სალომე სამადაშვილი: გასული 12 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 590 მლნ-მდე გაზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება, დარგის ხვედრითი წილი კი 7%-მდე შემცირდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე: სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო. თუ 2011 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 85.1 მლნ ლარი იყო, მიმდინარე წელს ის 698.6 მლნ ლარს შეადგენს, უფრო მეტს ვიდრე განცხადების ავტორი ასახელებს. რადგან სამინისტრო ორ მიმართულებას ერთად მოიცავს, სალომე სამადაშვილი შესაძლოა უშუალოდ სოფლის მეურნეობის დაფინანსებას გულისხმობდეს.
რაც შეეხება განცხადებაში დასახელებულ მეორე მონაცემს - სოფლის მეურნეობის წილს მთლიან შიდა პროდუქტში, 2012 წელს აღნიშნული მონაცემი 9.2% იგო, გასულ წელს, წინასწარი მონაცემებით, 7% შეადგინა. შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის წინსვლის შესაფასებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სოფლის მეურნეობის რეალური ზრდაა, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა აღნიშნულ წლებში განსხვავებული ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება. ამ მონაცემს სალომე სამადაშვილი ყურადღების მიღმა ტოვებს, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების სრულად გაანალიზებას ხელს უშლის. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
პარლამენტის სხდომაზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „გასული 12 წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ 590 მლნ-მდე გაზარდა [ დაფინანსება], ფული რომელიც იხარჯება სოფლის მეურნეობის განვითარებაში, ოღონდ სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 9.6%-დან შემცირდა 7%-მდე“.
სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო. 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 85.1 მლნ ლარი იყო, უკვე 2012 წელს დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა - 212.8 მლნ ლარამდე, რამაც ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 2.6% შეადგინა, წინა წელს იგივე მაჩვენებელი 1.4% იყო. მომდევნო წლებში - 2018 წლამდე, სამინისტროს ბიუჯეტის ნომინალური მაჩვენებელი მზარდი იყო, მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით კი ერთიანი ტენდენცია არ იკვეთება. 2018 წლიდან მოყოლებული ბიუჯეტი ნომინალში სულ მზარდია, ფარდობითი მაჩვენებელიც მიმდინარე წლამდე იზრდებოდა. თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვაც შეუერთდა და შესაბამისად, 2019-2023 წლების ბიუჯეტი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ნაერთი ბიუჯეტია.
გრაფიკი1: სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 2011-2023 წლებში (მლნ ლარი), წილი მთლიან ბიუჯეტში
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტი
მეორე მონაცემი რაზეც განცხადების ავტორი ყურადღებას ამახვილებს, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილია. 2012 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.2% იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს აღნიშნული მონაცემი 9.6%-მდე გაიზარდა, მომდევნო წელსაც ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2015, 2016, 2017 წლებში სოფლის მეურნეობის წილში კლების ტენდენცია გვაქვს, მომდევნო წლებში უკვე გამოკვეთილი ტენდენცია არ იკვეთება, განსახილველი მონაცემი წლების მიხედვით, ხან იზრდება, ხან კლებულობს. 2022 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, წინასწარი მონაცემით, 7.0%-ია, ისევე როგორც 2021 წელს. შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2012 წელს უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასულ წელს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი დაფინანსების და სოფლის მეურნეობის დარგის პრიორიტეტულად გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე სოფლის მეურნეობის გავლენა ნაკლებია, ანუ ეკონომიკის სხვა დარგები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე სოფლის მეურნეობა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ზომაში სოფლის მეურნეობის წილი დაბალია და, სავარაუდოა, რომ საქართველოს ეკონომიკაში, მის ზრდასთან ერთად, სოფლის მეურნეობის წილიც ასევე შემცირდება.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობის წინსვლის შესაფასებლად მნიშვნელოვანი ინდიკატორი რეალური ზრდის ტემპია, ანუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ინფლაციის ეფექტის გარეშე.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 2.9% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის მთლიანი გამოშვება წინა წელთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2011 წელს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა 9% იყო, 2012 წელს სოფლის მეურნეობის გამოშვება 5%-ით შემცირდა. ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 და 2018 წლებში დაფიქსირდა, როდესაც რეალურმა ზრდამ შესაბამისად, 13.3% და 13.8% შეადგინა, თუმცა ორივე ამ ზრდას წინ უსწრებდა შესადარებელ პერიოდში (წინა წელს) დაფიქსირებული მნიშვნელოვანი შემცირება, რამაც, როგორც საბაზო ეფექტმა, შესაძლოა მაჩვენებელზე თავისი გავლენა მოახდინა და რეალური სურათი გადაჭარბებულად წარმოაჩინა. 2014, 2015, 2016, 2017 წლებში სოფლის მეურნეობა მცირდებოდა, 2018 წელს, როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა. ზრდის ტენდენცია 2019, 2020, 2021, 2022 წლებშიც შენარჩუნდა.
გრაფიკი 2: სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, რეალური ზრდა
წყარო: საქსტატი, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)
სალომე სამადაშვილი განცხადებაში მონაცემებს თითქმის ზუსტად ასახელებს (გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე განმცხადებელი ამბობს. შესაძლოა ის, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის დარგის დაფინანსებას გულისხმობდეს), თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს სოფლის მეურნეობის წინსვლის შესაფასებლად არსებულ მეორე მნიშვნელოვან ინდიკატორს - სოფლის მეურნეობის რეალურ ზრდას, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა აღნიშნულ წლებში განსხვავებული ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.