სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ქალაქები - ბათუმი და ჩელიაბინსკი, დაძმობილდებიან (დაარქივებული პოსტის ბმული).
აღსანიშნავია, რომ გვერდ „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ აღწერაში თანდართულ ინფორმაციის მიხედვით, ის სატირული და პაროდიული გვერდია. ამდენად, მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების უმრავლესობა სატირული ან პაროდიული შინაარსისაა.
ამასთანავე, არცერთი ოფიციალური წყარო, მათ შორის - ბათუმის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდი, ბათუმის ქალაქ ჩელიაბინსკთან დაძმობილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ინფორმაცია არც მედიაში გაჟღერებულა და მხოლოდ ზემოთაღნიშნული Facebook-გვერდის მიერ გავრცელდა.
ჩელიაბინსკთან დამეგობრების ან დამეგობრების განზრახვის წერილის ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების სიაშიც არ იძებნება.
ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმი 39 სხვა ქალაქთანაა დამეგობრებული, მათგან რუსეთში მხოლოდ ერთი - ქ. კისლოვოდსკი, მდებარეობს და ის სიაში 1997 წლიდანაა. ამასთანავე, დამეგობრების განზრახვის წერილი 3 ქალაქთან არის გაგზავნილი. ისინი ჩინეთში (ქ. სანია), ლიეტუვასა (ქ. კლაიპედა) და პოლონეთში (ქ. ზიელონა გურა) მდებარეობენ.
ამდენად, ინფორმაცია, რომ ბათუმი ქალაქ ჩელიაბინსკთან დაძმობილებული ქალაქი გახდება, ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი კი სატირას წარმოადგენს.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.