მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს „ფაქტ-მეტრმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ბათუმის ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენაზე. კერძოდ, ჩვენ ვწერდით, რომ ტენდერში გამარჯვებულ შპს „გზას“, რომელთანაც ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაცია ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 15 831 978 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის შემდეგაც კი, სამუშაოები დაწყებული არ ჰქონდა. იმ დროს კომპანიისთვის უკვე გადახდილი იყო 4 697 699 ლარი - ავანსის სახით.

27 ნოემბერს ბათუმში ძლიერმა შტორმმა (ზოგიერთი შეფასებით, 8-ბალიანი იყო) ბულვარის სანაპირო ზოლი, მათ შორის, ის ადგილიც, სადაც ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს, კიდევ ერთხელ დააზიანა. სტიქიას ზარალი მოჰყვა, რაც რესპუბლიკური თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ხარჯის გამოყოფის წინაპირობაა. ბულვარისთვის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს უკვე მერამდენედ ითვლიან ბათუმის მერია და აჭარის ა/რ მთავრობა. ქალაქის მერი და მთავრობის თავმჯდომარე ამჯერადაც ადგილზე გავიდნენ და მოქალაქეებს სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩიეს. ასეთი რჩევები ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს პირველად არ მოუსმენიათ. შტორმმა ბულვარის სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა 2022 წლის ნოემბერშიც დააზიანა. მანამდე იყო სტიქია 2022 წლის იანვარში, 2021 წლის დეკემბერში... უფრო შორს აღარ წავალთ, უბრალოდ ვიტყვით, რომ ბათუმში შტორმი ინფრასტრუქტურას ყოველ წელს რამდენჯერმე ანადგურებს, მოქალაქეებს აზარალებს და ბიუჯეტს ტვირთად აწვება. მაგალითად, „ბათუმის ბულვარის“ Facebook-გვერდზე, 27 ნოემბრის სტიქიამდე ხუთი დღით ადრეც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს შტორმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობით ქვიშა და ნატანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

სპეციალისტების შეფასებით, მდინარეებიდან, ნებართვითაც და უნებართვოდაც, დიდი რაოდენობის ინერტულ მასალას იღებენ, ასევე, სხვადასხვა მიზეზით, მდინარეების კალაპოტები იცვლება. ამის გამო, ზღვის სანაპირო ბუნებრივად ვეღარ იკვებება და ზღვა ნაპირს იტაცებს. ამდენად, მას ხელოვნური კვება სჭირდება, რაც ინერტული მასალის შეტანას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შემოდგომაზე, ბათუმის სანაპიროს სამ ლოკაციაზე, მათ შორის, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ხრეშის შეტანა დაიწყო, რისთვისაც აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებასა და შპს „ბონდი-2009-ს“ შორის 5 610 608 ლარის ღირებულების ხელშეკრულება იყო გაფორმებული. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. ეკოლოგი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნის“ აღმასრულებელი დირექტორი კახა გუჩმანიძე, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას, ასეთი მეთოდით სანაპირო ზოლის ეროზიასთან ბრძოლას არაეფექტურად მიიჩნევს. „ყოველ წელიწადს მილიონობით ლარი იხარჯება დაზიანებული პრომინადის აღდგენაში, წაღებული ინფრასტრუქტურის გაკეთებაში. წინა წელს წაიღო 700 ათასი კუბმეტრი - ასე თქვეს, მაგრამ, იდეაში, მილიონამდე იქნება. სამაგიეროდ, ჩაყარეს, სადღაც, 400 ათასი კუბმეტრი, ახლა კიდევ წაიღო, არ არის ბოლომდე დათვლილი, რამდენი... ეს ხელოვნური კვების კომპონენტი არის არაეფექტური. რაღაც პერიოდში დაგვიცავს, ოღონდ - არა იმ მეთოდით, როგორც ამათ გააკეთეს. ეს ნატანი უნდა ჩაყრილიყო გაზაფხულზე და ამათ ჩაყარეს ნოემბერში. ახლა ის გადანაწილებული არ არის. გარდა ამისა, ტენდერით, შეტანილი იყო 415 კუბმეტრი. რა გამოდის? 700 ათასი წაიღო და 400 ათასით აკეთებ საქმეს? არ გამოვა ეს“, - გვითხრა კახა გუჩმანიძემ. ის ასევე შეეხო ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის პროექტს, რომელსაც შპს „გზა“ ახორციელებს: „როდესაც ლითონის კონსტრუქცია იდება და ბეტონით მყარდება, ძალიან სერიოზული ეროზია თუ არ განვითარდა შტორმის პირობებში, მეტ-ნაკლებად მედეგი და გამძლე იქნება. თუმცა, წინა პერიოდში განვითარებულმა ეროზიულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ ის [სტიქიამდე არსებული სანაპირო] მთლიანად მოშალა, ძირი გამოუღო, პლაჟი წაიღო. ეს [ტენდერის ფარგლებში დაგეგმილი] სამუშაოები, რაღაც დონეზე, შემაკავებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვიშახრეშოვანი ნატანი შევა და შევებრძოლებით ეროზიას. ესენი [ხელისუფლება] ეროზიის შედეგს ებრძვიან, მაგრამ არაფერი კეთდება, რომ ეროზია გამოირიცხოს. საუკეთესო პრევენცია ჩვენი მორფოლოგიის სანაპირო ზოლზე არის ის, რომ არსებობდეს საჭირო რაოდენობის ქვიშახრეშოვანი პლაჟშემქმნელი ნატანი. ასეთ შემთხვევაში, ვერც ერთ კონსტრუქციამდე [ტალღა] ვერ მიაღწევს. ამათი ლოგიკით, ქვიშახრეშოვანი ნატანი უნდა ვყაროთ ყოველ წელს, ანუ ყოველ წელს მილიონობით ლარია საჭირო, მერე, ალბათ, ყოველ მეორე წელს და ასე შემდეგ. კონცეპტუალური დასკვნა, როგორ მოვიცილოთ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ, არ არსებობს. შეიტანენ ახლა ნატანს, მერე 15 მილიონს მაგ პროექტზე დახარჯავენ, მერე ისევ შეიტანენ და რა გამოდის? ამიტომ მათ ადრე შევთავაზე, რომ გავაკეთოთ ქვანაყარი ბუნი 60-70 მეტრის სიღრმეში, ერთი - ჭოროხის კანიონთან, მეორე - კონცხთან, კანიონამდე. ჩავყაროთ საჭირო რაოდენობა და ერთადერთი საოპერაციო ხარჯი იქნება, რომ ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ამოვიღებთ დაგროვებულ, ჭარბ ნატანს კონცხიდან და გადავიტანთ საჭირო ლოკაციაზე.“

კახა გუჩმანიძე ასევე ახსენებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, სარფის ტერიტორიაზე, ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ექსპერტის აზრით, პროექტი გარკვეული ხარვეზებით განხორციელდა, რის გამოც, ქვანაყარი ბერმის1 მოწყობის შემდეგ, გამაგრებული ზოლის მიმდებარედ, ეროზიული პროცესების ესკალაცია მივიღეთ. შეგახსენებთ, რომ ქვანაყარი ბერმა სარფის 1.8-კილომეტრიან სანაპირო ზოლზე მოეწყო. პროექტი ორწლიანი დაგვიანებით დასრულდა და მასში 56 მლნ ლარია გადახდილი. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. დღეს ეს ნაპირიც ზღვას თანდათან მიაქვს, რაც ნიშნავს, რომ დახარჯული მილიონებიც სანაპირო ზოლთან ერთად ირეცხება - 27 ნოემბერს მომხდარმა შტორმმა აღნიშნული სანაპიროც დააზიანა. სიტუაციის ამსახველ ვიდეოს მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.

ამდენად, ღონისძიებები პრევენციის მიზნით ან არ ხორციელდება, ან არასაკმარისი და ნაკლებად ეფექტურია. ეს ნიშნავს, რომ ზარალის შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

1 ქვანაყარი ბერმა - ფლეთილი ქვების ან ლოდებისგან მოწყობილი დამცავი ნაგებობა სანაპირო ზოლზე, რომელიც, შტორმის დროს, ნაპირს გამორეცხვისგან იცავს.

ფოტო: ბათუმის მერია


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი