ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), 31 აგვისტოს ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: „ევროკავშირმა!!! 40% ით გაზარდა რუსეთისგან ნავთობის შეძენა წელს ჩინეთის შემდეგ მეორე და მესამე ადგილზე არიან ბელგია და ესპანეთი 🙂 ბატონ მიშელს როცა შეხვდებით ლიბერალებო უთხარით რომ გაზარდოს ბელგიამ რუსეთში სისხლიანი რუბლების პუტინის ყულაბაში მოთავსება 🙂 ევროკავშირის საელჩოსთან გადით და აქცია მოაწყვეთ ევროკავშირის დროშით 🙂 ამ წლის პირველ შვიდ თვეში ბელგია და ესპანეთი იყვნენ მეორე და მესამე უმსხვილესი მყიდველები რუსული LNG ის ჩინეთის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციის Global Witness-ის ინდუსტრიის მონაცემების ანალიზის მიხედვით.“

მტკიცებულებად ბექა ვარდოსანიძემ პოსტს გამოცემა Financial Time-ს ფოტოანაბეჭდი დაურთო, სადაც ცალკე აღებული გათხევადებული გაზის იმპორტის ზრდა იყო ნაჩვენები და არა ნავთობის. ამასთან, ზრდა 2022 წელთან კი არა, 2021 წელთან შედარებით, ფიქსირდებოდა.

ევროკავშირის მიერ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი მართლაც გაზრდილია, მაგრამ ჯამური იმპორტი იანვარ-ივნისში - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 76%-ით - 122 მლრდ ევროდან 29 მლრდ-მდე, შემცირდა. უფრო მეტიც, ნავთობპროდუქტების (ძირითადად ბენზინი და დიზელი) იმპორტი მთლიანად 87%-ით - 54 მლრდ ევროდან 6.9 მლრდ ევრომდეა შემცირებული. წიაღისეული საწვავის (ძირითად ნედლი ნავთობი და ბუნებრივი გაზი) 80%-ით - 85 მლრდ-დან 17 მლრდ-მდე.

რეალობის ისე წარმოჩენის მცდელობა, რომ თითქოს ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავა, ადრეც მომხდარა. მედიით ან პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ცნობები, როგორც წესი, მანიპულირებას ეფუძნებოდა, ეხებოდა ან დროის ძალიან მცირე მონაკვეთს, ან ერთ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს.

მცდარი აღქმის შესაძლებლობას იძლეოდა სათაური, რომ იაპონიამ რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტი 5680%-ით გაზარდა, მაშინ როცა ჯამური იმპორტი 70%-ით იყო შემცირებული, თუმცა ბექა ვარდოსანიძის პოსტისგან განსხვავებით, ჯამური იმპორტის შესახებ ინფორმაცია სათაურის ქვეშ ტექსტში მაინც იძებნებოდა.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, რომლებიც პერიოდულად ფართოვდება. სანქციებს ასევე შეუერთდა ბრიტანეთი, ნორვეგია, კანადა, ავსტრალია, კორეა, იაპონია... სხვა ბევრ შეზღუდვასთან ერთად სანქციების ერთ-ერთ მიზანს ვაჭრობის მოცულობის, როგორც რუსეთში ექსპორტის, ასევე რუსეთიდან იმპორტის შემცირებაც წარმოადგენს. პირველ რიგში, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდება აიკრძალა. მოგვიანებით, სია გაფართოვდა და მან ენერგოპროდუქტებიც მოიცვა.

საწყის ეტაპზე, 2022 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი მართლაც გაზარდა, მაგრამ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი:

1) ენერგომატარებლებზე უკვე გაზრდილი ფასის გამო, იმპორტი ომამდე, იანვარ-თებერვალშიც გაზრდილი იყო და ის მარტიდან არ დაწყებულა;

2) მარტიდან 6 თვის განმავლობაში, იმპორტი რუსეთიდან ნავთობზე გაზრდილი ფასის გამო იზრდებოდა და არა შესყიდული პროდუქციის ტონაჟის ზრდის გამო;

3) 2022 წლის სექტემბრიდან ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი შეამცირა და შემცირების ტემპი გრძელდება;

4) რუსეთში ექსპორტი მომენტალურად 2022 წლის მარტიდანვე შემცირდა.

გრაფიკი 1: ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მლრდ ევრო)

წყარო: ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

რუსეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა წიაღისეულ საწვავსა და ნავთობპროდუქტებს გააჩნია. ეს მისთვის ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. შესაბამისად, ენერგომატარებლების დასანქცირების მოთხოვნა უკრაინაში შეჭრისთანავე გაჩნდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მისი სწრაფი აღსრულება ვერ მოხერხდა. ნავთობის და განსაკუთრებით გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლება რთული პროცესია. მომენტალურად რუსულ საწვავზე უარის თქმა ევროპაში წარმოების გაჩერებას ნიშნავდა, რაც პანდემიის დროს ისედაც შერყეულ ეკონომიკას კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნიდა.

ცალკეულმა სახელმწიფოებმა რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება ინდივიდუალურად დაიწყეს. ბრიუსელმა გადაწყვეტილება მხოლოდ წლის ბოლოს მიიღო - რუსულ ნავთობზე 60-დოლარიანი ჭერი დააწესა ბარელზე და მისი ტანკერებით იმპორტი აკრძალა, შეზღუდვები 2023 წლის თებერვალში ამოქმედდა.

2023 წლის პირველ 6 თვეში, ევროკავშირმა რუსეთისგან 24 მლრდ ევროს ღირებულების ენერგომატარებლები (ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი გაზი) შეიძინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 83%-ით და 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 71%-ით ნაკლებია.

გრაფიკი 2: ევროკავშირის მიერ ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან (მლრდ ევრო)

წყარო: ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

2022 წლის პირველ ნახევარში იმპორტის ზრდა, რაც არაერთხელ იქნა გამოყენებული პროპაგანდის მიზნით, რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული. პოსტკოვიდურ პერიოდში ფასები ომამდეც იზრდებოდა. ომის დაწყებიდან მალევე კი ნავთობის ფასმა 2008 წლის შემდეგ პირველად ბარელზე 120-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. მკვეთრად გაიზარდა გაზის ფასიც.

გრაფიკი 2: ევროკავშირის მიერ ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან (მლრდ ევრო)

წყარო: ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)

2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან ევროკავშირში როგორც მთლიანი, ასევე ენერგომატარებლების იმპორტი მკვეთრად შემცირდა. საერთო კლების მიუხედავად უშუალოდ გათხევადებული გაზის (LNG) იმპორტი გაიზარდა, თუმცა იმავე Financial Time-ის ცნობით, 40%-იანი ზრდა 2023 წლის იანვარ-ივლისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღინიშნა. 2022 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით ზრდის ტემპი კი მხოლოდ 1.7%-ს შეადგენდა. რაც მთავარია, გამოცემა აღნიშნავს, რომ მილსადენით ბუნებრივი გაზის იმპორტი, რაც მოხმარების გაცილებით დიდ წყაროს წარმოადგენს, შემცირდა.

ბექა ვარდოსანიძის პოსტში ფაქტობრივი ტყუილია ის, რომ ევროკავშირმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გაზარდა. გაიზარდა მხოლოდ გათხევადებული გაზის იმპორტი. მაშინაც კი, თუ პოსტის ავტორი დააკონკრეტებდა გათხევადებულ გაზს და არ მიუთითებდა იმას, რომ ენერგომატარებლების ჯამური იმპორტი და მის გარდა სხვა ყველა პროდუქციის იმპორტი ერთად მკვეთრადაა შემცირებული, პოსტი მაინც მანიპულაციური იქნებოდა. რუსეთს შემოსავლის მიღება შეუძლია როგორც ნავთობის გაყიდვიდან, ასევე რკინის, ალუმინის ან ხე-ტყის რეალიზაციიდან.

ევროკავშირს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი არ გაუზრდია, პირიქით - შეამცირა, ისევე როგორც ჯამური იმპორტი. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ განულებულა, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა. ცალკეულ პროდუქტებზე სავაჭრო ბრუნვა შესაძლოა, ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს ზრდის, დეზინფორმაციაა.


მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი