სოციალურ ქსელში ჰომეოპათი თინა თოფურია, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “ფაქტ-მეტრს” აქამდეც გადაუმოწმებია (1, 2, 3), კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით, დეზინფორმაციული შინაარსის პოსტს ავრცელებს. პოსტს ერთვის slaynews.com-ის სტატია, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისმა აღიარა, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა 92% სამჯერ ან მეტჯერ იყო აცრილი. სინამდვილეში, მოცემულ სტატიაში დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამმართველოს მიერ გავრცელებული მონაცემები გამოყენებულია ვაქცინების ეფექტურობის შესახებ მანიპულაციის გასავრცელებლად. აღნიშნული დეზინფორმაცია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მას არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა.

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) მიხედვით, 2022 წელს, სამი დოზით ვაქცინირებულთა შორის, ინგლისსა და უელსში COVID-19-ით გამოწვეული 22 361 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. აღნიშნული რაოდენობა კი 2022 წელს COVID-19-ით გარდაცვლილთა 80%-ს შეადგენს და არა 92%-ს, როგორც ეს გავრცელებულ დეზინფორმაციაშია აღნიშნული.

COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის 92% მოიცავს იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ერთხელ მაინც იყვნენ აცრილები. თუმცა, ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებლის საშუალებით ვაქცინის არაეფექტურობაზე ან მის მიერ გამოწვეული ზიანზე დასკვნების გამოტანა შეცდომაში შემყვანია. ინგლისსა და უელსში COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი ადამიანების სიკვდილიანობის 80%-იანი მაჩვენებელი განპირობებულია არა ვაქცინის არაეფექტურობის ან უარყოფითი შედეგის, არამედ მთლიან მოსახლეობაში ვაქცინაციის მაღალი დაფარვის გამო. აღნიშნულ საკითხზე Reuters-თან კომენტარისას, ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა: „მოსახლეობაში, ვაქცინაციის საერთო მაჩვენებლის გაანალიზების გარეშე, სრულად აცრილებს შორის გარდაცვალების მაჩვენებლის გამოყოფა შეცდომაში შემყვანია. მაგალითად, თუ ქვეყანაში ყველა აცრილი იქნება, მაშინ მოქალაქეების 100% ვაქცინირებული დაიღუპება“.

სიკვდილიანობის მაჩვენებლების საფუძველზე ვაქცინის ეფექტურობის ანალიზისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ასაკი, რადგან COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ახალგაზრდებს, ძლიერი იმუნიტეტის ხარჯზე, ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ COVID-19-თან გამკლავება, ვიდრე ხანში შესულებს. ასევე, 40 წლამდე ასაკის ადამიანებთან შედარებით, COVID-19-ით გარდაცვალების შანსი ბევრად მეტია 70 წელს გადაცილებულ ადამიანთა კატეგორიაში. ეს გამოწვეულია ხანდაზმულებში უფრო მეტი ჯანმრთელობის პრობლემით და ქრონიკული დაავადებებით, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს და COVID-19-თან საბრძოლველად სუსტ პირობებს ქმნის. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისა და ვაქცინაციის ეფექტურობის ანალიზისას, მნიშვნელოვანია ასაკისა და ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტსში უგულებელყოფილია.

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ როგორ ხდებოდა ვაქცინის დისტრიბუცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, პირველ რიგში, სუსტი ჯანმრთელობის მქონე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ, ყველაზე მოწყვლად ადამიანებში გაკეთდა, რომელთა სიცოცხლის გადარჩენის შანსი ვაქცინის გაკეთებამდეც დაბალი იყო. აღნიშნულმა, თავის მხრივ, ვაქცინირებულში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილად წარმოადგინა.

რეალურად, მონაცემები ინგლისიდან გვიჩვენებს, რომ არავაქცინირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანებში. 2021 წლის აპრილში არავაქცინირებულებს "კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილიანობის" მკვეთრად მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ (100 000 ადამიანიდან 131.1), ვიდრე მათ, ვინც ერთხელ მაინც აიცრა (100 000 ადამიანიდან 42.7). მონაცემების მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში არავაქცინირებულებში COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 100 000 ადამიანიდან 63.5 იყო, მაშინ როდესაც ვაქცინირებულებში 100 000 ადამიანიდან 34.3 სიკვდილი ფიქსირდებოდა (იხილეთ ცხრილი „Deaths occurring between 1 April 2021 and 31 December 2022 edition of this dataset“).

ამდენად, სოციალურ ქსელში გაზიარებულ ინფორმაციაში დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურად არის გამოყენებული. COVID-19-ის ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებლის საფუძველზე, ვაქცინის ეფექტურობის შესახებ დასკვნების გამოტანა, სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, მცდარია და მკითხველისთვის შეცდომაში შემყვანი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.