5 ივლისს facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი. სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ამბობს: „საღამო მშვიდობისა უკრაინა! საღამო მშვიდობისა კიევო! მე მქვია ვლადიმირ ზელენსკი, მე აქ ვარ რუსეთის გულში, მაგნიტოგორსკის მოედანზე. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ყველა ისტორია, ყველა ლეგენდა იმის შესახებ, რომ რუსეთში მიმდინარეობს ანტი-უკრაინული დეზინფორმაციული ომი სიმართლეს არ შეესაბამება. ვადასტურებ, მეორე დღეა აქ ვარ და უკვე ცოტათი არ მომწონხართ თქვენ - ბანდერელები. იცით, აქ მართლაც ძალიან დემოკრატიულია, აქ თავისუფლებაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყვიროს „დიდება უკრაინას!“ და ამ ადამიანს არაფერი დაემართება. არაფერი ისეთი, რასაც თანამედროვე მედიცინა ვერ გამოასწორებს. მინდა ვთქვა, რომ სიმართლეა, რომ რუსები უკრაინელების მიმართ ნამდვილად დემოკრატიულები და ძალიან თბილები არიან. რაც შეეხება უკრაინას, მთავარი ამბავი არის ის, რომ გუშინ ევროკავშირმა უკრაინისთვის გამოყო კიდევ ერთი ტრანში 1.6 მილიარდი ევროს რაოდენობით. ძალიან სამწუხაროა, ძალიან, რადგან მე აქ ვიმყოფები, მოსკოვში... არ ვარ უკრაინაში და სამწუხაროა, რომ ვერ ვიღებ მონაწილეობას მის გაყვლეფაში".

ვიდეოს ახლავს პოსტის ავტორის აღწერა „ნახეთ როგორ ჭიკჭიკებდა ერთ დროს ზელენსკი, როცა რუსეთი 'აჭმევდა'!!! ვიდეოკოლაჟი და პოსტის აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი წარსულში რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი იყო.

სინამდვილეში ვიდეო დამონტაჟებულია და მონაკვეთები არასრული სახით და კონტექსტის გარეშეა შერჩეული. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდა უკრაინულ კომედიურ გადაცემაში „ნამდვილი ამბები“ (ЧистоNews), სადაც მუდმივი რუბრიკა - „სიახლეები რუსეთიდან“ მიჰყავდა. ინტერნეტში გადაცემის შესახებ მითითებული ინფორმაციით „ნამდვილი ამბები“ (ЧистоNews) საინფორმაციო იუმორისტული გადაცემაა, რომელიც ნამდვილ და არარეალურ მოვლენებს მიმოიხილავს და პოზიტიური და ირონიული გზით გადმოსცემს. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ამ პროგრამის 3 სხვადასხვა გადაცემიდან (2014 წლის მე-18, 22-ე და 23-ე გადაცემები) შერჩევით ამოჭრილი კადრებია გაერთიანებული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ვიდეოში სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრები ჩანს. ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა ასევე განსხვავებულია.

Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „მინდა ვთქვა, რომ სიმართლეა, რომ რუსები უკრაინელების მიმართ ნამდვილად დემოკრატიულები და ძალიან თბილები არიან“, თუმცა სინამდვილეში ვიდეოში მონაკვეთი არასრულადაა შეტანილი. 2014 წლის 23-ე გადაცემაში სინამდვილეში ის ამბობს, რომ „სიმართლეა, რომ რუსები უკრაინელების მიმართ ნამდვილად დემოკრატიულები და ძალიან თბილები არიან, სანამ აღმოაჩენენ, რომ მე და თქვენ უკრაინელები ვართ“. ამდენად, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მხრიდან უკრაინელებისადმი რეალურად არსებულ არაკეთილგანწყობაზე მიუთითებს.

2014 წლის 22-ე გადაცემიდან აღებული კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, „[რუსეთი] მართლაც ძალიან დემოკრატიულია, აქ თავისუფლებაა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყვიროს „დიდება უკრაინას!“ და ამ ადამიანს არაფერი დაემართება“, ასევე ირონიული ხასიათისაა. ამაზე მეტყველებს წინადადების მეორე ნაწილი „... არაფერი ისეთი, რასაც თანამედროვე მედიცინა ვერ გამოასწორებს“.

გადაცემისა და ვიდეოების მონაკვეთის ირონიულ შინაარსზე მეტყველებს ვიდეოს ის ნაწილიც, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ყველა ისტორია, ყველა ლეგენდა იმის შესახებ, რომ რუსეთში მიმდინარეობს ანტი-უკრაინული დეზინფორმაციული ომი, სიმართლეს არ შეესაბამება. ვადასტურებ, მეორე დღეა აქ ვარ და უკვე ცოტათი არ მომწონხართ თქვენ - ბანდერელები“.

უკრაინელებისთვის ბანდერელების წოდება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაა. მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება რუსი ხალხის გამაერთიანებელ ფაქტორად იქცა, რაც სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გრძელდება. ამიტომაც რუსი იდეოლოგები უკრაინელებს ხშირად მოიხსენიებენ ტერმინით „ბანდერელები“. სტეპან ბანდერა მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი თავისუფლებისთვის მებრძოლი ნაციონალისტი ლიდერი იყო, რომელიც გარკვეულ პერიოდში სსრკ-ს წინააღმდეგ ნაცისტებთან თანამშრომლობდა. ბანდერას მოძრაობის წევრები ჩართულები იყვნენ სამოქალაქოების, ებრაელებისა და პოლონელების მასობრივ მკვლელობასა და ეთნიკურ წმენდაში. ბანდერელების წოდებით კი რუსული პროპაგანდა უკრაინელებისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს. ამდენად, ვიდეოს მონაკვეთში ზელენსკის მიერ უკრაინელებისთვის ბანდერელების წოდება აშკარა ირონიაა და ლოგიკურად რუსეთში არსებულ ძლიერ ანტი-უკრაინულ პროპაგანდაზე ხაზგასმას წარმოადგენს.

ირონიული შინაარსისაა ის წინადადებაც, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 1.6 მილიარდიანი ტრანშის გამოყოფას მიმოიხილავს და უკრაინაში არ ყოფნის გამო მწუხარებას გამოთქვამს, რადგან ქვეყნის „გაყვლეფაში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს. გადაცემის იუმორისტული შინაარსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში იმ დროისთვის არსებულ კორუფციას აკრიტიკებს.

ამდენად, Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო მოიცავს შერჩევითად არჩეულ კადრებს, რაც ზელენსკის რუსეთისადმი დამოკიდებულების შესახებ არასწორ წარმოდგენას ქმნის. ვიდეოში გადაცემის იუმორისტული შინაარსი ასევე არაა გათვალისწინებული.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.