სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებულ პოსტში ლიზ ტრასის ფოტოსთან ერთად ვხვდებით ტექსტს, რომელიც, ავტორის მტკიცებით, ბრიტანეთის ექს-პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებაა:
„ლიზ ტრასი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) – ამას 400 წელი ველოდებოდით და ვისწრაფოდით. როგორც იქნა, ჩვენი ოთხსაუკუნოვანი ოცნება ახდა! ყველას გილოცავთ! სლავები უკვე რვა წელია უკრაინაში ერთმანეთს ხოცავენ! და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთმანეთი დახოცონ არა რვა წელი, არამედ ოთხმოცი!!! და როცა უკრაინელებისგან აღარაფერი აღარ დარჩება და რუსებიც შემცირდებიან, მაშინ ჩვენ, ანგლო-საქსები, ავმოქმედდებით. რუსებს აღარ ეყოლებათ მილიონი უკრაინელი ჯარისკაცი, რაც წითელ არმიაში ჰყავდათ, ამიტომაც მათი დამარცხება გაგვიადვილდება. ამიტომ, ახლა ყველა ჩემს ქვეშევრდომს ორცხობილასა და წყალზე დავსვამ, მათ შუა საუკუნეებში დაბრუნებას ვაიძულებ, მაგრამ უკრაინელებსა და რუსებს შორის ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას არ დავუშვებ (ჩემთვის ყველა ერთნაირია)!... “
საგულისხმოა, რომ გავრცელებულ ფოტოს არ მოჰყვება დამატებითი ინფორმაცია იმას შესახებ, თუ როდის ან სად, რომელ მედიასთან ინტერვიუში ან რომელი ბრიფინგის/გამოსვლის დროს გააკეთა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზემოაღნიშნული განცხადება.
გარდა ამისა, გადამოწმების შედეგად ლიზ ტრასის იდენტური ან შინაარსობრივად მსგავსი ციტატა არც ქართულ და არც უცხოურ მედიასა და ღია წყაროებში არ იძებნება. ეს ფოტოსურათი, თანდართული ტექსტით, რამდენიმე რუსულ საიტზე ვრცელდება, თუმცა არცერთ მათგანს დამადასტურებელი წყარო მითითებული არ აქვს.
ამგვარად, ზემოაღნიშნული განცხადება, რომელსაც ბრიტანეთის ექს-პრემიერს, ლიზ ტრასს მიაწერენ, გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება.
-----
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.