რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა. ამ დროისთვის (4 აგვისტო, 16:00) 11 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული.

შსს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. ამავე ინფორმაციით, დღეს, დილის ექვსი საათიდან სამაშველო ღონისძიებებში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები სამაშველო სამუშაოებში გუშინვე ჩაერთნენ, თუმცა დაღამების გამო, დამეწყრილ ზონაში მუშაობა დილამდე შეაჩერეს, რადგან საქართველოს ამ დრომდე ღამის სამაშველო სამუშაოების შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები არ ჰყავს.

შოვში მომხდარ სტიქიას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან“.

სამაშველო და ზოგადად, ვერტმფრენების რაოდენობის საკითხი აქტუალური ყოველი სტიქიური უბედურების შემდეგ ხდება.

სამაშველო სამსახურს საკუთარი ვერტმფრენი არ ჰყავს და საგანგებო მდგომარეობების დროს სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენებს იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მიხედვით (კონკრეტულად, 2013-2014 წლების, შემდგომი წლების ანგარიშებში ავიაციის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება), სასაზღვრო პოლიციას ორი MИ-8 ტიპის შვეულმფრენი (სულ 4 ასეთი შვეულმფრენი ჰყავდა, ერთი ბორჯომში ხანძრის დროს დაზიანდა, მეორე გუდაურის ავიაკატასტროფისას განადგურდა), ერთი MИ-2 ტიპის შვეულმფრენი, ერთი AS-350 BV-i ტიპის შვეულმფრენი ერთი АН-28 ტიპის თვითმფრინავი, ორი „ან-28“ ტიპის თვითმფრინავი და ერთი სუპერ პუმა AS332L1e ჰყავს (მონაცემები როგორც აღვნიშნეთ, 2013-2014 წლის ანგარიშიდან არის აღებული და შესაძლოა, ზუსტი არ იყოს).

ვერტმფრენების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე სხვადასხვა დროს „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებიც აპელირებდნენ.

2022 წლის 29 აგვისტოს, გუდაურის ტრაგედიის შემდეგ (გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპა ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი) პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ ხელისუფლება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ „სუპერ პუმას“ გაყიდდა და ამ თანხით სამ ახალ ვერტმფრენს შეიძენდა. „მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არის შეძენილი, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი ევრო არის გადახდილი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავის ესარგებლა და მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, გავყიდით და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს , რომლებიც სხვადასხვაა ოპერაციებისთვის გამოგვადგება“,- ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილი.

მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე (2021 წლის 2 აგვისტო) შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ უწყების სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ჩაუტარდებოდა, ასევე სასაზღვრო პოლიციისთვის ორი ახალი შვეულმფრენის შეძენა იყო დაგეგმილი.

კიდევ უფრო ადრე, 2019 წლის მაისში, ჯერ კიდევ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას აცხადებდა: „სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება სასაზღვრო პოლიციის როტაციას, მაგალითად: თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, საგანგებო სიტუაციებში მართვას, როდესაც ადამიანი ზიანდება მთაში, ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება 4, რა თქმა უნდა, გამართული და არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენი“.

აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, რეალურად, სასაზღვრო პოლიციას ახალი ვერტმფრენები ამ დრომდე არ ჰყავს, თუმცა გასული წლის 25 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ერთეული H145-ის ტიპის შვეულმფრენის შესყიდვაზე გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა (SMP220003407). სატენდერო დოკუმენტაციის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული შვეულმფრენების ნაწილი მოძველებულია, ასევე მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს მათი გეგმური რემონტი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენის რეალიზაციის სანაცვლოდ, 3 ერთეული თანამედროვე სტანდარტის შვეულმფრენის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის გამოყენება როგორც საპოლიციო, ასევე სამაშველო მისიებში იქნება შესაძლებელი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია „Airbus Helicopters S.A.S-მა“ გამოთქვა მზაობა პრივატიზების გზით შეიძინოს მისივე წარმოებული საფრენი აპარატი და საპრივატიზაციო თანხად 5 500 000 ევრო განისაზღვრა. სამი ერთეული შვეულმფრენის ჯამური ღირებულება 26 500 000 ევროა. შვეულმფრენების მოწოდება ეტაპობრივად განხორციელდება. კერძოდ, პირველი შვეულმფრენის მიღება 17 თვის განმავლობაში მოხდება, მეორე შვეულმფრენის 19 თვის განმავლობაში, ხოლო, მესამე შვეულმფრენის 20 თვის განმავლობაში.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ იმის მიუხედავად, რომ სამაშველო შვეულმფრენის აუცილებლობაზე საქართველოს მთავრობის პირები მრავალი წლის განმავლობაში აპელირებდნენ, სამი სამაშველო შვეულმფრენი საქართველოში, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 10-12 თვიან ვადაში გვეყოლება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასევე მუდმივად უსვამდნენ ხაზს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფუფუნებისთვის შესყიდულ „სუპერ პუმას“, რასაც ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უკვე 11 წელია, რაც აღარ არის. ზუსტად ამდენი დრო დასჭირდა „ქართულ ოცნებას“, რომ ამ ხნის განმავლობაში უქმად მდგომი „პუმა“ მისივე მწარმოებელ კომპანიისთვის მიეყიდა და სანაცვლოდ, სამი ახალი შვეულმფრენი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში სახელშეკრულებო ვადების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში მომავალი წლის მაისში იქნება.

ფოტო:მთის ამბები / mtisambebi.ge