სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელები (1,2,3) აშშ-ის თავდაცვის მდივნის ციტატას ავრცელებენ. პოსტების მტკიცებით, ლოიდ ოსტინი რუს სამხედროებს ურჩევს არ ინადირონ აბრამსის ტანკებზე: „გერმანელი ლეოპარდების სიტუაციის განმეორება მიუღებელია, როცა მათზე ნადირობდნენ, მე ვნახე მათი მოწოდებები. ითამაშე წესებით!“. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, აშშ-ის თავდაცვის მდივანს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არცერთი სანდო მედიასაშუალების ვებგვერდზე არ იძებნება. თუმცა, აღნიშნული ციტატა ხელმისაწვდომია რუსულენოვან ვებგვერდებზე (1,2).

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა დაპირებული M1 Abrams ტანკების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით 19 სექტემბერს, გერმანიაში რამშტეინის სამხედრო ბაზაზე პენტაგონის შეხვედრის გამხსნელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ბაზაზე შეხვდნენ ერთმანეთს პირველად აშშ-ის თავდაცვის მდივანი და უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი.

სიტყვით გამოსვლისას, ლოიდ ოსტინმა აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ჩვენ შევინარჩუნებთ ერთიანობას, შევინარჩუნებთ სიმტკიცეს და დავრჩებით ჩვენი გადაწყვეტილების ერთგულნი, რომ დავიცვათ უკრაინა და დავიცვათ სამყარო, სადაც აგრესიას შედეგი არ მოაქვს“,-განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამდენად, ციტატა, რომელსაც სოციალურ ქსელში ლოიდ ოსტინს მიაწერენ, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.