სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, (1;2) რომლის მიხედვითაც ირანმა შურისძიების შავი დროშა აღმართა. „ირანში, მაშჰადში, იმამ რეზას მავზოლეუმზე შავი დროშა აღმართეს, რაც შურისძიების ან ომის მოწოდებას ნიშნავს“, - ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანში ეს დროშა აღიმართა, ვინაიდან იგი არა შურისძიების, არამედ გლოვის სიმბოლოა.
2023 წლის 18 ოქტომბერს იმამ რეზას მავზოლეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დროშა აღმართეს „საჯარო გლოვის“ მიზეზით, 17 ოქტომბერს ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებასთან დაკავშირებით.
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს (IRNA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ფოტოებსაც მოიცავს, შავი დროშა ყოველწლიურად აღიმართება, იმამ ჰუსეინის, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის გლოვის პერიოდის აღსანიშნავად.
საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ იმამ რეზას მავზოლეუმის გუმბათზე დღესასწაულების დროს მთელი წლის განმავლობაში დროშა რელიგიური მიზეზით რამდენჯერმე იცვლება.
ინფორმაცია ასევე გადაამოწმა როიტერის სააგენტომ. ისინი დაუკავშირდნენ საჯად რიზვის, ისლამური ინტელექტუალური ისტორიის პროფესორს ექსტერის უნივერსიტეტში, რომელმაც განაცხადა, რომ შავი დროშები, როგორც წესი, სალოცავებზე აღიმართება, როგორც გლოვის სიმბოლო. მუჰარამსა და სხვა დღეებში - წინასწარმეტყველისა და შიიტი იმამების გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად.
ამგვარად, მტკიცება, თითქოს ირანში აღმართული შავი დროშა „შურისძიების“ სიმბოლოა, ყალბია.
-------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.