სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ NATO-სა და ევროკავშირში იოლად გაწევრიანებისთვის საქართველომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარი უნდა თქვას. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ის სრულად ამახინჯებს ნიკა გვარამიას სატელევიზიო განცხადებების კონტექსტს, სადაც მან, ერთ ნაწილში, სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივებზე - ისაუბრა.

2023 წლის 30 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „კვირის ფორმულა“, ნიკა გვარამიამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ინტერვიუს ერთ-ერთი ნაწილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხს შეეხო, რაზეც გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველო სხვადასხვა ფორმატის საშუალებით აუცილებლად დაიბრუნებს ტერიტორიებს. ამ საკითხზე საუბრისას, მან ოკუპირებული ტერიტორიების ომის გზით დაბრუნების ვერსია კატეგორიულად გამორიცხა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიების დაბრუნების ერთ-ერთ გამოსავლად დაასახელა.

კონკრეტულად, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მე მგონია, რომ საქართველოში ომი არ უნდა იყოს. მე მგონია, რომ ოფშენალ ანუ ოფციურიც კი არ უნდა იყოს საქართველოსთვის ომი აფხაზეთში. აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება მაშინ, როდესაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და აქ „რეიუნიონი“ მოხდება კვლავ, კვლავ გაერთიანება. პირიქით, მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრები, ეს ნიშნავს რუსეთი არის სუსტი. აფხაზეთს წასასვლელი არსად არ აქვს და არ უნდა ამ აფხაზეთს რუსეთში წასვლა, ეს უნდა გავაცნობიეროთ“.

გვარამიამ ასევე განაცხადა: „აფხაზებს გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში და ეს ჩანს, მიღებული აქვთ, რომ მათ არ უნდათ რუსეთში.... მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ მათ უნდოდეთ საქართველოში. ეს აბსოლუტურად მოხდენადი, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის გაკეთებადი. ჯერ ერთი, ფორმატები არსებობს, განსხვავებული სამართლებრივი ფორმატებიც არსებობს, როცა შენ ევროკავშირში ხარ. ხალხო კვიპროსები ერთიანდება და თურქეთის და საბერძნეთის ლიდერები იწყებენ ერთმანეთთან ლაპარაკს, რომ ევროკავშირის ფარგლებში კვიპროსი ხელახლა გაერთიანდეს“.

ამის შემდეგ საუბარში ჩაერთო გადაცემის წამყვანი, სოფო ზურაბიანი: „სომხები და აზერბაიჯანელებიც აგერ რამდენი ხანია უკვე საუბრობენ, უკვე მერამდენე შეხვედრაა.“ სწორედ წამყვანის ამ ჩანართს მოჰყვა ნიკა გვარამიას კომენტარი ყარაბაღთან დაკავშირებით. „სომხეთის ლიდერზე [ნიკოლ ფაშინიანი] მე ვარ უმაღლესი წარმოდგენის. ეს კაცი არის ისტორიული ფიგურა. ძალიან დიდი პოლიტიკური ლიდერიდან გადაიქცა თავისი ერის ისტორიულ ლიდერად. მან სომხეთს მოჰკვეთა სიმსივნე სახელად ყარაბაღი. შეიძლება ცინიკურად გამომდის ეს და სომხებს არ მოეწონოთ, მაგრამ ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლით არის აზერბაიჯანის ტერიტორია“.

ამდენად, ნიკა გვარამიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი სომხეთის პრეზიდენტის ყარაბაღის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში არ განუხილავს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ პოსტში თანდართულია ფოტო-ანაბეჭდი multimedia.ge-ის სტატიიდან. თუმცა, აღნიშნულ სტატიაში აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებული გვარამიას მსგავსი შინაარსის განცხადება არსად არაა ნახსენები.

ამგვარად, მტკიცება, თითქოს ნიკა გვარამიას აზრით, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის საქართველომ აფხაზეთი და სამაჩაბლო უნდა დათმოს, ყალბია. პირიქით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაწევრიანების შედეგი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება იქნება.

-----

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5311 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი