ოთარ შამუგია: ღვინის ექსპორტი იზრდება, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ოთარ შამუგიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოდან 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 101, 662.02 ტონა ღვინო იქნა გატანილი. 2021 წელს იმავე მონაცემმა 239.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (80, 465.67 ტონა). როგორც ვხედავთ, ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.6% შეადგინა. თუ მოცულობით მაჩვენებელს ავიღებთ, ზრდა 26.3%-ია. მინისტრი განცხადებაში სავარაუდოდ, ღვინის ექსპორტის მოცულობით მაჩვენებელს გულისხმობს, თუმცა აღნიშნულსაც გადაჭარბებით ასახელებს.

რაც შეეხება 6-თვიან პერიოდს, მიმდინარე წლის 6 თვეში ქართული ღვინის ექსპორტმა 126.03 მლნ აშშ დოლარი (43,382.81 ტონა) შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 99.8 მლნ აშშ დოლარის (34,063.82 ტონა) ღირებულების ღვინო იქნა გატანილი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ზრდა წინა წელთან შედარებით 26.3%-ია, მოცულობითმა ზრდამ 27.4% შეადგინა.

გასული წლის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ წინა წელთან შედარებით, ქვეყნიდან რაოდენობრივად 26.3%-ით მეტი ღვინო გავიდა, თუმცა აღნიშნული ღვინიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 5.6%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ღვინო უფრო ნაკლებ ფასად გაიყიდა.

როგორც ვიცით, ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთისაა. გასულ წელს რუსეთში 160.9 მლნ აშშ დოლარის (69,905.6 ტონა) ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემს (131 მლნ აშშ დოლარი - 47,355.4 ტონა) 22.8%-ით აღემატება, მოცულობით ჭრილში მატება გაცილებით შთამბეჭდავი - 47.6%-ია. რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში გასულ წელს 2021 წელთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 64% შეადგინა. 2022 წელს მთლიან ექსპორტში მოცულობის მიხედვით, რუსეთის წილი 68.8% იყო, 2021 წელს იგივე მონაცემი 58.8% იყო. შესაბამისად, ზრდა 10 პროცენტული პუნქტი იყო, რაც იმის დასტურია, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

ოთარ შამუგიას განცხადება მეღვინეობის დარგის წარმატების დასტურად მოჰყავს. ის რომ ღვინის ექსპორტი მზარდია და შარშან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სიმართლეა. თუმცა მინისტრი პროცენტულ მონაცემს მცირედი გადაჭარბებით ასახელებს, თანაც ის ფაქტი, რომ ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად უფრო მეტად იზრდება, ვიდრე მისი რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, წარმატების დასტურად ვერ გამოდგება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ოთარ შამუგიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთვლის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ღვინის ექსპორტი, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც, 6 თვეში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო“.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში საქართველოდან 252.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 101 662 ტონა ღვინო იქნა გატანილი. 2021 წელს იმავე მონაცემმა 239.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (80 465 ტონა). როგორც ვხედავთ, ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.6% შეადგინა.

რაც შეეხება 6-თვიან პერიოდს, მიმდინარე წლის 6 თვეში ქართული ღვინის ექსპორტმა 126.03 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 99.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო იქნა გატანილი. შესაბამისად, მიმდინარე წელს ზრდა წინა წელთან შედარებით 26.3%-ია. როგორც ჩანს, ოთარ შამუგია გასული წლის და მიმდინარე წლის სტატისტიკურ მონაცემებს ერთმანეთში ურევს. წინა წელს, როგორც აღვნიშნეთ, ღვინის ექსპორტის წლიურმა ზრდამ 5.6% შეადგინა, მიმდინარე წლის ექვს თვეში კი 26.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა არა 30%, როგორც მინისტრი აცხადებს.

ცხრილი1: ღვინის ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საგარეო ვაჭრობის პორტალი

როგორც ვიცით, ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად დღემდე რუსეთი რჩება. 2022 წელს რუსეთში 160.9 მლნ აშშ დოლარის (69,905.6 ტონა) ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემს (131 მლნ აშშ დოლარი - 47,355.4 ტონა) 22.8%-ით აღემატება, მოცულობით ჭრილში მატება გაცილებით შთამბეჭდავი - 47.6%-ია. რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში გასულ წელს 2021 წელთან შედარებით 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 64% შეადგინა. 2022 წელს მთლიან ექსპორტში მოცულობის მიხედვით, რუსეთის წილი 68.8% იყო, 2021 წელს იგივე მონაცემი 58.8% იყო.შესაბამისად, ზრდა 10 პროცენტული პუნქტი იყო, რაც იმის დასტურია, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.

მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთში 81.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 29, 991.8 ტონა ღვინო გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 57.8 მლნ აშშ დოლარი იყო (21 497.5 ტონა).ზრდამ გასული წლის 6 თვესთან შედარებით 41.5% შეადგინა, მოცულობითი ზრდა 39.5% იყო. მიმდინარე წელს რუსეთის წილმა მთლიან ექსპორტში 64.9% შეადგინა, გასულ წლის 6 თვეში მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 57.9% იყო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი წლების განმავლობაში შემდეგნაირად იცვლებოდა:

გრაფიკი 1: 2012-2022 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75ლ), მლნ ლარი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით, აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 29 მლნ დოლარამდე დავიდა.

განხილულ პერიოდში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში ყველაზე დაბალი 2012 წელს იყო (34%), რაც ემბარგოთი იყო განპირობებული. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 - 128 მლნ, 2014 - 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. იმავეს დასტურია, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს. ქართული ღვინის ექსპორტზე დაკვირვება კი საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთზე დამოკიდებულებას კი არ ვამცირებთ, პირიქით ვზრდით. რუსეთის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.

ოთარ შამუგიას განცხადება მეღვინეობის დარგის წარმატების დასტურად მოჰყავს. ის რომ ღვინის ექსპორტი მზარდია და შარშან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სიმართლეა. თუმცა მინისტრი პროცენტულ მაჩვენებელს მცირედი გადაჭარბებით ასახელებს, თანაც ის ფაქტი, რომ ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად უფრო მეტად იზრდება, ვიდრე მისი რეალიზებიდან მიღებული შემოსავალი, წარმატების დასტურად ვერ გამოდგება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ოთარ შამუგიას განცხადებას აფასებს ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი