დავით კირკიტაძე: რეკლამის აკრძალვის მიუხედავად, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის სიმართლე.
აზარტული თამაშების შესახებ კანონმდებლობა 2022 წლის მარტიდან გამკაცრდა. გამკაცრების ერთ-ერთ პუნქტს რეკლამის აკრძალვა წარმოადგენდა. მოტივად აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირება დასახელდა.
2021 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ (დადებული ფსონების ჯამმა) 48.1 მლრდ ლარი შეადგინა, 2022 წელს 10%-ით მეტი - 52.9 მლრდ ლარი. 2023 წლის პირველ ნახევარში კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპი 20%-ს გადასცდა.
2021 წელს ტელევიზიებმა 80 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღეს, მათ შორის - აზარტული თამაშებიდან - 17.9 მლნ ლარი. 2022 წელს სარეკლამო შემოსავლები 73.6 მლნ ლარამდე შემცირდა, საიდანაც აზარტული თამაშების წილი მხოლოდ 4.8 მლნ ლარი იყო (იანვარ-თებერვლის ხარჯზე).
რეგულაციების გამკაცრების წელს, აზარტული თამაშების ბრუნვა არ შემცირებულა, შემცირდა მხოლოდ ზრდის ტემპი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეკლამების აკრძალვის გარდა, სხვა შეზღუდვებიც ამოქმედდა: ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა, საჯარო პირებს თამაში აეკრძალათ... რომელმა შეზღუდვამ რა ზეგავლენა იქონია სექტორზე უცნობია. გაცხადებული მიზანი რომ მიუღწეველი დარჩა, ეს 1.5 წლის შემდეგ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა, როდესაც სექტორისთვის მოგების გადასახადისა და მოგებული თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა დააანონსა.
რეკლამის აკრძალვამ სფეროზე მხოლოდ მინიმალურად მოახდინა გავლენა, საპასუხოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავლები, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ დავით კირკიტაძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მედიის შემოსავლების კლებაზე ისაუბრა და მის მიზეზად 2022 წელს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილება დაასახელა: „სათამაშო ბიზნეს მედიაში აეკრძალათ რეკლამები, ამას ჰქონდა დიდი ეფექტი მედიის დაფინანსების მხრივ, ხოლო შემოსავლები ამ ბიზნესში კიდევ უფრო გაიზარდა. ანუ არავითარი ეფექტი, რომ მოთამაშეების რაოდენობა შემცირებულიყო ან თანხის ბრუნვა არ გვქონდა. ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ისედაც შემცირებული სარეკლამო ბაზარი თავისუფალი მედიისთვის კიდევ უფრო შემცირებულიყო... ახლა თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი არის ბიუჯეტში დამატებითი თანხის აკუმულირება და არავითარი თამაშებზე დამოკიდებულების შემცირებაზე არ ფიქრობთ.“
2022 წლამდე, სანამ აზარტულ თამაშებზე რეგულაციები გამკაცრდებოდა, სექტორი ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად მიიჩნეოდა. თუ 2011 წელს აზარტული თამაშების ბრუნვა (დადებული ფსონების ჯამი) 424 მლნ ლარს შეადგენდა და ბიზნესის ბრუნვის 1.2%-ს უდრიდა, 2016 წელს მისი მოცულობა თანხობრივად 5.5 მლრდ-მდე, წილობრივად კი 8.6%-მდე გაიზარდა. კიდევ 5 წლის შემდეგ, 2021 წელს აზარტული თამაშების ბრუნვის მოცულობამ 48 მლრდ ლარს გადააჭარბა - მთლიანი ბიზნესის ბრუნვის 32%-ს. 2020 წელს, როდესაც თითქმის 10 თვე (16 მარტიდან) კაზინოები ფიზიკური ფორმით დახურული იყო, ონლაინ კაზინოების ხარჯზე სექტორმა მაინც 6.2 მლრდ-იანი ზრდა აჩვენა.
გრაფიკი 1: აზარტული თამაშების ბრუნვა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წლის მარტიდან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირების მოტივით კანონმდებლობა რამდენიმე მიმართულებით გამკაცრდა:
1) აიკრძალა რეკლამა;
2) ასაკობრივი ბარიერი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა;
3) სოციალურად დაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს აეკრძალათ აზარტული თამაშები;
4) აიკრძალა ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხვა;
5) აიკრძალა უცხოურ ონლაინ კაზინოებში რეგისტრაცია;
6) სურვილის შემთხვევაში მოთამაშეს საკუთარი თავის სპეციალურ რეესტრში დაბლოკვის საშუალება მიეცა;
7) გაიზარდა მოსაკრებელი;
8) გაიზარდა მოგებული თანხის გატანის საკომისიო.
ბრუნვის შემცირების ნაცვლად შედეგი მხოლოდ ზრდის ტემპის შემცირება გახდა. 2020 წელს აზარტული თამაშების ბრუნვა წინა წელთან შედარებით 24%-ით გაიზარდა, 2021 წელს - 49%-ით და 2022 წელს - 10%-ით. თუ სტატისტიკას უფრო დეტალურად კვარტალურ ჭრილში განვიხილავთ, გამკაცრებული რეგულაციების ეფექტი უფრო მცირე აღმოჩნდება.
გრაფიკი 2: აზარტული თამაშების ბრუნვა (მლრდ ლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშების ბრუნვა 27%-ით გაიზარდა, ამ დროს იანვარ-თებერვალში ძველი რეგულაციები მოქმედებდა, მარტში ახალი. მეორე კვარტალში ზრდის ტემპი 5%-მდე შემცირდა, მესამეში 4%-მდე, მეოთხეში 11%-მდე დაჩქარდა. უკვე 2023 წლიდან პირველ-მეორე კვარტალში ზრდის ტემპმა შესაბამისად 22%-სა და 27%-ს მიაღწია.
2022 წელს აზარტული თამაშების ბრუნვის წილი ბიზნესის მთლიან ბრუნვაში 32%-დან 29%-მდე შემცირდა, 2023 წლის პირველ ნახევარში ისევ 31%-ს გადასცდა.
კანონპროექტის განხილვის პროცესში, ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ხელისუფლებას მედიაზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებდა. მათი მტკიცებით, რეგულაციები რეალურ პრობლემას ვერ მოაგვარებდა და ის მედიასაშუალებები, რომლებსაც მთავრობა ვერ აკონტროლებდა, სარეკლამო შემოსავლის შემცირებით ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2021 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალმა 79.8 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 17.9 მლნ ანუ 22% აზარტულ თამაშებზე მოდიოდა. 2022 წელს ჯამური სარეკლამო შემოსავლები 73.6 მლნ-მდე შემცირდა, აზარტული თამაშების (იანვარ-თებერვალში) 4.8 მლნ-მდე.
გრაფიკი 3: შემოსავლები სატელევიზიო რეკლამებიდან წყაროების მიხედვით
წყარო: კომუნიკაციების კომისია
ონლაინ სააგენტოების სარეკლამო შემოსავლების შესახებ კომუნიკაციების კომისია ინფორმაციას არ ფლობს და არც სხვა სანდო კვლევაა ხელმისაწვდომი, თუმცა აზარტული თამაშების სპეციფიკიდან გამომდინარე, მათთვისაც სექტორიდან მიღებული შემოსავლის წილი მაღალი უნდა ყოფილიყო.
დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2022 წელს მიღებულ ცვლილებების მსგავსი კანონ-პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ ჩააგდო. პირველად ეს 2013 წელს მოხდა, როდესაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარდაჭერილი დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციირებული კანონპროექტი ჩააგდო. ინიციატივა იმ შემთხვევაშიც რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა და არა კაზინოების სრულად დახურვას, მაშინ საბოლოო მხარდაჭერაზე უარი „სარეკლამო ბიზნესის არდაზიანების“ მოტივით ითქვა. საინვესტიციო გარემოს დაზიანების რისკზე გაამახვილა ყურადღება ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა.
2017 წლიდან მოყოლებული კანონის გამკაცრებას დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც ითხოვდა. 2019 წელს პარლამენტმა მისი ინიციატივაც ჩააგდო.
2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებები სხვა დამატებით შეზღუდვებთან ერთად, პრაქტიკულად აერთიანებს როგორც კობა დავითაშვილის, ასევე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტებს.
2022 წელს აზარტული თამაშების ბრუნვა ვერა, მაგრამ ბრუნვის ზრდის ტემპი დროებით შემცირდა, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა> ამ კლებაში რა წილი ჰქონდა რეკლამების აკრძალვას, რა ასაკობრივი ბარიერის გაზრდას, რა საჯარო მოხელეებისთვის თამაშის აკრძალვას და რა სხვა დამატებით რეგულაციებს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაცხადებული მიზანი მიუღწეველი დარჩა და აზარტული თამაშების ბრუნვა მართალია შედარებით დაბალი პროცენტული ტემპით, მაგრამ მაინც გაიზარდა.
10 ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 10 793 პირია რეგისტრირებული - 40 მოსამართლის გადაწყვეტილებით და 10 753 საკუთარი სურვილით. ეს ადამიანები თამაშს ვეღარ შეძლებენ, მაგრამ მსგავსი რეესტრის შექმნა რეკლამის აკრძალვის გარეშეც შეიძლებოდა, ისევე როგორც რეკლამის აკრძალვის გარეშე შეიძლებოდა ასაკობრივი ბარიერის აწევა ან სხვა დამატებითი რეგულაციის მიღება.
რადგან რეკლამის აკრძალვის მიუხედავად, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აზარტული თამასების ბრუნვა მაინც გაიზარდა და პარალელურად ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, „ფაქტ-მეტრმა“ დავით კირკიტაძის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.