ირაკლი ღარიბაშვილი: „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

„Heritage Foundation“ მსოფლიოს 180-მდე სახელმწიფოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 12 პარამეტრით ზომავს. საქართველო 2023 წლის ანგარიშში მსოფლიოში 35-ე და ევროპაში 21-ე ადგილს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში იკავებს, რაც შეესაბამება პრემიერის მიერ დასახელებულ მონაცემებს.

საერთო რეიტინგში მეტ-ნაკლებად კარგი პოზიციის მიუხედავად, დინამიკაში პოზიციების გაუარესება თვალსაჩინოა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილს ყურადღება არ გაუმახვილებია. 2021 წელს საქართველო მსოფლიოში მე-12 და ევროპაში მე-7 ადგილს მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში იკავებდა. ამავდროულად, ნომინალური ქულის შემცირებას დიდწილად პანდემიის პირობებში სახელმწიფოს გაზრდილი როლი განაპირობებს, რაც თავისუფლებაზე უარყოფითად აისახებოდა და შესაბამისად, სხვა ქვეყნებისთვისაც ქულის შემცირებას განაპირობებდა. საქართველოს შემთხვევაში ეს რეიტინგში ადგილის დაკარგვაშიც გამოიხატა, რაც ნიშნავს, რომ გაუარესება ჩვენთან უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ქულის შემცირებას ნაწილობრივ DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაც განაპირობებს.

პრემიერის ნათქვამი ფორმალურად სწორია, საქართველო ევროპაში მართლაც 21-ე ადგილზე იმყოფება და ევროკავშირის 11 სახელმწიფოს უსწრებს, თუმცა ბოლო 2 წელიწადში ევროპაში 14 ადგილით (მსოფლიოში 23 ადგილით) დაქვეითებისა და სარეიტინგო ქულის შემცირების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბერში თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა რეიტინგებზე და ინდექსებზე ისაუბრა, მათ შორის შეეხო ეკონომიკური თავისუფლების მდგომარეობასაც და განაცხადა: „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს“.

„Heritage Foundation“ მსოფლიოს 180-მდე სახელმწიფოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს ოთხ ჯგუფში გადანაწილებული 12 პარამეტრით ზომავს. თითოეული პარამეტრი 0-დან 100 ქულით ფასდება, სადაც 0 ყველაზე ცუდია, 100 საუკეთესო. 2023 წლის ანგარიში 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის ივლისამდე პერიოდს აანალიზებს. ფონდი ძირითადად მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კვლევების ანალიზს აწარმოებს. თავის მხრივ საერთაშორისო ფინანსური კვლევას ინსტიტუტები კვლევას ადგილობრივი ცენტრალური ბანკებისა და სტატისტიკის სამსახურებზე დაყრდნობით ატარებენ.

2023 წლის მდგომარეობით, პირველ ადგილზე 83.9 ქულით სინგაპურია, ბოლო 176-ე ადგილზე 2.9 ქულით - ჩრდილოეთ კორეა. საქართველო 68.7 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილს, ხოლო ევროპაში 21-ე პოზიციას იკავებს.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს: სლოვენიას, პოლონეთს, მალტას, ბელგიას, ხორვატიას, ესპანეთს, რუმინეთს, უნგრეთს, საფრანგეთს, იტალიასა და საბერძნეთს.

2023 წელს საერთო რეიტინგში 35-ე ადგილით საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში მოხვდა, 2022 წელს 26-ე ადგილს იკავებდა და მეტწილად თავისუფალ ქვეყანათა ჯგუფში იმყოფებოდა, ისევე როგორც 2020-2021 წლებში, როდესაც მე-12 პოზიციას იკავებდა.

ცხრილი 1: საქართველო Heritage Foundation-ის კვლევაში

წყარო: heritage.org

როგორც პოზიციით, ასევე ქულით საქართველომ 2023 წელს 2007 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. საქართველოს პოზიცია ბოლო 2 წელიწადში 23 ადგილითა და 8.5 ქულით გაუარესდა.

2023 წელს, 2022-თან შედარებით საქართველომ 12-დან 8 პარამეტრში გაუარესება აჩვენა, ორში პროგრესი, ორში ქულა შეინარჩუნა.

ცხრილი 2: საქართველო Heritage Foundation-ის კვლევაში

წყარო: heritage.org

ყველაზე დიდი ვარდნა ფისკალურ სიჯანსაღესა და საკუთრების უფლების მიმართულებებით ფიქსირდება, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფინანსური თავისუფლების მხრივ, უმნიშვნელო წინსვლა კი შრომის ძალის თავისუფლების კუთხით აღინიშნება. ფისკალური სიჯანსაღის ქულაზე უარყოფითი გავლენა პანდემიის შედეგად გაზრდილმა სახელმწიფო ვალმა და მთავრობის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში უფრო მაღალმა მონაწილეობამ გამოიწვია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა მეტ-ნაკლებად კარგადაა დაცული, საკუთრების უფლებაც მსოფლიო საშუალოსთან შედარებით მაღალია. ანგარიშის თანახმად, რეგულაციები მოქნილია და ფასებს უმრავლეს შემთხვევაში ბაზარი ადგენს. ეკონომიკური ნაწილი 2021 წლის მონაცემებს ეყრდნობა, ბიუჯეტის დეფიციტად 5.7ი-ია მითითებული, ინფლაციად 9.6%, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 49%-ითაა შეფასებული.

საქართველოს საუკეთესო ქულა 2021 წლის ანგარიშში გააჩნდა, მას შემდეგ თითქმის ყველა მიმართულებით რეიტინგის გაუარესება ფიქსირდება.

ქულების გაუარესება ნაწილობრივ პანდემიასა და კოვიდრეგულაციებს უკავშირდება (კვლევა წინა პერიოდის მონაცემების ანალიზს ეყრდნობა), იმავე მიზეზით ქულები სხვა სახელმწიფოთა უმრავლესობასაც დაკლებული აქვს.

ქულების დაკარგვა შეიძლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებითაც აიხსნას. 2014 წელს თავისუფალი ვაჭრობისა და შემდგომში უვიზოდ მიმოსვლის სანაცვლოდ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციას დათანხმდა, რაც თავის მხრივ გარკვეული რეგულაციების დაწესებასა და არსებული რეგულაციების გამკაცრებასაც გულისხმობდა, თუმცა ეს გარემოებაც სრული სურათის მხოლოდ ნაწილია. პირველი ათეულიდან 6 სახელმწიფო: ირლანდია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, დანია და შვედეთი ევროკავშირის წევრია. გაერთიანების წევრი არაა, მაგრამ შენგენის ზონაში შედის შვეიცარია, რომელიც მოცემულ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და სინგაპურს მხოლოდ 0.1 ქულით ჩამორჩება. მაღალი გადასახადებითა და რეგულაციებით ცნობილი ნორვეგია მე-12 ადგილს იკავებს, გერმანია მე-14 ადგილს, გარდა ამისა საკუთრების უფლებასა (შეიცავს ინტელექტუალურ საკუთრებასაც) და სასამართლოს ეფექტიანობაში ქულების დაკარგვა ასოცირების ხელშეკრულებას ვერ დაუკავშირდება.

ევროკავშირში რეგულაციების ზომა, უმრავლეს შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე დღეს საქართველოში. მათი ნაწილი სახელმწიფოების დონეზე ინდივიდუალურადაა მიღებული, ნაწილი საერთო ევროპულია. ბრიუსელთან სამომავლოდ მეტი დაახლოება საქართველოს სამომავლოდ დამატებითი რეგულაციების მიღების ვალდებულებას გაუჩენს, რამაც შესაძლოა რამდენიმე შემთხვევაში ქულების დაკარგვა გამოიწვიოს და თუ სხვა პუნქტების მიმართულებით მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მხოლოდ ქულების დაკარგვა საერთო რეიტინგში საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო გააუარესებს.

პოზიციების დათმობის მიუხედავად, საქართველო მეზობელ სახელმწიფოებს მაინც მნიშვნელოვნად უსწრებს. სომხეთი 2023 წლის მდგომარეობით, 50-ე ადგილზე იმყოფება, აზერბაიჯანი 75-ეზე, თურქეთი 104-ეზე და რუსეთი 125-ეზე.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საქართველო „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროპაში ნამდვილად 21-ე ადგილზე (მსოფლიოში 35-ეზე) იმყოფება და ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოსაც უსწრებს, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია დაღმავალი დინამიკაც, კერძოდ ის, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველო მსოფლიოში 23 ადგილით, ხოლო ევროპაში 14 ადგილით დაქვეითდა. სწორად დასახელებული მონაცემისა და გაუარესებული ტენდენციის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5311 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი