მამუკა მდინარაძე: 7 აგვისტო პირველად თარიღი შემოტანილ იქნა რუსების მიერ შესწორების სახით რეზოლუციაში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი:
მამუკა მდინარაძემ ომის დაწყების თარიღის შესახებ საუბრისას განაცხადა: „7 აგვისტო პირველად თარიღი შემოტანილ იქნა რუსების მიერ, შესწორების სახით, რეზოლუციაში, რომელსაც სამწუხაროდ მხარი დაუჭირა ქართულმა დელეგაციამ [ნაცმოძრაობამ]- ეს იყო დანაშაულებრივი მხარდაჭერა“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
მამუკა მდინარაძე თავის განცხადებაში ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ს გულისხმობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დოკუმენტი 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო. დოკუმენტის შესახებ დებატები 30 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს მიმდინარეობდა და საბოლოო ფორმის მიცემამდე გარკვეული ცვლილებები განიცადა.
მამუკა მდინარაძე თავის განცხადებაში ამტკიცებს, რომ 7 აგვისტო ომის დაწყების თარიღად რუსების მიერ შემოტანილი შესწორების შედეგად იქნა მითითებული. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება (იხილეთ: რეზოლუციის პირველადი ვერსია - დანართი 1).
ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო რეზოლუციის მე-4 პარაგრაფში გვხვდება. მომდევნო, მე-5 პარაგრაფში ქართველთა მხრიდან ცხინვალზე შეტევის დაწყების თარიღადაც 7 აგვისტოა მითითებული, რასაც ვითარების ესკალაცია და ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მოჰყვა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეზოლუციის პირველმა ვარიანტმა შემდგომში ცვლილებები განიცადა და შესწორებები შევიდა. ჯამში, დოკუმენტთან დაკავშირებით კენჭისყრაზე შესწორების 46 ინიციატივა დადგა. შესწორებების ინიციატივით გამოდიოდნენ როგორც ქართული და რუსული მხარეები, ასევე კომიტეტები თუ საპარლამენტო ასამბლეის სხვა წევრები.
შესწორებები უამრავ საკითხს შეეხებოდა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, რეზოლუციაში 7 აგვისტო პირველად (ე.წ. დრაფტ) ვერსიაშივე ეწერა და ის აქ რუსული მხარის ინიციატივით არ ჩაწერილა.
რეზოლუციის პირველად ვერსიას თან ახლავს ანგარიშიც, რომელიც მის მოსამზადებლად იქნა შემუშავებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საკითხის შესასწავლად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაედგა, რისთვისაც სხვა მოქმედებებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მონიტორინგის კომიტეტს ანგარიში უნდა მოემზადებინა, ხოლო პოლიტიკურ საქმეთა, ადამიანის უფლებათა და მიგრაციის კომიტეტებს მოსაზრება უნდა წარმოედგინათ.
ანგარიშში წერია, რომ უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება გაცილებით ადრე დაიწყო. მათ შორის, აღნიშნულია სამშვიდობო ინიციატივების ჩავარდნის საკითხი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ სიტუაცია კონტროლს მიღმა გადიოდა, გერმანელებმა აფხაზეთთან დაკავშირებით, სამშვიდობო გეგმა წარმოადგინეს, ხოლო ეუთომ და ევროკავშირმა - სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ორივე ეს სამშვიდობო ინიციატივა აფხაზური და სამხრეთ-ოსური დე-ფაქტო ლიდერშიფის/ხელისუფლების ინიციატივით 2008 წლის ივლისში ჩავარდა.
ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ რუსული მხარის პოზიციით, საქართველომ ცხინვალის მიმართულებით არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეტევა 7 აგვისტოს, 22:38 საათზე დაიწყო, ხოლო რუსეთი როკის გვირაბის გავლით მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო კონფლიქტში („კონტრ-შეტევაზე გადავიდა“), რაც მიიღო ცნობები რუსულ სამშვიდობო ჯარებზე მიტანილი იერიშებისა და მშვიდობიან მოქალაქეთა შორის დიდი დანაკარგების შესახებ. ქართული პოზიცია ამის საწინააღმდეგოა. ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ სიტუაციამ ესკალაციის უპრეცედენტო მასშტაბს 6-7 აგვისტოს მიაღწია და 7 აგვისტოს გვიან საღამოს, მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ მიიღო მრავალი სადაზვერვო ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსული მძიმე ტექნიკა როკის გვირაბის გავლით ცხინვალის რეგიონში შემოდიოდა, საქართველომ რუსეთის შემოჭრის შესაჩერებლად კონტრ-შეტევა წამოიწყო.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შვიდი აგვისტო სამხედრო მოქმედებების თარიღად რეზოლუციაში არათუ რუსული შესწორებით მოხვდა, არამედ პირველად ვარიანტშივე გვხვდება. მეტიც, რუსული მხარისთვის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს გამოცხადებაა მისაღები. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ რუსული მხარე ამტკიცებს, თითქოს ისინი სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ მანამ, სანამ არ მიიღეს ცნობები სამშვიდობოებსა და მშვიდობიან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების შესახებ. რუსული პოზიციაა, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გადმოკვეთა რუსულმა ჯარმა როკის გვირაბი და ქართული მხარის წინააღმდეგ კონტრ-შეტევა განახორციელა, ხოლო მანამდე საქართველო სამხრეთ ოსეთს უპირისპირდებოდა.
შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.
„ფაქტ-მეტრი“ რეზოლუცია 1633-ის შესახებ ადრეც წერდა (იხილეთ: ბმული 1; ბმული 2).