2023 წლის ოქტომბერში თბილისში ყაზახეთის რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, მასში მონაწილეობა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც მიიღო. „ფაქტ-მეტრი“ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკით დაინტერესდა. 9 თვეში ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვა 197%-ით გაიზარდა, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებითაც შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც ზრდა ფიქსირდება.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ცნობები 1995 წლიდან მოიპოვება.

საქართველოს ყაზახეთთან, ისევე როგორც დსთ-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს და პროდუქციის უმრავლესობა იმპორტის დროს ორივე მხრიდან ტარიფებისგან გათავისუფლებულია, ამის მიუხედავად ექსპორტი ყაზახეთში მხოლოდ ბოლო ორ წელს გაიზარდა, ყაზახეთიდან იმპორტი კი ისევ მინიმალურ დონეზე ნარჩუნდება.

ყაზახეთის წილი საქართველოს ექსპორტში 2023 წლამდე საშუალოდ მთლიანი ექსპორტის 2%-ის ფარგლებში მერყეობდა, (1995-2003 წლებში 1.1%-ის ფარგლებში, 2003-2012 და 2012-2022 წლებში 2.5%-ის ფარგლებში). გამონაკლისს 2011 წელი წარმოადგენდა, როდესაც ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე ექსპორტი ყაზახეთში 3-ჯერ - 156 მლნ-მდე გაიზარდა, რაც იმდროინდელი მთლიანი ექსპორტის 7.2%-ს შეადგენდა, მომდევნო 2012 წელს პროდუქციის გაყიდვები ყაზახეთში ისევ 62 მლნ-მდე შემცირდა.

თითქმის 2.5-ჯერ, 96-დან 238 მლნ-მდე, გაიზარდა ექსპორტი 2022 წელსაც, ამჯერად ავტომობილებთან ერთად ზრდა თამბაქოს ნაწარმმა და მინერალურმა წყლებმაც აჩვენა. მიმდინარე წლის 9 თვეში ყაზახეთში ექსპორტმა 504 მლნ-ს მიაღწია, რაც 2019-2022 წლების ჯამურ მაჩვენებელზე მეტია. ექსპორტის 80% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რაც შინაარსობრივად რეექსპორტია და არა წმინდა ექსპორტი.

2021 წელს საქართველომ ყაზახეთში სულ 2280 ავტომობილი გაყიდა, 2022 წელს 7352, 2023 წლის 9 თვეში კი 26 580, ანუ 11.7-ჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს. რაოდენობასთან ერთად, 2021 წელთან შედარებით, 1 ავტომობილის საშუალო საექსპორტო ღირებულება 52%-ით და 2022 წელთან შედარებით 10%-ით - 15 600 დოლარამდეა გაზრდილი.

გრაფიკი 1: ექსპორტი ყაზახეთში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

15 წელზე მეტია, რაც ავტოექსპორტს ექსპორტის საერთო სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ხშირად ლიდერ პოზიციაზეც ყოფილა, თუმცა აქამდე 34%-იანი წილი არასდროს დაუკავებია. იანვარ-სექტემბერში საქართველომ მთელ მსოფლიოში ექსპორტზე სულ 4.6 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა, საიდანაც 1.6 მლრდ მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა. ყაზახეთის გარდა ექსპორტი გაზრდილია ყირგიზეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. აგვისტომდე, ანუ იქამდე, სანამ სანქციების მორიგი პაკეტი შევიდოდა ძალაში, ზრდა რუსეთის ბაზარზეც შეინიშნებოდა.

იმპორტში მსგავსი ზრდის დინამიკა არ ფიქსირდება. 1995-2022 წლებში ყაზახეთის წილი იმპორტში საშუალოდ 0.7%-ს შეადგენდა, მაქსიმალურ - 1.8%-იან მაჩვენებელს, 2010 წელს მიაღწია, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში კი 0.2%-მდე შემცირდა. საერთო ჯამში, ავტომობილების რეექსპორტის ზრდის ხარჯზე, 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა ყაზახეთთან 197%-ით - 525 მლნ დოლარამდე, გაიზარდა.

ყაზახეთის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებშიც თითქმის არასდროს ყოფილა მაღალი. 2005 წლამდე გრაფაში ნულები წერია. 2005-2022 წლებში ყაზახური ინვესტიციების წილი საშუალოდ 1%-ის ფარგლებში მერყეობდა და ზოგჯერ გადინებაც ფიქსირდებოდა. ერთადერთ გამონაკლისს 2006 წელი წარმოადგენს, როდესაც მისმა წილმა 13%-ს გადააჭარბა. აღნიშნული ერთჯერადი ნახტომისებური ზრდა 2006 წელს „თბილგაზის“ (2006 წლიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, 2019 წლიდან „თბილისი ენერჯი“) ყაზახური კომპანიის მიერ შეძენით იყო განპირობებული. სულ 2005-2022 წლებში ყაზახეთიდან 300 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 2006 წელს 161 მლნ-ის.

გრაფიკი 2: ინვესტიციები ყაზახეთიდან

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წლის პირველ ორ კვარტალში ყაზახეთიდან ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-დან 26 მლნ-მდე გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ინვესტიციების 2.4% შეადგინა, რაც მართალია თავისივე საშუალოს აღემატება, მაგრამ მაინც მცირეა.

საქართველოში მოქმედ ყაზახურ „ხალიკ ბანკის“ წილი როგორც სასესხო, ასევე სადეპოზიტო პორტფელში 2%-ზე ნაკლებია, „სილქნეტი“ სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, (ოპერირებს მობილურ ოპერატორის, ფიქსირებული ტელეფონის, საკაბელო ტელევიზიისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზარზე) თუმცა არა ახალი. სილქ როუდ ჯგუფი ფლობს აგრეთვე Radisson-ს სასტუმროებს თბილისსა და წინანდალში.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ პარამეტრებს, სამ კვარტალში 130 000 ვიზიტორით ყაზახეთი 2.7%-იანი წილით მე-6 ადგილზე იმყოფება. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, 75 000 ვიზიტორით მე-8 ადგილზე იმყოფებოდა.

6.1%-იანი წილით მესამე კვარტალში ყაზახეთმა მე-6 ადგილი დაიკავა ფულად გზავნილებშიც.

ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი პარამეტრებიდან თითქმის ყველაფერში ყაზახეთი ათეულშია, მაგრამ ტოპ ხუთში მხოლოდ ექსპორტში. საგარეო ვაჭრობა ძირითადად ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, როგორც აბსოლუტურ, ასევე წილობრივ მაჩვენებლებში, ზრდა სხვა მიმართულებებითაც შეინიშნება, განსაკუთრებით 2022-2023 წლებში, ოღონდ გაცილებით დაბალი ტემპით. 2023 წლის მდგომარეობით, დსთ-ს წევრი არამეზობელი ქვეყნებიდან, ეკონომიკურ ურთიერთობებში ყაზახეთი საერთო ჯამში პირველ ადგილს იკავებს.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი