სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია (1,2,3,4,5,6,7,8), რომ თითქოს მექსიკელმა ჟურნალისტმა ან პერუელმა კინოდოკუმენტალისტმა რაფაელ ანტონიო გალუეს გარსიამ საქართველოში ყოფნისას, ანტიდასავლური შინაარსის მქონე შემდეგი განცხადება გააკეთა: „შეინარჩუნეთ ის განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ“. გამოქვეყნებული ვრცელი ციტატის ბოლოს კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ აქაც არის შემოსული დასავლური კულტურა, ცხოვრების ამერიკული სტილი, საბედნიეროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ ავიწყდება, ვინ არიან, საიდან მოდიან, რისი პატრონები არიან… იმათ კი, ვინც ახლაღა გაიტაცა უცხოურმა ყოფამ, ვურჩევ, შეინარჩუნოს ის უდიდესი განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ. აქაური მიწა თქვენი უძველესი მიწაა, აქაური ბებერი ხეების ჩრდილში თქვენი წინაპრები ისვენებდნენ; ეს ენა, ეს სიმღერა, ცეკვა, ფრესკები თქვენია, ამერიკაში კი ამ ყველაფერს იგონებენ. ერს ხელოვნურად ქმნიან, ანუ იქით მიდიან, რაც თქვენ ათასწლეულების მანძილზე შექმენით”. აღნიშნულ ინფორმაციას Facebook-გვერდი „პოლიტიკური სატირაც“ ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული პოსტი დასპონსორებულია.
აღსანიშნავია, რომ იდენტური ციტატა სოციალურ ქსელში 2018 წელსაც (1,2,3,4,5) აქტიურად ვრცელდებოდა. აქედან ერთ-ერთმა Facebook-ანგარიშმა „ჩემი ნაკვალევი“ ეს პოსტი 2018 წლის შემდეგ ახლა ხელმეორედ გამოაქვეყნა.
სინამდვილეში, ფოტოზე გამოსახული პიროვნება, არც მექსიკელი ჟურნალისტია და არც ცნობილი პერუელი კინოდოკუმენტალისტი. ხოლო პიროვნების სახელი, რომელსაც ცნობილ პერუელ კინოდოკუმენტალისტად წარმოაჩენენ, ქართულ და უცხოურ ღია წყაროებში საერთოდ არ იძებნება. მეტიც, ფოტოების უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით ვიგებთ, რომ ფოტოსურათზე ცნობილი მექსიკელი მსახიობი და პროდიუსერი გაელ გარსია ბერნალია გამოსახული. გაელ გარსია ბერნალის აღნიშნული ფოტო კი მისი მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ანიმაციის „Coco”-ს პრემიერაზეა გადაღებული.
„Coco“-ში, რომელსაც საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა, გარსია ბერნალი ჰექტორის პერსონაჟს ახმოვანებდა. მსახიობი ასევე თამაშობდა ფილმებში „ცუდი აღზრდა“ (Bad Education), „მოტოციკლეტისტის დღიურები“ (The Motorcycle Diaries), „სიბრმავე“ (Blindness), „ძილის მეცნიერება“ (The Science of Sleep) და სხვა. ცნობისთვის, მექსიკელი მსახიობი, გაელ გარსია ბერნალი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ფილმში „The Loneliest Planet“, რომელიც საქართველოში, ყაზბეგსა და ჯუთაშია გადაღებული. ფილმში ქართველი მსახიობი ბიძინა გუჯაბიძეც მონაწილეობს.
საქართველოში ფილმის გადაღებები 2010 წელს დასრულდა. მექსიკელი მსახიობის საქართველოში ყოფნა კი მედიას არ გაუშუქებია - გარსია ბერნალის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მხოლოდ „ტაბულას“ 2010 წლის 13 სექტემბრის სტატიაში ვკითხულობთ. სტატიაში მსახიობისა და ქართველი ჟურნალისტების დიალოგია მოცემული, სადაც გაელი მათ სამების ნახვას ურჩევს, რომელიც მისი თქმით ულამაზესია.
რაც შეეხება საქართველოს შესახებ გავრცელებულ ციტატას, რომელსაც არარსებულ ჟურნალისტს ან კინოდოკუმენტალისტს მიაწერენ, ის არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება. ამასთან, ფოტოზე, რომელიც გავრცელებულ განცხადებას ახლავს თან, როგორც აღვნიშნეთ, მექსიკელი მსახიობი გაელ გარსია ბერნალია გამოსახული. ის საქართველოში 2010 წელს იმყოფებოდა, თუმცა ინტერნეტში არც მის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება იძებნება. შესაბამისად, Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებული პოსტები რეალურ ინფორმაციას არ შეიცავს: დასახელებული პიროვნება, რომელსაც ხან ჟურნალისტად, ხანაც პერუელ კინოდოკუმენტალისტად მოიხსენიებენ, არ არსებობს. ფოტოზე კი მექსიკელი მსახიობია გამოსახული, რომელსაც გავრცელებული განცხადება არ გაუკეთებია.
-----------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.