გიორგი გახარია: 1 200 000 ადამიანია რეგისტრირებული სოციალური დაცვის სისტემაში, მათგან 670 ათასი ადამიანი ყოველთვიურ შემწეობას იღებს, მათგან კი 229 ათასი ბავშვია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარია განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 1,205,321 პირი არის რეგისტრირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 32.3%-ს შეადგენს. მათგან, საარსებო შემწეობის მიმღები არის 650,475 პირი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17.4%-ია. საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 229,280 პირი იღებს, რაც ქვეყანაში 16 წლამდე ასაკის ბავშვების საერთო რაოდენობის დაახლოებით 28%-ია.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც საქართველოში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განცხადებით: „დღევანდელ საქართველოში 1 200 000 ადამიანია რეგისტრირებული სოციალური დაცვის სისტემაში, მათგან 670 ათასი ადამიანი ყოველთვიურ შემწეობას იღებს, მათგან კი 229 000 ბავშვია, 15 წლამდე. ეს ის ბავშვები არიან, რომლებსაც ყოველდღიურად არასრულფასოვანი კვების პრობლემა აქვთ“.
ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურ დახმარებას საჭიროებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძველზე კი ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 1,205,321 პირი [375,211 ოჯახი] არის რეგისტრირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 32.3%-ს შეადგენს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის აგვისტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის 650,475 პირი [171,450 ოჯახი]. აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველ ოჯახების/პირების რაოდენობასაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17.4% სოციალურად დაუცველია და არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმს სახელმწიფოსგან იღებს.
ბოლო მონაცემებით, 16 წლამდე ასაკის 229,280 პირი არის საარსებო შემწეობის მიმღები, რაც ქვეყანაში 16 წლამდე ასაკის პირების საერთო რაოდენობის დაახლოებით 28%-ია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბავშვთა დახმარების პროგრამა გაფართოვდა და ფულადი დახმარების ოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს იღებენ. 2020 წელს ბავშვისთვის განკუთვნილი დანამატი 50 ლარს შეადგენდა, 2021 წელს ეს თანხა გაორმაგდა და 100 ლარამდე გაიზარდა, 2021 წლის ივნისიდან კი ბავშვები, დანამატის სახით, 150 ლარს იღებდნენ. ფულადი დანამატის მიმღებია 16 წლამდე სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება. აღნიშნული დახმარება, 2021 წლის 1 ივლისამდე, მხოლოდ 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.
ის ფაქტი, რომ სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა უფრო მეტად ორიენტირებული უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებზე გახდა, დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში 229 ათასზე მეტი 16 წლამდე პირი არის სოციალურად დაუცველი.
ცნობისთვის, 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 24.7% იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები მთლიანი მოსახლეობს 11.6% იყო. ეს მაჩვენებლები, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით, 32.3%-მდე და 17.4%-მდე არის გაზრდილი.
ძირითადი ფაქტორი, რამაც სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა განაპირობა, ეს არის მოსახლეობის მხრიდან სოციალური დახმარების დანიშვნაზე მიმართვიანობის ზრდა. ამასთან, აღნიშნული ზრდა გარკვეულწილად მთავრობის სოციალური პოლიტიკითაც არის განპირობებული - პროგრამის გაფართოება, ანუ ბავშვთა დახმარების მიმღებთა კატეგორიის გაფართოება. პანდემიის პერიოდში გამოცხადებული მორატორიუმი და ახალი განცხადებების მყისიერად განხილვა, რასაც სოციალურად დაუცველთა რეკორდული ზრდა მოჰყვა; პანდემიის შემდგომ პერიოდში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ.
სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის კლება ან მატება კი ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების „კეთილ ნებაზე“ და დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. თუმცა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციაზე მიმართვიანობის ზრდა და სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა.