რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის დღევანდელი ფორმით ამოქმედების შემდეგ სამომხმარებლო ფასები 164%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.

მეექვსე მოწვევის პარლამენტმა ძველი საგადასახადო კოდექსი 2004 წლის დეკემბერში დაამტკიცა, მას შემდეგ, 2005-2022 წლებში, სამომხმარებლო ფასები 167%-ით გაიზარდა. იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რისთვისაც 2004 წელს 40 000 ლარი იყო საკმარისი, 2022 წელს 107 000 ლარი გახდა საჭირო. შესაბამისად, 2022 წელს მიღებული 40 000 ლარი თავის მსყიდველუნარიანობით იგივეა, რაც 2004 წლის 15 000 ლარი.

2004-2022 წლებში, საშუალო ყოველთვიური ნომინალური დარიცხული (დაბეგვრამდელი) ხელფასი თითქმის 10-ჯერ, 157-დან 1543 ლარამდე, გაიზარდა. 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 17%-ით. ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ის 1805 ლარს გაუტოლდება.

2004 წლის შემდეგ საგადასახადო კოდექსი შეიცვალა, თუმცა ცვლილებები ქონების გადასახადს არ შეხებია, ისევე როგორც 19 წლის წინ, ახლაც ქონების გადახდის ვალდებულება უჩნდება პირს, რომლის ოჯახის დარიცხული შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ პირი ვინც 2022 წელს 40,000 ლარის შემოსავალს იღებს, 2.7-ჯერ ღარიბია, ვიდრე ის პირი ვინც 2004 წელს იღებდა 40,000 ლარს. ხელფასის შემთხვევაში საპენსიო შენატანისა და საშემოსავლო გადასახადის შემდეგ ეს თანხა 31 360 ლარამდე, თვიურად 2613 ლარამდე მცირდება.

რიცხობრივი სიზუსტისა და კონტექსტის მართებულობის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება როგორც სიმართლე ისე შეაფასა.

ანალიზი: 13 ოქტომბერს, BMG-ის ეთერში, გადაცემა „ანალიტიკა“-ში, დეპუტატმა და საპარლამენტო ჯგუფ ევროოპტიმისტების წევრმა რომან გოცირიძემ ქონების გადასახადის დაგეგმილ რეფორმაზე და მინიმალური ცენზის აწევის აუცილებლობაზე ისაუბრა (2:59-დან): „დღევანდელი 40 000 ლარი არის დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები, ვიდრე იყო იმ კანონის მოქმედების პირობებში, როდესაც ჩვენ ის მივიღეთ, 164%-ით გაიზარდა ფასები იმ წელთან შედარებით, მაშინ საშუალო ხელფასი იყო სადღაც 160 ლარი, დღეს არის 1700 ლარი“.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირებას საგადასახადო ლიბერალიზაცია წარმოადგენდა. ახალი საგადასახადო კოდექსი 2004 წლის დეკემბერში მიიღეს, რომელიც 2005 წლის იანვრიდან ამოქმედდა. გადასახადების საერთო რაოდენობა 21-დან 6-მდე შემცირდა. მათგან ერთ-ერთი ქონების გადასახადი იყო. ქონების გადასახადს იხდიდა იურიდიული პირი და ის ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური დარიცხული (დაბეგვრამდელი) შემოსავალი 40 000 ლარს აღემატებოდა.

ქონების გადასახადი თავისი არსით ე.წ. მდიდრების გადასახადია. სახელმწიფო ბეგრავს მათ, ვისაც მდიდრებად მიიჩნევს. დაბეგვრის ობიექტს უძრავი ქონება (სახლი, მიწის ნაკვეთი, აგარაკი, სხვადასხვა ტიპის შენობა ნაგებობები) თვითმფრინავები და იახტები წარმოადგენს. 2010 წელს მიღებული ახალი კოდექსით ჩამონათვალს მსუბუქი ავტომობილიც დაემატა.

2004 წელს, პირობით ქვედა ზღვრად წლიური 40 000 ლარის შემოსავალი იქნა მიჩნეული. განსხვავებული, კიდევ უფრო მაღალი განაკვეთით[1] იბეგრებოდნენ ის ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალიც 100 000 ლარს აღემატებოდა.

დროთა განმავლობაში ინფლაციამ ფულის ღირებულება შეამცირა. 2005-2022 წლებში სამომხმარებლო ფასები 167%-ით გაიზარდა. 2022 წელს მიღებული 40 000 ლარი თავის მსყიდველუნარიანობით იგივეა, რაც 2004 წლის 15 000 ლარი და მაშინდელი 40 000 ლარი იგივეა, რაც დღევანდელი 107 000 ლარი. სხვა სიტყვებით, თუ 2004 წელს მთავრობა 39,999 ლარის შემოსავლის მქონე ადამიანს არასაკმარისად მდიდრად თვლიდა და მას ქონების გადასახადს არ აკისრებდა, დღეს მას არათუ მდიდრად[2], ძალიან მდიდრად თვლის და ქონების გადასახადის მეორე უფრო მაღალი განაკვეთით ბეგრავს.

გრაფიკი 1: შემოსავლის მოცულობა ცალკეული წლისათვის, რაც 2004 წლის 40,000 ლარის დონეზე მოხმარების შესანარჩუნებლად არის საჭირო (2004=100)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ბოლო 19 წელიწადში ქვეყანაში ადამიანთა რეალური და განსაკუთრებით ნომინალური შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა.

2004 წელს საშუალო დარიცხული (დაბეგვრამდელი) ხელფასი 157 ლარს შეადგენდა. 2022 წელს 1543 ლარს. საპენსიო შენატანისა და 20%-იანი საშემოსავლო დაქვითვის გათვალისწინებით, 1210 ლარამდე, რაც 9-ჯერ მეტია 2004 წლის ხელზე ასაღებ საშუალო ხელფასთან შედარებით.

2023 წლის პირველ კვარტალში ხელფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 19%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 17%-ით გაიზარდა. თუ დავუშვებთ, რომ წლიური ზრდაც 17% იქნება, მაშინ 2023 წლის საშუალო ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 1805 ლარს გაუტოლდება, რაც ხელზე ასაღებ 1415 ლარს უდრის და 2004 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10.6-ჯერ მეტია (2004 წლის კვარტალური მონაცემი არ არსებობს, შესაბამისად, კვარტლები ერთმანეთთან ვერ შედარდება).

უკვე 2023 წლის მაგალითზე, ტიპურ ოთხსულიან ოჯახში (დედა, მამა და ორი შვილი) თუ მშობლები დასაქმებულები არიან და თითოეულის ანაზღაურება საშუალო ხელფასს უთანაბრდება, ამ ოჯახს უკვე ქონების გადასახადის ვალდებულება უჩნდება.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წლიურად 43 200 ლარი და მეტი (40 000 ლარზე მონაცემი არ იძებნება) ხელფასი 171 ათას პირს გააჩნდა, 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით (უფრო ძველი მონაცემი არ იძებნება) კი 49 ათას პირს. მხოლოდ 2013-2022 წლებში ხელფასის მიხედვით ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე პირთა რაოდენობა დაახლოებით 3.5-ჯერ გაიზარდა. ტენდენცია შეუქცევადია. ქონების გადასახადი იჯარიდან და დივიდენდებიდანაც განისაზღვრება, მაგრამ 2022 წლის მდგომარეობით, მათ 89%-ს აღნიშნული ვალდებულება ხელფასიდან წარმოეშობოდათ.

სამომხმარებლო ფასები 2005-2022 წლებში 167%-ით გაიზარდა. ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელი 40 000 ლარი მსყიდველუნარიანობით 2004 წელთან შედარებით 2.7-ჯერ ნაკლებია, რაც ასევე ჯდება დეპუტატის მიერ ნათქვამ „დაახლოებით 3-ჯერ ნაკლების“ ფარგლებში. 10-ჯერ და უფრო მეტადაცაა გაზრდილი ნომინალური ხელფასი. თუ 2004 წელს წლიური 40 000 ლარის შემოსავალი მოსახლეობის მცირე ნაწილს გააჩნდა, დღეს ეს უკვე 2 ადამიანის საშუალო ხელფასია.

რიცხობრივი სიზუსტისა და კონტექსტის მართებულების გათვალისწინებით, რომან გოცირიძის განცხადება შეფასდა როგორც სიმართლე.



[1] ქონების გადასახადი ექვსიდან ერთადერთი ადგილობრივი გადასახადია. განაკვეთი მუნიციპალიტეტების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მაქსიმალური ზედა ზღვარი ქონების ღირებულების 1%-ს შეადგენს.

[2] 2004 წლის 39,999 ლარს და 2022 წლის 106,000 ლარს ერთნაირი მსყიდველუნარიანობა გააჩნია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია