Facebook-ანგარიში „სურვილების წვიმა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტომასალას, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია გამოსახული. ფოტოზე დატანილია შემდეგი წარწერა: „საქართველო რუსეთისგან 5 ცალ სამაშველო ვერტმფრენს შეიძენს“. გავრცელებული პოსტით იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა გააკეთა.
სინამდვილეში, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ღია წყაროებში ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება არ იძებნება. ციტატა რომელიც Facebook-ანგარიშის მიერ ვრცელდება, სატირულ შინაარსს ატარებს, გამოგონილია და რეალობას არ შეესაბამება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ხუთი ათასამდე რეაქცია აქვს. რეაქციებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ Facebook-მომხმარებელთა უმრავლესობამ კონკრეტული ამბავი სატირად აღიქვა, თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე ჩანს ისიც, რომ საზოგადოების ნაწილმა ეს განცხადება რეალურად მიიჩნია.
აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ანგარიში სურვილების წვიმა, რომელიც გასართობი შინაარსის ვებგვერდად არის რეგისტრირებული, 2023 წლის 31 მარტს არის შექმნილი. Facebook-ანგარიშის თავდაპირველი სახელი “modi aq” იყო. მოგვიანებით ის ექვსჯერ შეიცვალა და 4 აგვისტოს „სურვილების წვიმა“ დაერქვა.
----------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.