ლევან დავითაშვილი: 2013 წლიდან დღემდე საქართველოში ბუნებრივი მატება პოზიტიურია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: 2020-2022 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ამ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას 24,776-ით გადააჭარბა. ბუნებრივი მატების უარყოფითი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა, 2023 წლის პირველ ნახევარში 2,513 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
ამასთან, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე - 2021 და 2022 წლებში, უარყოფითი ბუნებრივი მატების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
22 სექტემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „ის, რომ თითქოს საქართველოში ბუნებრივი მატება უარყოფითია, ეს ნამდვილად ასე არ არის. 2013 წლიდან დღემდე საქართველოში ბუნებრივი მატება პოზიტიურია და პოზიტიურია 10-ჯერ მეტად, ვიდრე ეს იყო 2003-2012 წლებში, როდესაც ასევე იყო მცირე ბუნებრივი მატება“.
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ბუნებრივი მატება შობადობასა და სიკვდილიანობას შორის სხვაობას აჩვენებს. მტკიცება, რომ საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი პოზიტიურია, ტყუილია. უკვე მეოთხე წელია საქართველოში ბუნებრივი კლება ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2022 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყოველწლიურად უარყოფითი იყო. ამ პერიოდში გარდაცვლილთა რიცხოვნობამ ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას 24,776-ით გადააჭარბა. ბუნებრივი მატების უარყოფითი ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა, 2023 წლის პირველ ნახევარში [იანვარ-ივნისში] 2,513 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.
2008 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები დადებითი იყო, ანუ დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხოვნობას აჭარბებდა. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. 2020-2021 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფით მაჩვენებელზე დიდი გავლენა COVID-19-ის პანდემიამ იქონია, ამ პერიოდში ქვეყანაში სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა ბუნებრივი მატების უარყოფითი დინამიკა პანდემიის შემდგომ პერიოდშიც, 2022 და 2023 წლებშიც გაგრძელდა, რაც ცალსახად შობადობის შემცირებით იყო განპირობებული.
1994-2022 წლების მონაცემებით, ბუნებრივი მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება, 2015-2019 წლებში ბუნებრივი მატების დადებითი კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა. შემდგომ პერიოდში კი, 2020 წლიდან დღემდე, ბუნებრივი კლების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. 2022 წელს ქვეყნის მასშტაბით, 1000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ბუნებრივი მატების კოეფიციენტმა -1.8 შეადგინა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამაზე ცუდი მაჩვენებელი მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 2021 წელს დაფიქსირდა (-3.8).
მინისტრის განცხადებით, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი წინა ხელისუფლების პერიოდის მაჩვენებლებს 10-ჯერ აღემატება. ამგვარი შედარება არარელევანტურია, რადგან ქვეყანაში ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი საერთოდ არ გვაქვს, აგერ უკვე მეოთხე წელია. თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ იმ წლებს [2008-2019] განვიხილავთ, როდესაც ქვეყანაში ბუნებრივი მატების დადებითი დინამიკა იყო, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე წინა ხელისუფლების პერიოდში.
გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების კოეფიციენტი (1000 მოსახლეზე) 1994-2022 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური