ლევან დავითაშვილი: ბიზნეს სექტორში 737 ათასი დასაქმებული გვყავს - ეს მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2023 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 737.7 ათასი კაცი შეადგინა. II კვარტალში სამუშაო ადგილების [დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა] ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წელს დაფიქსირდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების ცვლილების ტენდენცია 2009 წლიდან მზარდია და დადებითი დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა. ამ მხრივ გამონაკლისი იყო მხოლოდ 2020 წელი, როდესაც ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, რაც პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული.
ამრიგად, მინისტრის მიერ დასახელებული მაჩვენებელი ზუსტია. ამასთან, მტკიცება, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მაქსიმუმზეა, სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მისი განცხადებიდან არ ჩანს, რომ აღნიშნულ სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად მაქსიმუმზეა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ მხრივ რაღაც განსაკუთრებული მოხდა.
შესაბამისად, „ფაქტ მეტრი“ ლევან დავითაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
4 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „ბიზნეს სექტორში 737 000 დასაქმებული გვყავს. ეს მაქსიმუმია, რაც კი ოდესმე გვყოლია“.
საქსტატი ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ითვლის. აღნიშნული სტატისტიკა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საწარმოში დასაქმებულ პირთა (დაქირავებულები, დასაქმებული დამფუძნებლები და საოჯახო საწარმოს შემთხვევაში – დასაქმებული ოჯახის წევრები) საშუალო რაოდენობას მოიცავს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 737.7 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.1%-ით (42.5 ათასით) მეტია. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 700.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.3% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.8% - საშუალოზე, ხოლო 35.9% - მცირე ბიზნესზე.
გრაფიკი 1: II კვარტალში ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა, 2013-2023 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; კვარტალური ბიულეტენები
აღსანიშნავია, რომ ზოგადად ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2009-2022 წლების მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისი იყო მხოლოდ 2020 წელი, როდესაც ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. დადებითი დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა.