ისრაელზე ღაზას სექტორიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები, რაც უკრაინის - მისთვის გადაცემული იარაღით შავ ბაზარზე ვაჭრობაში, დადანაშაულებას ისახავს მიზნად. გავრცელებული მტკიცებების მიხედვით, პალესტინელები დასავლეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღით არიან შეიარაღებულები.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ამერიკის მიერ გაგზავნილი შეიარაღება კონტროლისა და ინტენსიური ინსპექტირების პროცესს მუდმივად გადის. მიუხედავად ამისა, დეზინფორმაცია, თითქოს დასავლეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი შავ ბაზარზე მასშტაბურად ხვდება, დიდი ხანია რუსეთის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4). მისი მიზანია, უკრაინის მიმართ ნდობის შესუსტებით, დასავლური ქვეყნების მიერ ოფიციალური კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარება მინიმუმამდე შემცირდეს. ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა 7 ოქტომბერს რუსეთის თავდასხმითი კამპანიის შეფასება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების და დასავლეთის მიერ უკრაინის მიმართ მხარდაჭერისა და ყურადღების შესამცირებლად კრემლი უკვე იყენებს და სავარაუდოა, რომ საინფორმაციო ოპერაციების გასაძლიერებლად,ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმების გამოყენებას გააგრძელებს.
აღნიშნული კამპანია კი, როგორც რუსეთის ოფიციალური პირების, ასევე მათ კონტროლქვეშ მყოფი მედიისა და სხვა ქვეყნებში არსებული გავლენის ჯგუფების მიერ კოორდინირებულად წარიმართება. 9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ცხადია, ასიათასობით ტონა იარაღიდან, რასაც კოლექტიური დასავლეთი უგზავნის უკრაინას, ყველა უკრაინაში არ რჩება. იარაღის მოვაჭრეები მათ ნაწილს ყიდიან მთელ მსოფლიოში, რითაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და რეგიონებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ეს ყველასთვის ცხადია [...] ცხადია, ისრაელელები საფუძვლიანად გაანალიზებენ, საიდან შემოვიდა რეგიონში იარაღი. ისრაელს აქვს საჭირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, რათა გაარკვიოს, საიდან მოდის გარკვეული იარაღი“.
მტკიცება, რომ პალესტინაში დასავლური იარაღი უკრაინიდან მოხვდა, საერთაშორისო რუსული მედიაპლატფორმებითაც კამპანიური სახით ვრცელდება. მაგალითად, Sputnik India-მგამოაქვეყნა სტატია, სადაც პალესტინელების ხელში დასავლური იარაღის მოხვედრის შესაძლო გზებად უკრაინა და ავღანეთი სახელდებოდნენ. სტატიაში ყურადღება ასევე მახვილდება რუსი ოფიციალური პირების მიერ მუდმივად გაჟღერებულ მტკიცებაზე, რომლის მიხედვით, უკრაინა დასავლეთიდან მიღებულ იარაღს შავი ბაზრის საშუალებით მესამე მხარეზე ყიდის. საერთაშორისო დაფარვის რუსული მედიაკომპანია Russia Today კი თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით - „ჰამასი იყენებს უკრაინისთვის გადაცემულ იარაღს - რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი“, ავრცელებდა ვლადიმირ მედვედევის მიერ ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ დასავლელი მხარდამჭერების მიერ კიევისთვის გადაცემული იარაღი ჰამასის ხელში აღმოჩნდა და აქტიურად გამოიყენება ისრაელში.
აღსანიშნავია, რომ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენჯერმე გამოეხმაურა (იხილეთ ბმული 1, 2, 3), სადაც მან ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა. ისრაელის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც მათ ტერორისტული თავდასხმა დაგმეს და ისრაელის მიერ თავის დაცვას მხარი დაუჭირეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ანგარიშზე აღნიშნული განცხადებები გააზიარა, რაც მათ მიერ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის უკრაინის მიერ გამოხატული მხარდაჭერის დაფასებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
დამატებით, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებიდან მალევე სატელეფონო საუბარი შედგა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ისრაელში შექმნილი ვითარება და თავდასხმის მოსაგერიებლად ძალოვანი სტრუქტურების ქმედებები გააცნო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ისრაელის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. როგორც ერთობლივი სატელეფონო საუბრის დროს, ისე ინდივიდუალურად, ისრაელის მხარეს ჰამასის მიერ შეიარაღების სავარაუდოდ უკრაინიდან მიღების შესახებ, ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მსგავსი ინფორმაცია არც ერთ სანდო მედიასაშუალებაში არ გავრცელებულა.
ამასთანავე, 9 ოქტომბერს, მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, თითქოს პალესტინელებთან შეიარაღება უკრაინიდან მოხვდა, განცხადება უკრაინის დაზვერვის სამსახურმაც გამოაქვეყნა. განცხადების მიხედვით, რუსული სპეციალური სამსახურები ახლო აღმოსავლეთში უკრაინის დისკრედიტაციულ კამპანიას აწარმოებენ. მათი მტკიცებით, რუსეთის არმიამ უკრაინის ომში მოპოვებული იარაღი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირშია დამზადებული, „ჰამასის“ ტერორისტებს უკვე გადასცა. განცხადებაში რუსეთის შემდეგ ნაბიჯად დასახელებულია უკრაინელი სამხედროების შესახებ ყალბი ბრალდებების გავრცელება, თითქოს უკრაინელი სამხედროები დასავლურ იარაღს ტერორისტებზე რეგულარულად ყიდდნენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მორიგი პროვოკაციის მიზანი უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების სრულად შეწყვეტაა.
საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე გავრცელებული ყალბი ამბები, რომლებიც აძლიერებენ დეზინფორმაციულ მტკიცებებს, თითქოს პალესტინელები დასავლური შეიარაღებით უკრაინიდან შეიარაღდნენ, ფართოდ ვრცელდება.
ფართო გამოხმაურება გამოიწვია BBC News-ის დიზაინით გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, რომლითაც აძლიერებდნენ დეზინფორმაციულ მტკიცებას, თითქოს უკრაინის მიერ ჰამასისთვის იარაღის მიყიდვა Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს. ვიდეოში ნათქვამია „Bellingcat-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ უკრაინის შეტევის წარუმატებლობა და ჰამასის თავდასხმა ერთმანეთთან კავშირშია. საიდუმლო ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ პალესტინური ჰამასის მიერ გამოყენებული იარაღის უმეტესობა უკრაინის მიერ არის მიწოდებული“.
ვიდეო ტელეგრამ არხზე 10 ოქტომბერს რუსულენოვანი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნდა.
სინამდვილეში, BBC-ის დიზაინით გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია, რასაც Bellingcat-ის ოფიციალური განცხადებაც ადასტურებს. მასში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულია ყალბი ვიდეო, რომელიც მცდარად ამტკიცებს, რომ Bellingcat-მა ჰამასისთვის უკრაინული იარაღის მიყიდვა დაადასტურა. ორგანიზაციის განცხადებით, Bellingcat ასეთი დასკვნა არ გამოუქვეყნებია.
ცნობისთვის, Bellingcat ნიდერლანდებში მდებარე საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფია, რომელიც ღია წყაროების გამოძიებასა (OSINT) და ფაქტების გადამოწმებაზე კონცენტრირდება. მისმა დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა ასევე გამოაქვეყნა განცხადება და აღნიშნა, რომ ყალბი ვიდეო რუსული სოციალური მედიის მომხმარებლების მიერ გავრცელდა. მანვე დაამატა, რომ „უცნობია ეს რუსული სამთავრობო დეზინფორმაციული კამპანიაა თუ ლოკალური მცდელობები“. გავრცელებული ვიდეოს სიყალბე დაადასტურა BBC-ის ჟურნალისტმაც.
ინფორმაცია არაერთმა მედიამ და ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ შეისწავლა. იხილეთ: ბმული 1, 2, 3;
ისრაელზე პალესტინური ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ჰამასის შეიარაღებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული მტკიცებები სოციალური ქსელის ქართულენოვანი მომხმარებლების მიერაც გავრცელდა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული გზავნილები გადაამოწმა.
მტკიცება N1: ჰამასი დასავლეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღებითაა აღჭურვილი
მტკიცებას, რომ პალესტინელები დასავლეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი იარაღით არიან შეიარაღებულები, თან ერთვის ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია იარაღი და ისმის ხმა, სადაც მთხრობელი არაბულად უხდის მადლობას უკრაინას შეიარაღებისთვის (დაარქივებული ვიდეო). პოსტის ავტორის მტკიცებით, „აღმოჩნდა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების ძალიან დიდი ნაწილი პალესტინელების ხელში აღმოჩნდა!.. ამ ვიდეოში პალესტინელები კორუმპირებულ ბანდერელებს ირონიულ "მადლობას უხდიან" შეიარაღებისათვის!..“
სინამდვილეში, ვიდეო გაურკვეველი წარმოშობისაა და მის სანდოობაზე კითხვის ნიშნები არსებობს. ვიდეოს საშუალებით შეუძლებელია გადაღების დროის, ადგილის ან ავტორის იდენტიფიცირება და თეორიულად ის ცრუ განწყობების შესაქმნელად მარტივად შეიძლება შექმნილიყო. დამატებით, ვიდეოს სანდოობას და მასში გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურ რეალობად აღქმას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ისიც, რომ ვიდეოს გავრცელება 7-8 ოქტომბერს ძირითადად რუსულენოვანი ანგარიშების ან პრორუსულად განწყობილი მომხმარებლების მიერ დაიწყო (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7). ვიდეო ასევე გაავრცელა რუსეთთან კოლაბორაციონიზმში დადანაშაულებულმა და რუსეთში გაქცეულმა რადას ყოფილმა წევრმა - ილია კივამ. კადრების ავთენტურობა კი არცერთ წყაროს ან სანდო მედიასაშუალებას დაუდასტურებია.
ვიდეო სიძულვილის ენისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით ცნობილ პლატფორმა BitChute-ზეც გავრცელდა.
უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრი უკრაინის სამხედროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას - თითქოს „ჰამასის“ ხელში დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი მოხვდა - ასევე გამოეხმაურა და გავრცელებული ვიდეო, სადაც ისმის, რომ „ჰამასის“ მებრძოლი იარაღის მიწოდებისთვის უკრაინას უხდის მადლობას, რუსეთის მიერ უკრაინის დისკრედიტაციისთვის დაწყებულ კამპანიას დაუკავშირა.
მტკიცება N2: ტერორისტული ჯგუფი „ჰეზბოლა“ უკრაინისგან იარაღის მიწოდების მოლაპარაკებებს დავით არახამიასთან, მიხაილო პოდოლიაკთან და მამუკა მამულაშვილთან აწარმოებდა
სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების მიხედვით, ისრაელის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი დაკავებული ტერორისტის ჩვენებაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იარაღზე მოლაპარაკებებს დავით არახამიასთან, მიხაილო პოდოლიაკთან და მამუკა მამულაშვილთან აწარმოებდა.
თუმცა როგორც ჩანს, დეზინფორმაციის გამავრცელებლის მიზანი პოსტში ნახსენები ადამიანების - დავით არახამიას, მიხაილო პოდოლიაკისა და მამუკა მამულაშვილის, დისკრედიტაცია და უკრაინის „ჰამასთან“ თანამშრომლობაში დადანაშაულება იყო, რადგან მსგავსი ინფორმაცია არცერთ ოფიციალურ წყაროში არ იძებნება და ის მხოლოდ ამ ანგარიშის მიერ ვრცელდება. ინფორმაცია არც ისრაელის სადაზვერვო სამსახურს გაუვრცელებია, რომელიც პოსტში წყაროდ არის მითითებული.
ამ დრომდე, მტკიცებები, თითქოს ჰამასმა დასავლური იარაღით აღჭურვა უკრაინის საშუალებით შეძლო, მტკიცებულებების გარეშეა.
-----------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.