მამუკა ხაზარაძე: ბოლო სამ წელიწადში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდა და ევროკავშირთან განახევრდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა ხაზარაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2020 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთში ექსპორტმა 351 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 59%-ით მეტი - 559 მლნ დოლარი. იმპორტი 108%-ით - 711 მლნ-დან 1.5 მლრდ-მდე, მთლიანი სავაჭრო ბრუნვა, შესაბამისად - 92%-ით 1.1 მლრდ-დან 2.1მლრდ-მდე.
2020-2023 წლებში (იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით) ევროკავშირში ექსპორტი 7%-ით - 573 მლნ-დან 612 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ევროკავშირიდან იმპორტი 97%-ით - 1.6 მლრდ-დან 3.1 მლრდ-მდე, სავაჭრო ბრუნვა 73%-ით - 2.1 მლრდ-დან 3.7 მლრდ-მდე.
საანგარიშო პერიოდში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის გაორმაგდა, თუმცა ევროკავშირთან არათუ განახევრდა, მნიშვნელოვნად - 73%-ითაც გაიზარდა (განახევრება არ ფიქსირდება, არც ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით, არც წილობრივად მთლიან სავაჭრო ბრუნვაში), რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი:
პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, პარტიის თბილისის კონფერენციაზე რუსეთზე სავაჭრო დამოკიდებულების ზრდაზე ისაუბრა და განაცხადა: „ბოლო სამ წელიწადში ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორს გაიზარდა 2-ჯერ, როცა ვაჭრობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შემცირდა 2-ჯერ“.
საქართველოს ევროკავშირთანაც და დსთ-სთანაც, რომლის წევრიცაა რუსეთი, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება აკავშირებს, თუმცა რადგან ქართული პროდუქციის დიდი ნაწილი ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივადაა გამოყენებული. რუსეთის შემთხვევაში პოლიტიკური რისკების პრობლემაა. 2006-2012 წლებში ქართული პროდუქციის უმეტესობაზე ემბარგო იყო დაწესებული, დღეს ეს ემბარგო გაუქმებულია. ტარიფები ცალკეულ პროდუქციაზე მაინც მოქმედებს, 2023 წლის იანვრიდან რუსეთმა ქართულ ფეროზე საბაჟო გადასახადი აამოქმედა, რამაც მისი ექსპორტი არაკონკურენტუნარიანი გახადა, ადგილობრივი წარმოების დაცვის მოტივით დროებითი მოსაკრებელი რუსულ ფქვილზე ქართულმა მხარემაც აამოქმედა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, თანხობრივად სავაჭრო ბრუნვა იზრდებოდა როგორც ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან. ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან იმპორტის ზრდის ტემპი დაჩქარდა, რაც დიდწილად ნავთობპროდუქტებს უკავშირდება, სანქციების მიზეზით რუსეთი ნედლ ნავთობსაც და ნავთობპროდუქტებსაც ფასდათმობით ყიდის, რის გამოც საქართველოში მოხმარებული რუსული საწვავის წილი გაიზარდა.
გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მარცხნივ) და ევროკავშირთან (მარჯვნივ) იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მთლიან საანგარიშო პერიოდში, თანხობრივად ზრდა ფიქსირდება რუსეთთანაც და ევროკავშირთანაც, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ევროკავშირში ექსპორტი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ გაზრდილია 2020-თან შედარებით, ამასთან მამუკა ხაზარაძე „ვაჭრობას“ ახსენებდა და არა ექსპორტს, ვაჭრობა კი თავის თავში იმპორტსაც შეიცავს.
2023 წლის ექსპორტის კლებასაც თავის ახსნა აქვს. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირში ექსპორტზე 25 მლნ დოლარის ფეროშენადნობები და 363 მლნ დოლარის სპილენძის მადნები გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3 მლნ-ის ფეროშენადნობები და 274 მლნ-ის სპილენძის მადნები. ორივე ამ პროდუქტის ჯამური ექსპორტი 100 მლნ დოლარზე მეტით შემცირდა. აღნიშნული გლობალურ ბაზარზე მოთხოვნისა და ფასების კლებითაა გამოწვეული.
2020 წლის იანვარ-ოქტომბრის ადგილობრივმა ექსპორტმა (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) რუსეთში 320 მლნ შეადგინა, 2023 წლის იმავე პერიოდში 42%-ით მეტი - 455 მლნ, ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტი 1%-ით - 501 მლნ-დან 497 მლნ-მდე შემცირდა. ევროკავშირთან ვაჭრობის განახევრება არც ამ დაშვებით დგინდება.
სავაჭრო ბრუნვა სხვა სახელმწიფოებთანაც იზრდებოდა, ზოგან შედარებით მაღალი, ხოლო ზოგან შედარებით დაბალი პროცენტული ტემპით. მამუკა ხაზარაძეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თუ წილობრივი ზრდა ან კლება იგულისხმა, არც ეს იქნება სწორი, რადგან წილობრივად ამ პერიოდში ბევრი არაფერი შეცვლილა. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ევროკავშირის წილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 23.2%-ს შეადგენდა, 2023 წლის 10 თვეში ის 20.6%-მდე შემცირდა, რაც კლებაა, მაგრამ არა განახევრება. იმავე პერიოდში 11.7%-დან 11.5%-მდე შემცირდა რუსეთის წილიც.
გრაფიკი 2: სავაჭრო ბრუნვა წილობრივად
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2020-2023 წლებში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 92%-ით გაიზარდა, რაც შეიძლება გაორმაგებად მივიჩნიოთ. რუსეთის მსგავსად და მამუკა ხაზარაძის ნათქვამის საპირისპიროდ, სავაჭრო ბრუნვა, როგორც ექსპორტი ასევე იმპორტი, გაზრდილია ევროკავშირთანაც. ადგილობრივ ექსპორტში უმნიშვნელო 1%-იანი კლება ფიქსირდება. მცირედი კლება აღინიშნება წილობრივადაც, თუმცა თუ საკითხს ასე დავაყენებთ, მაშინ არათუ გაორმაგება, კლებაა რუსეთთანაც.
მამუკა ხაზარაძის განცხადება რუსეთსა და ევროკავშირს ეხებოდა. რუსეთის შემთხვევაში ლელოს დამფუძნებელი მართალია, ევროკავშირის შემთხვევაში ცდება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრმა“ მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.