ანა ნაცვლიშვილი: ბიურომ რუსული კანონისგან განსხვავებით ანტიკორუფციული კანონმდებლობის განხილვა შვიდჯერ გადადო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: 2023 წლის 25 ივლისს, მთავარ არხზე, გადაცემაში „დღის სტუმარი“, მიწვეული იყო პარლამენტარი პარტიიდან - „ლელო საქართველოსთვის“, ანა ნაცვლიშვილი. საუბარი სხვადასხვა საკითხებს, ძირითადად კი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიზნით შესასრულებელ 12 პუნქტს შეეხებოდა.
ინტერვიუში ანა ნაცვლიშვილმა შემდეგი რამ განაცხადა: „სასამართლოზე ჩვენი კანონპროექტი და ანტიკორუფციულ ბიუროზე ჩვენი კანონპროექტი რომ განეხილათ და გაეთვალისწინებინათ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ორივე რეკომენდაცია ჩაითვლებოდა შესრულებულად. შვიდჯერ გადადო ბიურომ განხილვის დაწყებაც კი ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან მიმართებით. სამჯერ გადადო სასამართლოსთან მიმართებაში. ამაზე პასუხი არა აქვთ, რატომ? მაშინ, როდესაც შეგახსენებთ, რომ, მაგალითად „რუსული კანონი“, როგორც კი შემოიტანეს, სასწრაფოდ დარეგისტრირდა, სასწრაფოდ დაეწერა კომიტეტებს და სასწრაფოდ განიხილეს კომიტეტებმა. დაუყოვნებლივ მოხდა პირველი მოსმენით კენჭისყრა და ხმის მიცემა.“
„ფაქტ-მეტრმა“ ანა ნაცვლიშვილის განცხადება გადაამოწმა.
ანა ნაცვლიშვილმა და რამდენიმე პარლამენტარმა 2021 წლის 7 ივნისსა და 2022 წლის 25 იანვარს ორი კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ორივე მათგანი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტია. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე რამდენიმეჯერ კომიტეტის და ბიუროს სხდომა ჩატარდა. ამის მიუხედავად, ორივე კანონპროექტის განხილვა 8-ჯერ გადაიდო (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8) - პირველი მათგანი ერთხელ, ხოლო მეორე მათგანი შვიდჯერ.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის პროექტს, ანა ნაცვლიშვილმა ამ დასახელებით 2021 წლის 19 მაისს, 2021 წლის 1 დეკემბერს, 2022 წლის 5 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოში სამი კანონპროექტი წარადგინა. პირველი კანონპროექტი სამჯერ, ხოლო დანარჩენი ორ-ორჯერ გადაიდო. (1, 2, 3, 4, 5, 6)
ფაქტია, რომ ანა ნაცვლიშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტებიდან ანტიკორუფციულ კანონმდებლობის განხილვა მინიმუმ შვიდჯერ გადაიდო, ხოლო საერთო სასამართლოების შესახებ კანონის განხილვა მინიმუმ სამჯერ.
საინტერესოა ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ე.წ. „რუსული კანონთან“ მიმართებით. „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა პარლამენტში დაარეგისტრირეს ორი კანონპროექტი. პირველი მათგანი („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) დარეგისტრირდა 2023 წლის 14 თებერვალს, ხოლო მეორე („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“) 2023 წლის 22 თებერვალს. პირველი კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს 2023 წლის 7 მარტს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წლის 10 მარტს, მეორე მოსმენით არ მიიღეს (ჩააგდეს). რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, იგი ინიციატორმა დეპუტატებმა კენჭისყრის გარეშე 9 მარტს გამოითხოვეს. ფაქტია, რომ ზემოაღნიშნული ორი კანონპროექტი შემჭიდროებულ ვადებში, ინიციირებიდან 1 თვის ვადაში პირველი მოსმენით განიხილეს.
„ფაქტ-მეტრი“ წინამდებარე სტატიის მიზნებისთვის არ აფასებს, რამდენად სრულად აკმაყოფილებდა ანა ნაცვლიშვილის ან/და მისი გუნდის მიერ დაინიციირებული კანონპროექტები ევროკავშირის 12 რეკომენდაციით განსაზღვრულ პირობებს. ამ შემთხვევაში რაც შეგვიძლია ცალსახად აღვნიშნოთ ისაა, რომ კანონპროექტების სულისკვეთება 12 რეკომენდაციიდან ორით გათვალისწინებულ საკითხებს ნამდვილად შეეხებოდა და ნამდვილად სწორი მიმართულებით დგამდა ნაბიჯებს. სრულად დააკმაყოფილებდა, თუ - არა კანდიდატის სტატუსის წინაპირობებს აღნიშნული კანონპროექტები, ამაზე მსჯელობა, მოცემულ ეტაპზე, შეუძლებელია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში კანონპროექტების შემდგომი დახვეწა და საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის - ვენეციის კომისიის ჩართულობა იყო საჭირო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ ე.წ. "რუსული კანონის" რეგისტრაცია და განხილვა ძალიან მოკლე ვადებში ჩატარდა, ხოლო ანა ნაცვლიშვილისა და მისი თანაგუნდელების მიერ წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტებიდან ერთ-ერთი მინიმუმ 7-ჯერ გადაიდო, ხოლო მეორე მინიმუმ 3-ჯერ და ეს კანონპროექტები კანდიდატის სტატუსით განსაზღვრული წინაპირობებიდან ორთან ნამდვილად თანხვედრაში მოდიოდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ანა ნაცვლიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - სიმართლე.
საქართველოს რეფორმების ასოციაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით პერიოდულად ამზადებს პუბლიკაციებს. ბოლო პუბლიკაცია 1 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. „ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობა 5.0“ იხილეთ ბმულზე.