ეკონომიკის სამინისტრო: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ [2017-2022] ჩინეთში ექსპორტი 265%-ით გაიზარდა და ექსპორტის სტრუქტურაც გაფართოვდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2018 წლის იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, 2017-2022 წლებში, ჩინეთში ექსპორტი 265%-ით - 202 მლნ-დან 736 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
2017 წელს ჩინეთში ექსპორტზე სულ 51 დასახელების პროდუქტი გავიდა, მათ შორის 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების 6 პროდუქტი, 2022 წელს სულ 107 დასახელების პროდუქტი, მათ შორის 1 მლნ-ზე მეტი ღირებულების 12 დასახელების პროდუქტი.
მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ზრდა მკაფიოა, ექსპორტი ჩინეთში 2018 წლამდეც იზრდებოდა. 2009 წელს ჩინეთში საქართველოდან სულ 6 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2013 წელს 34 მლნ-ის და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების წინა პერიოდში, 2017 წელს - 202 მლნ-ის.
რიცხობრივი სიზუსტის მიუხედავად, სრული კონტექსტის გაუთვალისწინებლობის გამო, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი: ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრომ პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გაზრდილ ექსპორტზეა გამახვილებული: „შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. აღინიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდგომ, ჩინეთისა და საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით, ექსპორტი კი265%-ითგაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა და ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოდან ახალი საექსპორტო პროდუქციები გამოჩნდა. ამავე დროს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ შეთანხმებას მეტი სარგებლის შეუძლია ორივე ქვეყნისთვის.“
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. 2017 წლის მდგომარეობით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 934 მლნ დოლარს შეადგენდა (202 მლნ დოლარი ექსპორტი და 732 მლნ დოლარი იმპორტი), 2022 წელს ბრუნვის მოცულობა 98%-ით, თითქმის 1.9 მლრდ-მდე გაიზარდა (737 მლნ ექსპორტი და 1.126 მლრდ იმპორტი). როგორც 2017, ასევე 2022 წლებში, სავაჭრო პარტნიორებში ჩინეთი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებდა, თუმცა წილი მცირედით 8.8%-დან 9.8%-მდე იყო გაზრდილი.
გრაფიკი 1: ექსპორტი ჩინეთში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საბაჟო გადასახადისგან ორივე მხარეს ათავისუფლებდა, თუმცა მოხდა ისე, რომ ექსპორტი 265%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი მხოლოდ 53%-ით, რის შედეგადაც სავაჭრო დეფიციტი 57%-დან 21%-მდე შემცირდა.
მთლიან ექსპორტთან ერთად, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალიც. კერძოდ, თუ 2017 წელს ექსპორტზე სულ 51 დასახელების პროდუქტი გავიდა, 2022 წელს ჩამონათალი 107-მდე გაიზარდა. გაორმაგებულია (6-დან 12-მდე გაიზარდა) იმ პროდუქტთა რაოდენობის ჩამონათვალიც, რომელთა საექსპორტო ღირებულებამაც წლიურად 1 მლნ დოლარს გადააჭარბა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების რიცხობრივი ნაწილი სრულად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა მხოლოდ ამ განცხადებით იქმნება მცდარი შთაბეჭდილება, რომ ექსპორტის ზრდა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დამსახურებაა. ექსპორტი წინა პერიოდშიც იზრდებოდა და ზოგ შემთხვევაში, უფრო სწრაფი ტემპითაც.
1995-2009 წლებში, ჩინეთში ექსპორტზე სულ 50 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა - მთლიანი ექსპორტის 0.56%. 2010 წელს ექსპორტი 4.5-ჯერ - 6 მლნ-დან 27 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ზრდის დინამიკა შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა და 2017 წელს 202 მლნ დოლარს მიაღწია.
2023 წელს ზრდის დინამიკა კლებით შეიცვალა. იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩინეთში ექსპორტი 54%-ით - 575-დან 267 მლნ დოლარამდე შემცირდა. თუ 2020-2022 წლებში ჩინეთი #1 საექსპორტო პარტნიორი იყო, 2023 წელს მეშვიდეზე გადავიდა.
გრაფიკი 2: ექსპორტი ჩინეთში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ჩინეთში ექსპორტის ვარდნის უმთავრესი მიზეზი სპილენძი მადნების ფასისა და მოთხოვნის კლება გახდა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთში 452 მლნ დოლარი სპილენძის მადნები გაიყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 62%-ით ნაკლების - 162 მლნ დოლარის. გასული წლის პირველ სამ კვარტალში ექსპორტზე სულ 189 ათასი ტონა მადანი გავიდა, მიმდინარე წელს მისი ნახევარი - 94 ათასი ტონა. საშუალოდ 24%-ით, 2395 დოლარიდან 1764 დოლარამდეა შემცირებული საექსპორტო ფასიც ტონაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი გაორმაგდა, სპილენძის მადნების წილი პრაქტიკულად არ შეცვლილა, 2017 წელს ის 81%-ს უდრიდა, 2022 წელს - 79%-ს, 64%-მდე მხოლოდ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში შემცირდა.
სპილენძის მადნების გარდა, 64 მლნ-დან 45 მლნ-მდე შემცირდა სხვა ძვირფასი ლითონების საექსპორტო ღირებულებაც. დანარჩენ პროდუქციაზე მცირე ცვლილებებს მთლიან ექსპორტზე არსებითი გავლენა აღარ მოუხდენია.
2023 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ჩინეთის წილი ექსპორტში 5.8%-ს შეადგენდა, უფრო ნაკლებს ვიდრე 2016 და 2017 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ მოქმედებდა.
თანხობრივი კლების გარდა, ჩინეთის წილი ექსპორტში სხვა ქვეყნებში, უმეტესწილად რეექსპორტის ხარჯზე გაზრდილმა ექსპორტმაც შეამცირა.
საერთო ჯამში, სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში რიცხობრივად ყველა მონაცემი სიმართლეს შეესაბამება:
1) 2017-2022 წლებში სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთანგაორმაგდა;
2) ცალკე აღებული ექსპორტი 265%-ით გაიზარდა;
3) გაფართოვდა ექსპორტის სტრუქტურა.
სხვა საკითხია ის, რომ 2017-2022 წლების პერიოდი სრული სურათის ერთი მონაკვეთია. ექსპორტის ზრდა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დამსახურება არაა, გარდა ამისა, მთავრობისგან დამოუკიდებელი მიზეზებით (სპილენძის მადნებზე საქართველო გლობალურ მოთხოვნასა და ფასს ვერ განსაზღვრავს), 2023 წელს ჩინეთში ექსპორტი მაინც განახევრდა. რიცხობრივი სიზუსტის მიუხედავად, სრული კონტექსტის გაუთვალისწინებლობის გამო, „ფაქტ-მეტრმა“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.