[რაჭაში მომხდარ ღვარცოფზე] საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია

ირაკლი ღარიბაშვილი: [რაჭაში მომხდარ ღვარცოფზე] საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი: 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც დიდი ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია, წაიღო ხიდი და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დანარჩენ საქართველოს მოწყვიტა. მეწყერი არა მხოლოდ დაუსახლებელ ადგილებს, არამედ ადამიანებსაც შეეხო. უამრავი ადამიანია დაკარგული და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ასევე სტიქიური მოვლენის შედეგად არის მსხვერპლიც.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სტიქიური უბედურებების პრევენციაზე ალაპარაკდა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი განცხადებით, „ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა ძალიან არასერიოზულია“.

“ფაქტ-მეტრმა” გადაამოწმა რეალურად, მოსალოდნელი სტიქიური უბედურების პროგნოზირება რამდენად არის შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებით მომხდარში ხელისუფლების ბრალეულობას იმაზე დაყრდნობით გამორიცხავს, რომ, მისი აზრით, კატაკლიზმების, ტრაგედიებისა და სტიქიების თავიდან არიდება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, არსებობს სამეცნიერო დოკუმენტი, რომელიც ზემოაღნიშნულ საკითხებს შეეხება.

2022 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო ბიულეტენი შეიქმნა. ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2022 წლისთვის პროგნოზებს შეეხებოდა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მიხედვით არსებული პრობლემები და სამომავლო რისკებია განხილული (გეოლოგიური თვალსაზრისით).

დოკუმენტი სხვა რეგიონებთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში არსებულ გეოლოგიურ პრობლემებსა და სამომავლო რისკებზეც საუბრობს. დოკუმენტში ზემოაღნიშნულ რეგიონზე ვკითხულობთ, რომ „უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პერიოდში, მდინარეები და ხევები იძენენ დიდ ენერგიას და ახდენენ ფერდობების ძირში აკუმულირებული გამოფიტული მასალის ტრანსპორტირებას, რასაც ხშირად თან ახლავს კატასტროფული ხასიათის ღვარცოფების ტრანსფორმაცია. ატმოსფერული ნალექების ინფილტრაცია თიხნარ-ღორღოვან გრუნტებში და ნაპრალოვან ქანებში, გრუნტის წყლების დონეების ცვალებადობასთან ერთად, ხელს უწყობს ფერდობებზე მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების გააქტიურებას“.[1]

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ობიექტები და გასატარებელი დამცავი ღონისძიებები. მათ შორისაა ონი-შოვის გზაც, რომელიც მეწყრული, კლდეზვავური, ეროზიული პროცესების გამო, პერიოდულად ზიანდება. ამ ადგილას ღვარცოფული ნაკადების ფორმირება სეზონურია და ის შეიძლება წელიწადში ერთი-ორჯერ მოხდეს, საშიშროების რისკი კი საშუალოდაა შეფასებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ამავე დოკუმენტით გაწერილია გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის: მდ.რიონის გაღრმავება-გასწორხაზოვნება; აქტიური გვერდითი ეროზიის უბანზე ნაპირდამცავი კონსტრუქციების მოწყობა. კლდეზვავური კერის ძირში აკუმულირებული მასალის გატანა-გაწმენდა და ფერდობსამაგრი კედლის მოწყობა შესაბამისი პროექტის საფუძველზე.[2]

პრობლემურია სოფელ გლოლაში მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობა. აქ მეწყრული პროცესებია ძირითადი პრობლემა. ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ღვარცოფული ნაკადების გავლა ხდება საშუალოდ წელიწადში ორ-სამჯერ, ღვარცოფის საშიშროების რისკი კი მაღალია. დოკუმენტისვე თანახმად, საჭიროა მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-დაღრმავება და ბორტების გამაგრება, ასევე ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგის წარმოება.[3]

ამგვარად, სხვადასხვა მხარეში არსებულ პრობლემურ ლოკაციებზე დეტალურად განსაზღვრულია რისკები და შესასრულებელი სამუშაოები, რომლებმაც მათგან ადამიანებისადმი ზიანის მიყენების რისკი უნდა შეამცირონ ან საერთოდ აღმოფხვრან.

როგორც ზემოაღნიშნული მსჯელობიდან დავინახეთ, სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული სტიქიური პროცესები წინასწარ განსაზღვროს, ამასთან ერთად ისინი იმგვარად მოაწყოს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მათგან ადამიანებისადმი მიყენებული ზიანის რისკი რაც შეიძლება მცირე იყოს.

ფაქტია, რომ რაჭაში მომხდარი სტიქიური მოვლენების არეალში პრობლემას გარემოს ეროვნული სააგენტო წინასწარ ხედავდა და გასატარებელი ღონისძიებების რეკომენდაციასაც იძლეოდა. აქედან გამომდინარე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მცდარი.



[1] 2022 წლის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტინი - გვ 224

[2] 2022 წლის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტინი - გვ 245

[3] 2022 წლის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო ბიულეტინი - გვ 243