გიორგი ვაშაძე: 2023 წლის პირველ ორ კვარტალში უმუშევართა რაოდენობა 18 000-ით გაიზარდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მცდარი.

ლევან დავითაშვილი: 2023 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობა მცირდება, ხოლო დასაქმება იზრდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის სიმართლე.

გიორგი ვაშაძე განცხადებისას, სავარაუდოდ, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს [უმუშევართა რაოდენობას] ადარებს 2023 წლის მეორე კვარტალს, ამგვარი შედარება არამართებულია და დამახინჯებულ სურათს ქმნის. სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, სამუშაო ძალის პარამეტრები წინა წლ(ებ)ის ანალოგიური კვარტლის მაჩვენებლებს უნდა შედარდეს.

2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 57.4 ათასით გაიზარდა და 1327.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 14.7 ათასით შემცირდა და 266.9 ათასი შეადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში - წინა წლების ანალოგიურ კვარტლებთან შედარებით, უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა (16.7%). სამუშაო ძალის პარამეტრები გაუმჯობესდა 2023 წლის I კვარტალშიც - შემცირდა უმუშევართა რაოდენობა, სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა კი გაიზარდა.

ამრიგად, გიორგი ვაშაძის განცხადება, თითქოს ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა, მცდარია. ხოლო ლევან დავითაშვილის განცხადება, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობა მცირდება, ხოლო დასაქმება იზრდება, არის სიმართლე.

ანალიზი

4 ოქტომბერს, პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმინა. აღნიშნულ სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უმუშევრობის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით: „2022 წელს უმუშევარი იყო 249 ათასი ადამიანი, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 266 ათასი ადამიანი, ანუ უმუშევართა რაოდენობა 18 000-ით გაიზარდა“.

გიორგი ვაშაძის განცხადებას, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მანიპულაცია უწოდა. მისი განცხადებით: „უმუშევრობის შედარებისას, კვარტალური მონაცემები უნდა შევადაროთ შესაბამისი კვარტლის მონაცემებს. ამიტომ, აქაც მანიპულაციაა. სწორი სტატისტიკისა და სწორი შედარების შედეგად, ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობა მცირდება, ხოლო დასაქმება იზრდება. 2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და მინიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. პირველ კვარტალში გვაქვს 18%, მეორე კვარტალში - 16.7%. ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, პირველ კვარტალში 70.8 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში - 57.4 ათასით“.

ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც თავის მხრივ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი რომელიც არ არის დასაქმებული, მაგრამ არ ეძებს სამუშაოს, სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევართა სტატისტიკაში არ აღირიცხება. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევაში, უმუშევართა რაოდენობა/უმუშევრობის დონე შეიძლება ტექნიკურად შემცირდეს, დასაქმების ზრდის გარეშე, სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე. ამრიგად, ქვეყანაში უმუშევრობის სწორად შესაფასებლად აუცილებელია სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრების ანალიზი.

დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებელზე სეზონურობას დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, წინა პერიოდებთან მიმართებაში გამოვლენილი ტენდენციის ანალიზისას, მიმდინარე კვარტლის მაჩვენებლის წინა წლ(ებ)ის იგივე კვარტალთან შედარება არის მართებული.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალა [დასაქმებულთა და სამუშაო მაძიებელთა ჯამი] 42.8 ათასით (2.7%-ით) გაიზარდა. 2023 წლის II კვარტალში - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 57.4 ათასით (4.5%-ით) გაიზარდა და 1327.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 5.2%-ით (14.7 ათასით) შემცირდა და 266.9 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება 2023 წლის I კვარტლის მაჩვენებლებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 70.8 ათასით (5.8%-ით) გაიზარდა და 1271.9 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები, კვარტალური (ათასი კაცი)

წყარო:სტატისტიკისეროვნულისამსახური

2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7% შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლების ანალოგიურ კვარტლებთან შედარებით უმუშევრობისდონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

უმუშევრობის დონე 2023 წლის I კვარტალშიც 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18% შეადგინა.

გრაფიკი 2: უმუშევრობის დონე, კვარტალური (პროცენტი)

წყარო:სტატისტიკისეროვნულისამსახური

ამრიგად, მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში [წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით] სამუშაო ძალის პარამეტრები გაუმჯობესდა - შემცირდა უმუშევართა რაოდენობა, სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა კი გაიზარდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალი გამორჩეული იყო იმითაც, რომ სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა პანდემიამდე პერიოდთან [2019 წლის შესაბამის კვარტალთან] შედარებითაც. 2023 წლის მეორე კვარტალში - წინა წლების ანალოგიურ კვარტლებთან შედარებით, უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი