პაატა მანჯგალაძე: ზარქუას სიძეს 20-მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ირაკლი ზარქუას სიძის - ალექსანდრე ამისულაშვილის კომპანია - შპს „ლაგი კაპიტალმა“, რომელშიც ის 50%-იან წილს ფლობს, სკოლების პროექტირება/მშენებლობასთან დაკავშირებული 20.6 მლნ ლარიანი ტენდერი მართლაც მოიგო. გარდა აღნიშნული ტენდერისა, მიმდინარე წელს იმავე კომპანიას სკოლების სარემონტო სამუშაოების და ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებული კიდევ 4 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური ღირებულება 12 169 471 ლარია. შესაბამისად, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ირაკლი ზარქუას ამერიკის ელჩთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „რატომ კადრულობს ამას ზარქუა, ეს კიდევ ცალკე საკითხია. იცით რატომ? - ჩვენ ვიცით 50 ლარიანი, 1000 ლარიანი „ტროლ-ბოტები“, მაგრამ ზარქუა არის განსხვავებული - 20 მილიონიანი ტენდერი აქვს მოგებული მის სიძეს. ადამიანს ალაპარაკებს სარგებელი, რომელსაც მიიღებს ე.წ. სკოლების რემონტიდან“.
20-მილიონიანი ტენდერი, რომელზეც დეპუტატი საუბრობს და რომელიც სკოლების მშენებლობას უკავშირდება (NAT230002005), შპს „ლაგი კაპიტალმა“ მოიგო.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, კომპანიას ორი დირექტორი - ბესარიონ დანელია და ლაშა გრიგალავა, ჰყავს. რაც შეეხება მესაკუთრეებს, კომპანიის 25%-იან წილებს შპს „ურბანიქსი“ და შპს „ლაშა 1987“, ფლობენ, ხოლო კომპანიის 50% შპს „ჯე5“-ს ეკუთვნის.
თავის მხრივ, შპს „ჯე5“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ალექსანდრე ამისულაშვილია, რომელიც ირაკლი ზარქუას სიძეა (დის - ნინო ზარქუას, მეუღლეა).
შესაბამისად, ირაკლი ზარქუას სიძის - ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილის, კომპანია შპს „ლაგი კაპიტალმა“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი (NAT230002005) მართლაც მოიგო. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 22 213 386 ლარი იყო. ტენდერს ოთხი პრეტენდენტი ჰყავდა. საბოლოოდ, გამარჯვებულად შპს „ლაგი კაპიტალი“ გამოცხადდა და კომპანიასა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდს შორის მიმდინარე წლის 26 აპრილს ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულებამ 20 611 989 ლარი შეადგინა.
აღნიშნული ტენდერი შიდა ქართლის 4 სკოლის - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის (დაწყებითი - 120 მოსწავლეზე), ქალაქ ხაშურის #4 საჯარო სკოლის (500 მოსწავლეზე), დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის (ბეღლითის კორპუსი - 30 მოსწავლეზე) და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის (120 მოსწავლეზე), პროექტირება/მშენებლობას გულისხმობს.
გარდა აღნიშნული ტენდერისა, მიმდინარე წელს შპს „ლაგი კაპიტალმა“ კიდევ 4 ტენდერი მოიგო - სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ რუსთავის #8 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების დასრულება ( NAT230013147, ღირებულება - 21 050 ლარი), წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ავრალოში სარიტუალო დარბაზის სარემონტო სამუშაოები (NAT230012563, ღირებულება - 27 764 ლარი), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, სოფელ მერიაში და სოფელ შრომაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა ( NAT230007387, ღირებულება - 7 213 921 ლარი) და ჩოხატაურის 4 სოფელში - გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთში და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა (NAT230004673, ღირებულება - 4 906 736 ლარი). სულ, აღნიშნული ტენდერების სახელშეკრულებო ღირებულებამ 12 169 471 ლარი შეადგინა.
განხილული მასალიდან გამომდინარე, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადება არის სიმართლე.