გიორგი ბოტკოველი: ქართული ხორბლის ფასი წელს [2023] 45 თეთრია, როდესაც 3-4 წლის წინ 1 ლარი ღირდა, პური მაშინაც 1-1.20 ლარი ღირდა და დღესაც
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ბოტკოველის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე:
განცხადების პირველი ნაწილი, სადაც ქართული ხორბლის ფასის განახევრებაზეა საუბარი, რეალობას არ შეესაბამება. 2019-2020 წლებში ქართული ხორბლის ფასი შესაბამისად - 52 და 67 თეთრს შეადგენდა, მიმდინარე ფასი კი 59 თეთრია. ქართული ხორბლის ფასი 1 ლარი 3-4 წლის წინ არ ყოფილა და ამ მაჩვენებელს მხოლოდ 2022 წელს მიუახლოვდა (93 თეთრი). მსგავსი ვითარებაა იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაშიც. 2019-2020 წლებში მისი ფასი შესაბამისად - 59 და 68 თეთრს შეადგენდა[1], მიმდინარე ფასი კი 75 თეთრია. 1-ლარიან ნიშნულს მხოლოდ 2022 წელს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, მტკიცება რომ ხორბალი მნიშვნელოვნად გაიაფდა, რეალობას არ შეესაბამება.
ასვე მცდარია მტკიცება, რომ პურის ფასი არ შეცვლილა. 2023 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პური 10%-ით გაიაფდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაძვირებული. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით პურის ფასი 36%-ით, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით კი 32%-ით არის გაზრდილი. თუმცა ამ შემთხვევაში დეპუტატი საკუთარი მსჯელობის [3-4 წელიწადში ხორბალი გაიაფდა, რაც პურის გაიაფებაში არ აისახა] დამაზიანებლად ცდება, ამიტომ აღნიშნული ვერდიქტზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.
პურის ფასის ფორმირების ანალიზი მოცემული სტატიის ფარგლებს[2] სცდება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ამ მსჯელობაში არ შედის, მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის (მ.შ. პურის) წარმოებაზე გაწეული დანახარჯები საბოლოო პროდუქტის (მ.შ. პურის) ფასზე მხოლოდ შეზღუდულად მოქმედებს. მეორე მხრივ, სავარაუდოა, მოცემულ ბაზარზე ფასწარმოქმნას ნაწილობრივ სახელმწიფოს მხრიდან ფორმალური თუ არაფორმალური ჩარევა განსაზღვრავდეს, რაც ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებას გაცილებით ართულებს. თუმცა თავისთავად ქართული ხორბლის ფასისა და საქართველოში პურის ფასის ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირება ნებისმიერ შემთხვევაში შეცდომაა. პურის ფასის საბოლოო ფორმირებაზე გავლენას გადასახადები, სახელფასო ხარჯები, კომუნალური ხარჯები, რიგ შემთხვევაში - იჯარა და მოგების მარჟაც, ახდენს. ადგილობრივი ხორბლის ღირებულება პურის გასაყიდი ფასისთვის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია და არა ერთადერთი. ამავდროულად, თავად ქართული ხორბლის ფასიც კი დამოუკიდებლად ვერ ჩამოყალიბდება და მას დიდწილად იმპორტული ხორბლისა და ფქვილის ღირებულება განსაზღვრავს[3]. ამავდროულად, ხორბალზე და ხორბლის პროდუქტებზე საქართველო ძირითადად იმპორტდამოკიდებულია. შესაბამისად, საბოლოო პროდუქტის - პურის ფასზე, ადგილობრივი წარმოების გავლენა მიზერულია და ძირითადი ფაქტორი არ არის.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ბოტკოველის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად მცდარი.
ანალიზი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა 5 სექტემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე ისაუბრა და განაცხადა (2:12:10-დან): „ხორბლის შემთხვევაში ვიტყვი, რომ წელს 45 თეთრია ქართული ხორბლის ფასი, როდესაც 3-4 წლის წინ 1 ლარი იყო, მაშინ 1 ლარი და 1.20 ლარი ღირდა პური და წელსაც იგივე ღირს და რისი ბრალია რომ ხორბალი ღირს იაფი ან რატომ არ დაიწია პურის ფასმა?“.
2014-2022 წლებში - იმ პერიოდში, რომლის შესახებ ინფორმაციასაც საქსტატი ავრცელებს, ხორბლის ფასი 1 ლარი არასდროს ყოფილა. 4 წლის წინ, ანუ 2019 წელს 1 კგ ხორბალი 52 თეთრი ღირდა, მომდევნო 2020 წელს 67 თეთრი. 2021 წელს ფასი 77 თეთრამდე, ხოლო 2022 წელს 93 თეთრამდე გაიზარდა. რადგან 2023 წელი ჯერ არ დასრულებულა, არსებული ფასი იანვრამდე შესაძლოა შეიცვალოს და მისი გადამოწმება ოფიციალური დოკუმენტით ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. BM.GE-ს ცნობით, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციას ეყრდნობა, ივლისში ქართული ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 59 თეთრს შეადგენდა.
გრაფიკი 1: კილოგრამი ქართული ხორბლის ფასი თეთრებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ქართული ხორბლის ფასისა და პურის ფასის ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოხმარებაში ქართული ხორბლის წილი დაახლოებით 20%-ია. დანარჩენი, იმპორტირებულ ხორბალსა და ფქვილს უკავია. იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. 2021 წლიდან რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი გაზარდა, რის გამოც ქართველი იმპორტიორებისთვის უფრო მომგებიანი ფქვილის შემოტანა გახდა. 2017-2020 წლებში ფქვილის იმპორტი 11-17 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა, რომელიც 2021 წელს 38 ათას ტონამდე, 2022 წელს კი 182 ათას ტონამდე გაიზარდა.
ხორბლის ადგილობრივი წარმოება ბოლო წლებში 100-155 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. ამასთან, როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის ექსპორტი მინიმალურია, რის გამოც ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი შესაძლოა ჯამურ მოხმარებად მივიჩნიოთ.
ქართული ხორბლის ფასი 2019-2022 წლებში 79%-ით - 52-დან 93 თეთრამდე, გაიზარდა. იმავე პერიოდში 72%-ით - 59-დან 102 თეთრამდე, გაიზარდა იმპორტირებული ხორბლის ფასიც. ფქვილის ფასი კი 32%-ით - კილოგრამზე 82-დან 108 თეთრამდე.
პურის ფასის საბოლოო ფორმირებაზე ადგილობრივთან შედარებით მნიშვნელოვან გავლენას იმპორტირებული ხორბლის/ფქვილის ფასი ახდენს, რომელიც თავის მხრივ ქართული ხორბლის ფასსაც განსაზღვრავს. დამატებით ფაქტორებად გადასახადები, სახელფასო, კომუნალური, დისტრიბუციისა და იჯარის ხარჯები უნდა ჩაითვალოს, რასაც თითოეულ საფეხურზე (დაფქვა, გამოცხობა, დისტრიბუცია, რეალიზაცია) მოგების მარჟაც ემატება.
გრაფიკი 2: იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის ფასი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ეროვნული ბანკი, ავტორის გამოთვლები
2021 წლიდან ელექტროენერგია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 55%-ით გაძვირდა. გაძვირდა ბუნებრივი გაზიც, თუმცა გაზის გაძვირება პურის მწარმოებლებს არ შეხებიათ. უცნობია, რამდენით გაიზარდა ხელფასები კონკრეტულად პურის ქარხნებსა თუ მცირე თონეებში, მაგრამ ზოგადად შრომის ანაზღაურება 2022 წელს - 2019 წლის მაჩვენებელს, 41%-ით და 2020 წლის მაჩვენებელს 34%-ით აღემატებოდა.
2023 წლის იანვარ-ივლისში იმპორტირებული ხორბლის ფასი (ლარში კონვერტირებული) 26.1%-ით და ფქვილის ფასი 32.5%-ით შემცირდა, წინა წელთან შედარებით. 2019-2020 წლის ფასებთან შედარებით კი იმპორტული ფქვილი 13.7%-ით არის გაიაფებული, ხოლო იმპორტული ხორბალი 18.2%-ით ძვირი ღირს. თავის მხრივ, პურის ფასი კი, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაიაფებული, 2019-2020 წლებთან შედარებით კი შესაბამისად - 36 და 32%-ით გაძვირებული.
მაშინ როცა პურის გამოსაცხობად საჭირო ნედლეული გაძვირდა, გაძვირდა პურიც, ოღონდ შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლით. ანალოგიური მოხდა გაიაფების დროსაც. აღნიშნულის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ნედლეულის გაძვირების დროს მწარმოებლების მხრიდან მოგების მარჟის შემცირება, შემდგომ კი ისევ გაზრდა წარმოადგენს, თუმცა რეალური გავლენების შეფასება შესაბამის ფუნდამენტურ კვლევას საჭიროებს, რაც მოცემული სტატიის ფარგლებს სცდება.
გიორგი ბოტკოველის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან მცდარია, რომ 3-4 წლის წინ ქართული ხორბალი 1 ლარი ღირდა, ისევე როგორც მიმდინარე ფასად 45 თეთრის დასახელება. მცდარია ისიც, რომ ამ პერიოდში პურის ფასი არ შეცვლილა და მცდარია თავად მსჯელობაც, რომლის მიხედვითაც პურის საცალო ფასი მხოლოდ ქართული ხორბლის ფასს უნდა უკავშირდებოდეს. ფაქტობრივი უზუსტობებისა და არასწორი დაშვების გათვალისწინებით, დეპუტატ ბოტკოველის განცხადება შეფასდა, როგორც მეტწილად მცდარი.
[1] საშუალოწლიური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
[2] მითუმეტეს აღნიშნულ ბაზარზე (ხორბალი, ფქვილი, პური) ფასწარმოქმნის პოლიტიკა და მასში სახელმწიფოს/მთავრობის შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური ჩარევისა და საბაზრო ძალების როლი ცხადი არ არის.
[3] თუ იმპორტული ხორბალი ან ფქვილი იაფდება შესაბამისად შეიცვლება ქართული ხორბლის ფასიც, სხვანაირად მისი რეალიზაცია ვერ განხორციელდება და პირიქით თუ იზრდება იმპორტულის ფასი შესაბამისად გაიზრდება ქართული ხორბლის ღირებულებაც.