სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), WEF-ის ოფიციალური პარტნიორის, Arup Group-ის, შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ბოლოს და ბოლოს ყველაფერი თქვეს ბოლომდე , Arup Group-მა, WEF-ის ოფიციალურმა პარტნიორმა, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოითხოვდა ტანსაცმლის, მანქანების, ელექტრონიკის და საკვების მოხმარება თითქმის ნულამდე შემცირდეს, რათა „პლანეტა გადავარჩინოთ“. რეალურად, გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ინტერპრეტაციებით არის გამოყენებული C40 Cities-სა და Arup Group-ის საერთო მოხსენება („ურბანული მოხმარების მომავალი 1.5°C მსოფლიოში“), რომელიც ინიციატივას წარმოადგენს და არა გაწერილ გეგმას და მის მომზადებაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „პროგრესის მიღწევა შესაძლებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის (პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურის წარმომადგენლების, სხვ.) გაერთიანებით, რომლებსაც აქვთ სურვილი და გავლენა, პოზიტიური ცვლილებები განახორციელონ“.

მაია თვალაძის პოსტი მთლიანად ეყრდნობა ინგლისურენოვანი გამოცემის The People’s Voice სტატიას, სახელწოდებით: „WEF უბრძანებს მთავრობებს, აუკრძალოს საზოგადოებას მანქანების მართვა „გლობალურ დუღილთან“ საბრძოლველად“. აღსანიშნავია, რომ The People’s Voice ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, განსაკუთრებით WEF-თან დაკავშირებით, რაც „ფაქტ-მეტრს“ არა ერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1; ბმული 2).

რეალურად, გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორი ინტერპრეტაციებით არის გამოყენებული C40 Cities-სა და Arup Group-ის მოხსენება („ურბანული მოხმარების მომავალი 1.5°C მსოფლიოში“), რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და არ უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. ანგარიშის დამფინანსებელ ან მონაწილე ორგანიზაციებს შორის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) არ არის ნახსენები, თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ Arup Group მართლაც არის WEF-ის ოფიციალური პარტნიორი. მათ აქამდე რამდენიმე პროექტის ფარგლებში უთანამშრომლიათ, რის შესახებაც ინფორმაციას WEF-ი ოფიცილალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ამავდროულად, C40 Cities-ისა და Arup Group-ის მოხსენება ინიციატივაა და არა - გაწერილი გეგმა, რომელიც წევრი ქვეყნებისთვის მოთხოვნას წარმოადგენს. ხაზგასასმელია, რომ ანგარიში მართლაც მოიცავს და რეკომენდაციებს უწევს სამომავლო სცენარებს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს ემისიები მოხმარების ექვს ძირითად კატეგორიაში - საკვები, შენობები და ინფრასტრუქტურა, კერძო ტრანსპორტი, ავიაცია, ტანსაცმლელი და ტექსტილი, ელექტრონიკა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება და მოხმარება (იხილეთ ფოტო). მაგალითად, აღნიშნული მოხსენება კვებასთან დაკავშირებით „საკვების მოხმარების ინტერვენციის“ ხუთ ინიციატივას წარმოადგენს, რომლებიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებისკენაა მიმართული, მათ შორის, ამბიციურ მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ხორცის მოხმარების ნულამდე შემცირებას, ხოლო პროგრესულ მიზნად - ერთ ადამიანზე ერთ წელიწადში ხორცის მოხმარების 16 კილოგრამამდე შემცირებას.

შესაბამისად, მტკიცება, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურმა პარტნიორმა, Arup Group-მა, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მოითხოვს ტანსაცმლის, მანქანების, ელექტრონიკის და საკვების მოხმარების თითქმის ნულამდე შემცირებას, მცდარია. რეალურად, მოხსენება, რომელზეც პოსტის ავტორი საუბრობს, რეკომენდაციაა და არა მოთხოვნა, რომელიც 2030 წლისთვის აუცილებლად უნდა შესრულდეს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: