სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1; 2; 3) მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. პოსტის ავტორი ამტკიცებს: „როგორც მასმედია იუწყება, ბერლინის პოლიცია ეძებს ქალაქის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კედელზე გაკრული პლაკატის ავტორს. პლაკატზე გამოსახულია „კანიბალი“ ზელენსკი, რომელიც, ვითომდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეს ჭამს. ჯარისკაცს ხელში ამერიკული ავტომატი უჭირავს. როგორც ჩანს, ბერლინის პოლიციას მეტი საქმე არა აქვს. ეს, მართლაცდა, სასაცილოა“.

აღნიშნულ ინფორმაციას Facebook-ზე რუსული ანგარიშებიც ავრცელებდნენ (ბმული) და იმისთვის, რომ პოსტები უფრო სარწმუნო ყოფილიყო, აქვეყნებდნენ ფოტოებს, თითქოს ამ ინფორმაციის შესახებ დასავლური პრესაც იუწყებოდა, კერძოდ, გერმანული გაზეთი „Frankfurter Allgemeine“ და „Deutsche Welle“.

ფაქტების სიზუსტის დადგენის მიზნით, „ფაქტ-მეტრმა“ გაზეთ „Frankfurter Allgemeine“-ის ვებგვერდზე გადაამოწმა ინფორმაცია. ფოტოანაბეჭდის მიხედვით, ამბავი 12 სექტემბერს გამოქვეყნდა, თუმცა გაზეთის გვერდზე ამ რიცხვში აღნიშნული სტატია არ იძებნება.

გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ფოტოზე, უკრაინის პრეზიდენტის გვარი ორჯერ წერია, ორივე ჯერზე განსხვავებულად, რაც ეჭვს ამყარებს, რომ ინფორმაცია ყალბია. პირველ შემთხვევაში, „Vladimir Zelensky“, ხოლო მეორე შემთხვევაში - „Zelinsky”. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ გამოცემა „Frankfurter Allgemeine“-ის სტატიებში უკრაინის პრეზიდენტის სახელი და გვარი სრულიად სხვაგვარად წერია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოანაბეჭდი:

გაზეთის ერთ-ერთი სტატიის ფოტოანაბეჭდი:

გარდა ამისა, მსგავსი სტატია ან პოსტი გამოცემა „Frankfurter Allgemeine“-ის სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და X-ზე (ყოფილი Twitter) - არ იძებნება.

რაც შეეხება ფოტოანაბეჭდს, რომლის მიხედვითაც, ამბავი გრაფიტის შესახებ გერმანულმა „Deutsche Welle“-მაც გაავრცელა, ეს ინფორმაციაც ყალბია. „დოიჩე ველეს“ ინსტაგრამზე, სადაც დეზინფორმატორების მტკიცებით, ეს ინფორმაცია გავრცელდა, მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება. ისევე, როგორც არაფერი წერია მათ Facebook-სა და X-ზე.

ვრცელდებოდა მტკიცებაც, რომ გრაფიტის ავტორს ბერლინის პოლიცია ეძებდა, თუმცა მათ ვებგვერდზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ არის განთავსებული.

გარდა ამისა, როგორც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია „Lead Stories”-ის სტატიაში ვკითხულობთ, შენობა, რომელზეც თითქოს ზელენსკის გრაფიტია გამოსახული, არა ბერლინში, არამედ ვარშავაში, პოლონეთში მდებარეობს.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა მტკიცება, რომლის თანახმადაც, ზელენსკის მსგავსი გრაფიტი პარიზშიც გამოჩნდა. ამ შემთხვევაში კი, წყაროდ ფრანგული ჟურნალი „Le Point” იყო მითითებული. სინამდვილეში, გამოცემის ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება. ინფორმაცია არ გვხვდება არც მათ Facebook-ისა და X-ის გვერდზე. აღნიშნული დეზინფორმაცია გადაამოწმა ფრანგულმა ფაქტების გადამმოწმებელმა AFP Fact check-მა. ისინი დაუკავშირდნენ Le point-ს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებიათ. AFP-მ ის ადგილიც მოინახულა, სადაც დეზინფორმაციის თანახმად, ზელენსკის აღნიშნული გრაფიტი იყო დახატული. ჟურნალისტებმა შენობაზე გრაფიტის კვალს ვერ მიაგნეს. დამატებით, AFP-ს ადგილობრივებმაც დაუდასტურეს, რომ მათ შენობაზე მსგავსი გრაფიტი არ უნახავთ.

აღნიშნული დეზინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ „StopFake”-მაც გადაამოწმა.

ამგვარად, მტკიცება, რომ ბერლინსა და პარიზში „კანიბალი“ ზელენსკის გრაფიტი გამოჩნდა, ყალბია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია.

-------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.