სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში, რომლის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1, 2), დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, რომელსაც თან ფოტო ახლავს, „ღაზაში მდებარე წმინდა პორფირის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი ავიაიერიშებმა გაანადგურა“. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია.

მსგავსი ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მაგალითად, ტელეგრამ არხსა თუ X პლატფორმაზე ასევე აღნიშნავდნენ, რომ ტაძარი ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურდა. აღნიშნულ ამბავს ესპანური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Maldita.es-იც გამოეხმაურა.

„წმინდა პორფირიოსის მართლმადიდებლური ეკლესია - ღაზა“ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გამოეხმაურა და გავრცელებული ცნობები უარყო. პოსტში, რომელიც 9 ოქტომბერს 21:30 სთ-ზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ წმინდა პორფირის ეკლესია ღაზაში არ დაზიანებულა და მოქმედია. შესაბამისად, მისი დაზიანების შესახებ გავრცელებული ცნობები, მცდარია.

ცნობისთვის, წმინდა პორფირის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ღაზაში, ქალაქ ზეიტუნში მდებარეობს, მსოფლიოში მესამე უძველეს ეკლესიად ითვლება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.