სოციალურ ქსელში ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. „სავალდებულოში შეიტანეს პაპილომა ვირუსზე აცრა, რომელიც იწვევს უშვილობას“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

მტკიცება, თითქოს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას იწვევს, ტყუილია.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა.

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია პაპილომა ვირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ აპვ ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა, მას გვერდითი მოვლენები თითქმის არ გააჩნია.

საქართველოში აპვ- საწინააღმდეგო ვაქცინაცია „გარდასილის“ ოთხვალენტიანი ვაქცინით ტარდება (GARDASIL,Merck & Co., Inc.USA), რომელიც ორგანიზმს პაპილომა ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპისგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 70% და გენიტალური კონდილომების 90% სწორედ პაპილომა ვირუსის აღნიშნული ტიპებით არის გამოწვეული.

გარდასილისეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: აშშ- სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA), აშშ- დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის წამლის სააგენტო (EMA).

მსოფლიოში აპვ ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მონაცემებით, ოთხვალენტიანმა ვაქცინამ 14-19 წლის გოგონებში 86%-ით, ხოლო 20-დან 26 წლამდე ქალებში 71%-ით შეამცირა HPV ინფექციები. CDC-ის თქმითვე, გენიტალური კონდილომების, კიბოსწინარე დაზიანებებისა და სხვა HPV ინფექციების გავრცელება სხვა ქვეყნებშიც შემცირდა, სადაც ვაქცინა გამოიყენება.

ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგს არაერთი ორგანიზაცია ახორციელებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ვაქცინის უსაფრთხოებას ადასტურებს და მის გამოყენებას რეკომენდაციას უწევს.

NCDC-ის ინფორმაციით, საქართველოში, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო (აპვ) ვაქცინაცია 10-12 წლის გოგონებისა და ბიჭებისთვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ხორციელდება და სრულიად უფასოა. ამასთან, მიმდინარე წლიდან ვაქცინაცია 13-45 წლის ასაკის ქალებისთვის და 13-26 წლის მამაკაცებისთვისაც უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ნებისმიერმა ფარმაცევტულმა პროდუქტმა, მათ შორის - ვაქცინამ, შეიძლება გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს. გარდასილის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია: ინექციის ადგილას ტკივილი, შეშუპება, ქავილი, სიწითლე. ასევე, ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა. ვაქცინამ შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს, ამიტომაც ვაქცინის უკუჩვენებას წარმოადგენს მძიმე ალერგიული რეაქციები საფუვრის მიმართ, რომელიც ვაქცინის კომპონენტია.აპვ ვაქცინაციასთან (მათ შორის ოთხვალენტიანი გარდასილი) ასოცირებული რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. აპვ- საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელვადიან პერსპექტივაში უშვილობას ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის განვითარებასარ იწვევს.

CDC-ის ინფორმაციით, ვაქცინა „გარდასილი“ნაყოფიერების პრობლემებს არ იწვევს. მეტიც, ვაქცინა ძალზედ უსაფრთხოა, რაც შესაბამისი კვლევებით არის დადასტურებული. აპვ ვაქცინით აუცრელობა კი ადამიანს კიბოსა და კიბოსწინარე სიმსივნეების რისკის ქვეშ აყენებს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია