ირაკლი კობახიძე: როცა რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე საუბრობთ, ეს უბრალოდ ტყუილია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა მკვეთრად - 52%-ით გაიზარდა (ექსპორტი 6.8%-ით, იმპორტი 79%-ით). ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდა და პირველ 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრუნვა კიდევ 32%-ით გაიზარდა (ექსპორტი 34%-ით, იმპორტი 31.2%-ით).
თანხობრივად 2021 წლის იანვარ-ივნისში რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 730 მლნ დოლარი, 2022 წლის იანვარ-ივნისში 964 მლნ და 2023 წლის პირველ ნახევარში 1.271 მლრდ შეადგინა. მსგავსი ზრდა უმნიშვნელოდ ვერ ჩაითვლება.
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა არა მხოლოდ თანხობრივად, წილობრივადაც გაიზარდა. 2021 წელს რუსეთის წილმა საგარეო ვაჭრობაში 11.4% შეადგინა, 2022 წელს 13.1%.
ანალიზი: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტატისტიკა გაზრდილი არ არის. კონკრეტულად, მაგ განაცხადა: „რაც შეეხება ციფრებს, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის წილი მხოლოდ 8%-ია. შეიძლება, ნახევარი პროცენტი მეშლებოდეს. როცა რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე საუბრობთ, ეს უბრალოდ ტყუილია.“... „გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნები წლის განმავლობაში რუსებთან ასეულობით მილიარდს ვაჭრობენ“.
1995 წლიდან 2006 წლის ემბარგომდე, 11-დან 9 შემთხვევაში რუსეთი საქართველოს საექსპორტო ბაზარზე პირველ ადგილს იკავებდა (2000 და 2004 წლებში თურქეთმა გაუსწრო). ექსპორტის მსგავსად, იმპორტშიც მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა, მთლიან ბრუნვაში კი რუსეთის წილი სტაბილურად 15%-ს აჭარბებდა, რომელიც რუსეთის მიერვე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ 5%-მდე შემცირდა.
2013 წლიდან, ემბარგო მოიხსნა და რუსეთის წილი კვლავ გაიზარდა, თუმცა ძველ ნიშნულს არ დაბრუნებია. უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის წილმა საგარეო ვაჭრობაში მაქსიმუმს - 11.7%-ს 2020 წელს მიაღწია.
გრაფიკი 1: რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობაში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წელს, რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ნახტომისებურად - 52%-ით გაიზარდა და 2.5 მლრდ დოლარს გაუთანაბრდა, რაშიც გადამწყვეტი როლი იმპორტის ზრდამ შეასრულა. თავად იმპორტის სტრუქტურაზე ძირითადი გავლენა შედარებით იაფმა რუსულმა საწვავმა იქონია. 2021 წელს საქართველომ 135 მლნ დოლარის რუსული საწვავი შეიძინა, 2022 წელს 361%-ით მეტის - 623 მლნ დოლარის.
გრაფიკი 2:სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2023 წელს რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში მცირედით შემცირდა, მაგრამ ამის მიზეზი სავაჭრო ბრუნვის თანხობრივი შემცირება არ გამხდარა. რუსეთის წილის შემცირება დსთ-ს სხვა წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო სწრაფმა ზრდამ გამოიწვია.
გრაფიკი 3: სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2023 წლის პირველ 6 თვეში, 2022 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 32%-ით, ხოლო 2021 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით 74%-ით არის გაზრდილი. ნახევარწლიურ ჭრილში, ერთადერთი 3%-იანი კლება 2022 წლის პირველ ნახევარში ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში, ეს მცირე კლებაც ზრდამ გადაფარა.
ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ „ევროკავშირის ქვეყნები რუსებთან წლის განმავლობაში ასეულობით მილიარდისას ვაჭრობენ“. მსგავსი განცხადება, რომელიც მაისში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, „ფაქტ-მეტრმა“ მანიპულაციად შეაფასა. ევროკავშირის მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის მონაცემებით საქართველოს მაჩვენებელს დაახლოებით 467-ჯერ აღემატება, მთლიანი ეკონომიკა 675-ჯერ და ბუნებრივია ის თანხობრივად რუსეთთანაც მეტს ივაჭრებს, თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირი რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვას კი არ ზრდის ამცირებს. თუ 2021 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირისა და რუსეთის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობა 90 მლრდ ევროს აჭარბებდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 43.6 მლრდ ევრომდე (48 მლრდ დოლარი 26 ივლისის კურსით) შემცირდა.
დამოკიდებულების შესაფასებლად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირისთვის რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში მხოლოდ 1.26%-ს შეადგენს, ანუ 10-ჯერ ნაკლებს, ვიდრე საქართველოსთვის (იანვარ-მაისში რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობაში 12.7%-ს შეადგენდა, ევროსტატს, 26 ივლისის მდგომარეობით, ივნისის მონაცემები გამოქვეყნებული არ აქვს).
გრაფიკი 4: სავაჭრო ბრუნვის ცვლილება რუსეთთან (2023 წლის იანვარ-მაისში 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური (Eurostat)
საქართველომ რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ბოლო ორ წელიწადში (2023 წლის იანვარ-მაისში 2021 წლის იანვარ-მასთან შედარებით) მკვეთრად 78%-ით გაზარდა, მაშინ როცა დროის იმავე მონაკვეთში ევროკავშირმა 52%-ით შემცირდა. შესაბამისად - მტკიცება, რომ „რუსეთთან ვაჭრობის ზრდაზე საუბარი ტყუილია“, თავადაა მცდარი. მცდარია ისიც, რომ თითქოს რუსეთთან საგარეო ვაჭრობის წილი 8%-ს შეადგენს, მაშინ როცა რეალურად ის 12%-ს აღემატება და 2022 წელს 13%-საც აჭარბებდა. შეუსაბამოა ევროკავშირის მაგალითის მოყვანაც, რადგან გარდა იმისა რომ ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაანახევრა, მისთვის, რუსეთის წილი საგარეო ვაჭრობაში, მხოლოდ 1.26%-ს შეადგენს, საქართველოსთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება შეფასდა როგორც მცდარი.