Facebook-ანგარიში Crazy World სოციალურ ქსელში ავრცელებს მტკიცებას(არქივირებული ბმული), რომ თითქოს NATO გერმანელ ჯარისკაცებს უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. გავრცელებულ პოსტს თან ერთვის გერმანული მედიის Mopo.de-ს სტატიის ფოტო-ანაბეჭდი, სადაც ვკითხულობთ, რომ გერმანელი „მოხალისეების დისლოკაციის ადგილი საქართველო იქნება“. „არმიის რიგების შევსების მოწვევები ვრცელდება ახლო აღმოსავლეთიდან ემიგრანტების მასობრივ საცხოვრებელ ადგილებში“, - წერს Facebook-ანგარიში Crazy World თავის პოსტში.

გავრცელებულ ფოტო-ანაბეჭდზე ვკითხულობთ:

„ნატოს წარმომადგენლები ჰამბურგში სამხედრო სამსახურში მოხალისეებს იწვევენ. 23 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებს სთავაზობენ სტაჟირებას და საქართველოში წასვლას რუსეთის წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. მოწვევებიდან გამომდინარე, ასევე გადაწყდა ჯარების გაზრდა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. უკრაინის ჯარების მხარდასაჭერად აუცილებელია მოწინააღმდეგის რესურსების დეცენტრალიზაცია“.

სინამდვილეში, გერმანულ გამოცემა Mopo.de-ს მსგავსი შინაარსის სტატია არ გამოუქვეყნებია. გერმანული გამოცემის ვებგვერდზე ასეთი შინაარსის ტექსტი საერთოდ არ არის. მეტიც, არც ერთ ღია წყაროში, მედიასაშუალების პლატფორმასა თუ თავად NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე NATO-ს მიერ გერმანელი მოხალისეების საქართველოში ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ხოლო ფოტო, რომელიც აღნიშნულ ფოტო-ანაბეჭდზე გვხვდება, გერმანული გამოცემის სრულიად სხვა შინაარსის, 2020 წლის 2 იანვრით დათარიღებულ სტატიაშია გამოყენებული. სტატია გერმანიის მიერ იარაღის წარმოებასა და ექსპორტს ეხება და შესაბამისად, მასში NATO-ს მიერ გერმანელი მოხალისეების გაწვევისა და საქართველოში ჩამოყვანის შესახებ არაფერია ნათქვამი. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული გამოცემის ვებგვერდზე გავრცელებულ ფოტო-ანაბეჭდზე დატანილი ავტორის (Maternus Hilger) სულ შვიდი სტატია ფიქსირდება. აქედან - ერთ-ერთი, იდენტური ფოტოთია გაფორმებული, თუმცა ეს სტატია 2020 წელსაა გამოქვეყნებული და მას უკრაინის ომთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამდენად, Facebook-ანგარიშის Crazy World-ის მიერ გავრცელებული ფოტო-ანაბეჭდი, რომელსაც ის გერმანული გამოცემის სტატიად ასაღებს, გაყალბებულია - მასზე დატანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გამოგონილია.

აღსანიშნავია, რომ ყალბი მტკიცება, თითქოს ნატოს ჯარები უკრაინაში იბრძვიან, აქამდეც ვრცელდებოდა. რეალურად, NATO-ს ჯარები უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ. NATO-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ „უკრაინის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან NATO-ს ჯარისკაცები და ინსტრუქტორები და არ დაფიქსირებულა NATO-ს დაქვემდებარებული სამხედრო პერსონალის მკვლელობის შემთხვევა უკრაინის ტერიტორიაზე“. ამასთან დაკავშირებით სტატია BBC-მაც მოამზადა, სადაც აღნიშნულია, რომ NATO-ს წევრ არც ერთ სახელმწიფოს ოფიციალურად, უკრაინაში საომარ მოქმედებებში რაიმე ფორმით მონაწილეობის მისაღებად სამხედრო პერსონალი არ გაუგზავნია.

ამდენად, მტკიცება თითქოს გერმანული გამოცემა NATO-ს მიერ გერმანელი ჯარისკაცების მიღებასა და მათ საქართველოში განლაგებას აანონსებს, ყალბია. გავრცელებული ფოტო-ანაბეჭდი, რომელსაც Facebook-ანგარიში Crazy World ავრცელებს, გაყალბებულია და გერმანული გამოცემის სტატიას არ ასახავს. ამასთან, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ NATO გერმანელი ჯარისკაცებისა და მოხალისეების საქართველოში ჩამოყვანას გეგმავს, აგრეთვე მტკიცება, რომ „მოწვევები ახლო აღმოსავლეთიდან ემიგრირებულ მასობრივ საერთო საცხოვრებლებში ვრცელდება“, სიმართლეს არ შეესაბამება.

-----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია