თემურ ცამციშვილი: ზუსტად ორი წლის წინ, ამ ადგილზე იმერეთის გუბერნატორი, განათლების მინისტრის მოადგილე, სამტრედიის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდნენ და შეაფასეს, დაათვალიერეს დაწყებული რეაბილიტაცია აღნიშნული [დიდი ჯიხაიშის პროფესიული] სასწავლებლის. 5 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. მშენებლობა საერთოდ გაჩერებულია, პირიქით, დამხმარე ნაგებობები დაანგრიეს...
ვერდიქტი: თემურ ცამციშვილის განცხადება არის სიმართლე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში არსებული ნიკო ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის შენობის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ღირებულება 6 632 130 ლარი იყო, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა 2021 წლის 15 ოქტომბრამდე განისაზღვრა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდებოდა. კომპანიამ შენობის ნაწილის დემონტაჟი განახორციელა და სხვა სამუშაოებიც დაიწყო. მხარეებმა პროექტის ვადა არაერთხელ გაახანგრძლივეს. 2022 წლის აპრილში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, იმის გამო, რომ მიმწოდებელი ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებდა, ხელშეკრულება შეწყვიტა. ამ დროს კომპანიისთვის ანაზღაურებული ჰქონდა 3 432 520 ლარი. 2023 წლის ოქტომბერში კი ახალი ტენდერი გამოაცხადა, ოღონდ არა სამშენებლო სამუშაოებზე, არამედ კოლეჯის ადმინისტრაციული კორპუსისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის საჭირო საძიებო სამუშაოების ჩატარებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით. უნივერსიტეტი პოლიტიკოსის განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციაში ამბობს, რომ სიცრუეა, თითქოს პროექტი შეჩერებულია და თანხა დაკარგულია. თუმცა ფაქტია, რომ ახალი ტენდერის ტექნიკურ დავალებაში შემსყიდველი თვითონვე მიუთითებს, რომ შესყიდვა შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების აღრიცხვისა და არსებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულების მიზნით გამოცხადდა. უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, შემსყიდველმა 300 ათას ლარზე მეტი დაიბრუნა და კომპანიას კიდევ 0.8 მლნ ლარს ედავება. საქმე სასამართლოშია.
ჩვენ არ შევდივართ მსჯელობაში, არის, თუ - არა ეს კორუფცია, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რადგან საკითხით დაინტერესება და სიმართლის დადგენა შესაბამისი უწყების კომპეტენციაა. რაც შეეხება შენობის ნაწილის დემონტაჟისა და სხვა სამუშაოებისთვის გადახდილი თანხის მოცულობასა და პროექტის ხანგრძლივი დროით შეჩერებას,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თემურ ცამციშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა: „ზუსტად ორი წლის წინ ამ ადგილზე იმერეთის გუბერნატორი, განათლების მინისტრის მოადგილე, სამტრედიის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე მოვიდნენ და შეაფასეს, დაათვალიერეს დაწყებული რეაბილიტაცია აღნიშნული [დიდი ჯიხაიშის პროფესიული] სასწავლებლის. 5 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. მშენებლობა საერთოდ გაჩერებულია, პირიქით, დამხმარე ნაგებობები დაანგრიეს“...
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის 2020 წლის 29 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამოიყო დაფინანსება სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე პროფესიული კოლეჯის შენობის სრული რეაბილიტაციისთვის. ტენდერი 2020 წლის სექტემბერში გამოცხადდა. შპს „სამშენებლო კომპანია № 1“ ოთხ პრეტენდენტს შორის გამარჯვებულად მას შემდეგ დასახელდა, რაც ორ ყველაზე დაბალი ფასით მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. იმავე წლის 8 ოქტომბერს კომპანიასთან 6 632 130 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები 2021 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო.
მიღება-ჩაბარების აქტებითა და ექსპერტის დასკვნებით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადემონტაჟო სამუშაოები დაასრულა და სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო. თუმცა, მხარეების შეთანხმების საფუძველზე, პროექტის ჩაბარების ვადა არაერთხელ გახანგრძლივდა. საბოლოოდ კი, 2022 წლის 18 აპრილს, რექტორის ბრძანებით, კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. იმ დროს მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 3 432 520 ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი ღირებულების 52%-ია.
ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ თემურ ცამციშვილის პასუხად გავრცელებულ განცხადებაშივკითხულობთ, რომ კომპანიამ კოლეჯის კორპუსის მცირე ნაწილის დემონტაჟი მოახდინა და სამშენებლო ნარჩენები ტერიტორიიდან გაიტანა. უნივერსიტეტი უარყოფს პოლიტიკოსის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს და ამბობს, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა. თუმცა იმავე განცხადებაში თვითონვე ადასტურებს, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ განახორციელა. უნივერსიტეტი ასევე გვამცნობს, რომ უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული გამოვლინდება და ამის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება. შემსყიდველი არ აკონკრეტებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კოლეჯის ადმინისტრაციული კორპუსისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის საჭირო საძიებო სამუშაოების ჩატარებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოების დეტალური აღწერილობის მომსახურება უნდა შეისყიდოს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: უნივერსიტეტი ტექნიკურ დავალებაში თვითონვე წერს, რომ დოკუმენტაცია შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების აღრიცხვისა და არსებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულებისთვის სჭირდება და გამარჯვებულმა, ხარჯთაღრიცხვის გარდა, უნდა მოამზადოს დეფექტური აქტი არსებული შესრულებული სამუშაოების ხარისხის გათვალისწინებით, რაც უხარისხოდ შესრულებულის დემონტაჟსა და თავიდან შესრულებას გულისხმობს. . აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერის დროს გამოყენებული აზომვითი ნახაზები სტუ-ის არქიტექტურული უზრუნველყოფის ბიურომ მოამზადა. ჩვენ გვაინტერესებდა, რატომ ვერ მიიყვანა კომპანიამ სამუშაოები ბოლომდე და ხომ არ გახდა ამის მიზეზი ის პროექტი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, შპს „სამშენებლო კომპანია № 1-ის“ დოკუმენტაციაში მითითებულ ნომრებზე არავინ გვიპასუხა. უნივერსიტეტის განცხადებით, მიმწოდებელთან სასამართლო დავა აქვს. კომპანიამ, ჯარიმის სახით, 330 000 ლარი უკვე გადაიხადა. შემსყიდველი მას კიდევ 0.8 მლნ. ლარს ედავება.
ამასობაში კი კოლეჯის ადმინისტრაციული კორპუსისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის საჭირო საძიებო სამუშაოების ჩატარებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება 160 000 ლარია და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება, წინადადებების მიღება დასრულდა. ერთადერთი მონაწილე კომპანია იყო შპს „ვეგა +“, რომელმაც სავარაუდო ღირებულება თითქმის გაანახევრა და შემსყიდველს დოკუმენტაციის მომზადება 95 000 ლარად შესთავაზა. არსებული მდგომარეობით, მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცედურა. ტექნიკური დავალების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი ლევან იმედაძეა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, მფლობელს აკრძალული აქვს თბილისში მდებარე ბინის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. სამაგიეროდ, იპოთეკით დატვირთულია კომპანიის მთელი ქონება.
„ფაქტ-მეტრი“ ყურადღებით დააკვირდება აღნიშნულ კოლეჯთან დაკავშირებულ ტენდერებს და საჭიროების შემთხვევაში, თემას კვლავ დავუბრუნდებით.