საქართველოს მთავრობა: საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, საქართველოს მთავრობის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

31 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ამავე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს მომდევნო წარმომადგენლობითი ვიზიტი დღეს, პირველ სექტემბერს, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან - შარლ მიშელთან, აქვს დაგეგმილი.

პრეზიდენტის საგარეო ვიზიტები პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილს გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავრობისგან 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად განეცხადა. აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტის გარდა, პრეზიდენტს უარი უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ოფიციალურ ვიზიტებზეც ეთქვა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება არ აქვს. ირაკლი კობახიძის თქმით, ,,ცხადზე ცხადია, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა“. ხოლო, ოპოზიციის წარმომადგენლები კონსტიტუციის დარღვევას, პირიქით, მთავრობის ქმედებებს უკავშირებენ. მაგალითად, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ყველანაირი მცდელობა პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება, რადგან ჩვენი კონსტიტუცია ნათლად ამბობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“.

მთავრობის ადმინისტრაცია, მის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაში, საქართველოს პრეზიდენტს შეახსენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ,,საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში“.

,,ფაქტ-მეტრმა’’ მთავრობის განცხადება გადაამოწმა.

მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას სწორედ საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის როლს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, ვინაიდან მოქმედი კონსტიტუციით ,,საქართველოს პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის სრულად მოკლებულია აღმასრულებელ ძალაუფლებას“[1]. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების უმნიშვნელოვანეს ბერკეტებს საქართველოს კონსტიტუცია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებას უქვემდებარებს.

საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებაც პრეზიდენტის უფლებამოსილებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც მთავრობის თანხმობაზეა დამოკიდებული. მეტი სიცხადისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი:

ა)მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებსსხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს;

კონსტიტუციის ზემოთ მოცემული დებულება მკაფიოდ ადასტურებს, რომ წარმომადგენლობითი ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება დამოკიდებულია მთავრობის თანხმობაზე, რაც სრულიად არის თანხვედრაში საქართველოში მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი დროთა განმავლობაში სრულიად ჩამოსცილდა აღმასრულებელ ძალაუფლებას.

როგორც აღვნიშნეთ, ოპოზიციურ სპექტრში, სალომე ზურაბიშვილის მიერ საგარეო ვიზიტების მთავრობის თანხმობის გარეშე გამართვას კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უკავშირებენ. კერძოდ, 78-ე მუხლი ითვალისწინებს კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებას, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

რეალურად, 78-ე მუხლში სიტყვასიტყვით წერია, რომ კონსტიტუციური ორგანოები ამ მუხლით გაცხადებული მიზნის მისაღწევად საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებენ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრობის თანხმობით არის შემოფარგლული, ამიტომ, ნათელია, რომ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ მთავრობის თანხმობის პირობებში შეუძლია საგარეო ურთიერთობებში თუნდაც იმ წარმომადგენლობითი ვიზიტების დაგეგმვა, რომლებსაც ქვეყნის ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება გააჩნდეთ. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ 78-ე მუხლის განმარტებისას, კანონის ფარგლებში მოქმედების კომპონენტი არ უნდა დაიკარგოს, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში, კონსტიტუციურ ორგანოებს რჩებათ თვითნებობის მაღალი შესაძლებლობა გადაწყვეტილებები საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბებით მიიღონ ან სრულიად სხვა ორგანოს უფლებამოსილებები შეითვისონ.

სხვა საკითხია, თავად მთავრობა პრეზიდენტისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე ამ ინტენსივობით უარის თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, არღვევს, თუ - არა კონსტიტუციის 78-ე მუხლს. აღნიშნულ საკითხზე, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის განმარტებით, „თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ 78 მუხლი ირღვევა, მას შეუძლია თავად წამოიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი“.

ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, როგორც თანამედროვე კონსტიტუციური წესრიგის ლოგიკა, ისე, საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლების შინაარსობრივი ინტერპრეტაცია, ცალსახად ადასტურებს, რომ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მთავრობის თანხმობის გარეშე საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მთავრობის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - სიმართლე.

შენიშვნა: დღეს, (9/1/2022) ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას აუწყა, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის გამო, იმპიჩმენტის პროცედურა აღიძვრება. ,,საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ეს არის იმპიჩმენტი კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, რადგან პროცედურის სისრულეში მოყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, ოპოზიციის ხმების გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს, თუმცა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე’’,- განაცხადა კობახიძემ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებასთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტის პოზიცია დღემდე უცნობია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია