Facebook-ის ანგარიში მალხაზ ხაბაზი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1,2,3), სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „უკრაინაში გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 76% ზელენსკის აბრალებს რაც ხდება დღეს უკრაინაში“,- წერია პოსტში.

პოსტის წაკითხვის შემდეგ იქმნება წარმოდგენა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომში ზელენსკის პასუხისმგებლობას ხედავს და მას ადანაშაულებს (ამ ნარატივის ამოკითხვა პოსტის კომენტარებშიცაა შესაძლებელი). გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებულ ბოლო გამოკითხვაში მსგავსი სახით ფორმულირებული კითხვა საერთოდ არ იძებნება.

ერთ-ერთი ბოლო კვლევა, ილკო კუჩერივის დემოკრატიული ინიციატივების ფონდის მიერ, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად, 2023 წლის ივლისში ჩატარდა. გამოკითხვამ უკრაინის ყველა რეგიონი მოიცვა, გარდა ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონებისა. ამავდროულად, ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონებში კვლევა ჩატარდა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს და სადაც საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს. გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ასაკის 2011 რესპონდენტი. გამოკითხულთა 78%-ს სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მთავრობასა და სამხედრო ადმინისტრაციაში კორუფციასთან გამკლავებაზე. გამოკითხულთა მხოლოდ 18% არ ეთანხმება ამ განცხადებას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ საკითხში უკრაინის პრეზიდენტის პასუხისმგებლობას უფროსი ასაკის ადამიანები უფრო მეტად ხედავენ. თუ 18-29 წლის რესპონდენტებს შორის 70% ეთანხმება თეზისს, რომ კორუფციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს მეთაურია, 60+ ასაკის ადამიანებში კრიტიკული დამოკიდებულების წილი 81%-მდე იზრდება.

ამავდროულად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (55%) დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება უცხოელმა პარტნიორებმა - კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პირობით, უნდა გაუწიონ.

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინაში გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 76% პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რაც უკრაინაში ხდება, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.