით საშუალოდ 15%-ს შეადგენს. თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იმპორტირებული ხორბლის უდიდესი ნაწილი - 75%-99%, რუსეთიდან არის შემოტანილი.

გრაფიკი 1: ხორბლის იმპორტი 2012-2023 წლებში და იმპორტში რუსეთის წილი

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომ ხორბლის იმპორტში რუსეთის წილი თითქმის ყოველთვის 80%-ს აჭარბებდა, გამონაკლისი იყო 2012 წელი, როდესაც რუსეთიდან იმპორტი 50%-ზე დაბალი - 46%, იყო. 2016-2017 წლებში რუსეთზე დამოკიდებულებამ თითქმის 100% შეადგინა, იგივე მაჩვენებელი იყო 2020 წელსაც. გასულ წელსაც მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 95%-ს ასცდა, მიმდინარე წლის 10 თვეში ამავე მაჩვენებელმა 98%-ზე მეტი შეადგინა. განხილული მონაცემები ცხადყოფს, რომ ხორბლის იმპორტით რუსეთზე დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში (რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში) არ გაზრდილა, აღნიშნული მონაცემი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყოველთვის 80%-ს აჭარბებდა.

2021 წლიდან ხორბლის იმპორტის შემცირების ტენდენცია შეინიშნება, რაც იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთში ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო გადასახადის დაწესებამ ხორბლის შემოტანა არარენტაბელური გახადა. ფქვილის იმპორტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ადგილობრივი ფქვილი შემოტანილს - გაცილებით დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე, კონკურენციას ვერ უწევდა. თუ 2020 წელს ხორბლის იმპორტმა 491 ათასი ტონა შეადგინა, 2021 წელს ის 367 ათას ტონამდე შემცირდა, 2022 წელს კი 184 ათას ტონამდე. ორ წელიწადში კლებამ 307 ათასი ტონა შეადგინა, ადგილობრივი წარმოება კი მხოლოდ 55 ათასი ტონით - 102 ათასიდან 157 ათას ტონამდე გაიზარდა. სხვაობა ხორბლის ფქვილის იმპორტით დაკომპენსირდა, რომლის მოცულობაც იმავე პერიოდში 11 ათასი ტონიდან 182 ათას ტონამდე გაიზარდა.

ფქვილის იმპორტში რუსეთის წილმა 2021 წელს 97% შეადგინა, 2022 წელს - 99%, 2023 წლის 10 თვეში ჯამურად საქართველოში შემოსული ფქვილის 96% რუსულია.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, საქართველო 100%-ით იმპორტზეა დამოკიდებული. სტატისტიკის სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, 2012 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთის წილი 7% იყო, 2015 წელს - 10.5%-მდე, 2018 წელს კი 23%-მდე გაიზარდა, 2019, 2020 წლებში 26%-მდე გაიზარდა, 2021 წელს კი 16.4%-მდე შემცირდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (2012-2021 წლები), რუსეთის წილი მთლიან იმპორტში მაღალი არ იყო და რუსეთი მოწოდების მხოლოდ ერთ-ერთ არხს წარმოადგენდა.

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლურმა სამყარომ რუსეთისგან დისტანცირება და რუსული საწვავისათვის საკუთარი ბაზრის ეტაპობრივად დახურვა დაიწყო. შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა, ნავთობი/საწვავი ფასდათმობით გაეყიდა. ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთიდან საწვავის იმპორტის ზრდა სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დაიწყეს. 2022 წელს საქართველომ სულ 1.337 მლრდ-ის ღირებულების 1.331 მლნ ტონა ნავთობპროდუქტი შეიძინა, მათ შორის რუსეთიდან - 623 მლნ-ის ღირებულების 657 ათასი ტონა. რუსეთის წილმა იმპორტში თანხობრივად 46.6%-ს მიაღწია, მოცულობაში - 49.4%-ს.

ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდა. 929 მლნ აშშ დოლარად ნაყიდი 1 141455 ტონა ნავთობპროდუქტებიდან 503 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (704 306 ტონა) რუსეთიდან იყო. რუსეთის წილმა იმპორტში თანხობრივად 54.1%, მოცულობაში კი კიდევ უფრო მეტს - 61.7%-ს მიაღწია. განცხადებაში ხაზარაზე არ მიუთითებს, კონკრეტულად რომელი წლის მონაცემს გულისხმობს. ამის მიუხედავად, მის მიერ დასახელებული პროცენტული მონაცემი საკმაოდ გადაჭარბებულია და არც ერთ წელს ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთის წილის ამგვარი ზრდა არ დაფიქსირებულა.

გრაფიკი 2: ნავთობპროდუქტების იმპორტი და იმპორტში რუსეთის წილი

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

კიდევ ერთი მონაცემი, რაზეც მამუკა ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა, ბუნებრივი აირის იმპორტია.

საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ქვეყანა სოციალური სექტორისთვის და თბოსადგურებისთვის განკუთვნილ გაზს შეღავათიან ფასად იღებს, თუმცა საქართველო პარალელურად რუსული გაზის შესყიდვასაც ახორციელებს, რასაც ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. აღნიშნული მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია. 2017 წლამდე საქართველო ტრანზიტის საფასურს გატარებული გაზის 10%-ის ნატურით იღებდა, 2018 წლიდან ტრანზიტის საფასურს რუსული „გაზპრომ ექსპორტი“ საქართველოს ფულადი სახით უხდის, ანაზღაურების თანხა კი კომერციული საიდუმლოებაა.

ცხრილი 1: გაზის იმპორტი

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ბუნებრივი აირის იმპორტში რუსეთის წილი მოცულობით - 11.7%, თანხობრივად კი 19.3% იყო, 2019 წლიდან წილი ზრდადია და უკვე გასულ წელს თანხობრივად 24.5%-ს მიაღწია. მიმდინარე წლის 10 თვეში რუსეთის წილი ბუნებრივი აირის იმპორტში 28.8%-ია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იგივე მონაცემი 15.5% იყო. შესაბამისად, წილი 13.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რადგან განცხადებაში მამუკა ხაზარაძე რუსეთიდან გაზის იმპორტის რაოდენობრივ ზრდაზე და არა წილობრივ მაჩვენებელზე მიუთითებს, ეს სიდიდეც განვიხილოთ. თუ მიმდინარე 10 თვის განმავლობაში რუსეთიდან განხორციელებულ ბუნებრივი აირის იმპორტის თანხობრივ მონაცემს შარშანდელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდამ 107% შეადგინა. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით ზრდა 46% იყო. განცხადებაში დასახელებულ პროცენტულ მაჩვენებელს ორივე ეს მონაცემი აცდენილია.

განხილული მასალა ცხადყოფს, რომ ხორბლისა და ფქვილის იმპორტში რუსეთის წილი ყოველთვის მაღალი იყო და ბოლო სამ წელიწადში არ გაზრდილა. თუმცა ის ფაქტი, რომ თითქმის მთლიანად რუსულ ხორბალსა და ფქვილზე ვართ დამოკიდებული, სიმართლეა. განსხვავებული მდგომარეობაა ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის მიმართულებით. რუსეთის წილი ნავთობპროდუქტებში ბოლო ორ წელიწადში განსაკუთრებით გაიზარდა და თუ მანამდე 7%-26%-ს პროცენტს შორის მერყეობდა, ბოლო ორ წელიწადში 46.6 და 54.10 პროცენტამდე გაიზარდა და არა 97%-მდე, როგორც მამუკა ხაზარაძე ასახელებს. თანაც, აღნიშნული ზრდა დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ რუსეთი ნავთობპროდუქტებს სანქციების მიზეზით ნაკლებ ფასად ჰყიდის. ბუნებრივი გაზის იმპორტშიც რუსეთის წილი ბოლო წლებში ზრდადია. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი (თანხობრივად), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს ზრდამ წინა წელთან შედარებით 46% შეადგინა. წილობრივი მაჩვენებელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო ორ წელში 23%- 25%-ს შორის მერყეობს.

პოლიტიკოსი ნავთობპროდუქტების და გაზის რუსულ იმპორტზე წილობრივი დამოკიდებულების მაჩვენებლებს გადაჭარბებით ასახელებს. თუმცა კონტექსტი, რომ ბოლო წლებში, საქართველო გარკვეულ პროდუქტებზე რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს და მისგან დისტანცირებას ცდილობს, სიმართლეს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მამუკა ხაზარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5311 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი