ლევან ანთაძე: 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, 2 833 ოჯახი დაემატა სოციალურად დაუცველთა ბაზას. ეს არის 10 324 ადამიანი.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ანთაძის განცხადება არისსიმართლე.
2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აჭარაში მცხოვრები 37 529 ოჯახი, რაც 147 002 ადამიანს შეადგენს. 2022 წლის იანვარში კი მათი რაოდენობა იყო, შესაბამისად, 34 696 და 136 678. ეს ნიშნავს, რომ ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რიცხვი - 2 833-ით, ხოლო მოსახლეობის რიცხვი 10 324-ით გაიზარდა. პოლიტიკოსის განცხადების კონტექსტით, ხელისუფლება სიღარიბის დაძლევაზე საუბრობს, რეალურად კი ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაში, მცხოვრები სულ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსგან ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას საჭიროებს და შესაბამის უწყებას ბაზაში რეგისტრაციის თხოვნით მიმართავს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შარშან, წლის ბოლოს, ბაზაში რეგისტრირებული იყო აჭარის მთლიანი მოსახლეობის 43.4%, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში რეგისტრირებულია 43.7%. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რეგიონში 355 500 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო წელს 361 400 ადამიანი ცხოვრობს. ამდენად, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ 23 სექტემბერს განაცხადა: „[აჭარაში] 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, 2 833 ოჯახი დაემატა სოციალურად დაუცველთა ბაზას. ეს არის 10 324 ადამიანი.“
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო ფულადი სოციალური (საარსებო შემწეობის) და სხვა სახის დახმარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. ოჯახები, რომლებიც თვლიან, რომ დახმარებას საჭიროებენ, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირდებიან. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ოჯახს შესაბამისი სარეიტინგო ქულა ენიჭება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო გადაწყვეტს, რა სახის დახმარება ეკუთვნის ოჯახს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში, არაერთი შეზღუდვა დაწესდა, რის გამოც, ადამიანებმა - სამსახური, ოჯახებმა კი შემოსავლები დაკარგეს. აღნიშნულ პერიოდში და 2021 წელსაც სახელმწიფოსგან დახმარების მიღების საჭიროება მეტ მოქალაქეს დაუდგა. ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თუ 2020 წლის იანვარში აჭარაში 28 078 ოჯახი იყო რეგისტრირებული, დეკემბერში უკვე მათმა რიცხოვნობამ 31 521-ს მიაღწია. ზრდის ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა და იანვარში - 31 788 ოჯახი, ხოლო დეკემბერში 34 452 ოჯახი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა აღდგა, აჭარაში სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა 2022 წლის განმავლობაშიც იზრდებოდა და 2023 წლის მონაცემებით, როგორც ოჯახების, ისე მოსახლეობის რიცხოვნობა გაცილებით მეტია, ვიდრე 2022 წლის დასაწყისში იყო.
გრაფიკი 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, აჭარა, 2022-2023 წლები (2023 წელი მოცემულია აგვისტოს ჩათვლით)
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, სტატისტიკა
გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ 2022 წლის იანვარში ბაზაში რეგისტრირებული იყო 136 678 ადამიანი, ხოლო 2023 წლის აგვისტოში მათი რაოდენობა გაიზარდა და 147 002 ადამიანი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 10 324 ადამიანით მეტი, ვიდრე შარშან წლის დასაწყისში იყო და მაჩვენებელი გაზრდილია 2023 წლის ივლისთან მიმართებითაც - 387 ადამიანით.
რაც შეეხება ოჯახებს, 2022 წლის იანვარში - 34 694 ოჯახი, ხოლო 2023 წლის აგვისტოში 37 388 ოჯახი იყო რეგისტრირებული, რაც ნიშნავს, რომ მოცემულ პერიოდში, მათი რიცხოვნობა 2 833-ით გაიზარდა. შარშან, წლის ბოლოს, ბაზაში რეგისტრირებული იყო აჭარის მთლიანი მოსახლეობის 43.4%, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში რეგისტრირებულია 43.7%. საქსტატის მონაცემებით კი, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობამ 355 500 ადამიანი შეადგინა, ხოლო 2023 წლის 1 იანვრის მიხედვით, 361 400 ადამიანი ცხოვრობს.
აქედან გამომდინარე, ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.