სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მტკიცება, რომ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა, 11.500 დოლარი აიღო, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარშემო პეტიციაზე ემუშავა.

თავდაპირველად მსგავსი ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირის“ სიუჟეტში გაჟღერდა, თუმცა „ფაქტ-მეტრთან“ კონსულტაციის შემდეგ, ტელეკომპანიამ სიუჟეტში შესწორებები შეიტანა.

აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ზე ასევე გამოაქვეყნა ტელეკომპანია POSTV-მ შემდეგი ტექსტით: „აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული FARA-ს დოკუმენტების ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან ლობიზმის სანაცვლოდ $11 500-ზე მეტი აიღო“. აღნიშნული ინფორმაცია POSTV-ის სხვადასხვა გადაცემებშიც გაჟღერდა. მტკიცება სხვა მედიებმა და სოციალურ ქსელში სხვა წყაროებმაც გაავრცელეს.

სოციალურ ქსელში იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ლევან ჭოტორლიშვილმა. მისი მტკიცებით, „ფარას მონაცემებით, ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილისთვის 11.500$ გადაუხდიათ გიული და თემურ ალასანიებს. მარგველაშვილმა იყიდა სასმელი და ბუხოი გამოდიოდა ოპოზიციის მიტინგებზე, ლაპარაკობდა სისულელეებს. ქართული დამოკიდებულებაა საქმის მიმართ. საქართველო არის ქვეყანა სადაც 11.500$, ნახმარი მანქანის ფასად შეგიძლია იყიდო ნაპრეზიდენტალი“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა გავრცელებული მტკიცება, თითქოს FARA-ს მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილმა 11.500 დოლარი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სამუშაოდ მიიღო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 6 ივნისს ამერიკული FARA-ს („უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის”) ფარგლებში დოკუმენტი ნამდვილად გამოქვეყნდა და ის 2023 წლის 31 მაისამდე 6-თვიან ანგარიშს მოიცავს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გიული ალასანიასა და მისი იურიდიული გუნდისთვის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქმედებენ, „რეგისტრანტმა (GP International LLC / DBA GlobalPoint International) სტრატეგიული კომუნიკაციები აწარმოვა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ჰუმანიტარული ან/და სამართლებრივი ნიშნით - ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების ირგვლივ მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, შესაბამისი აქტივობები უზრუნველყო“.

GP International LLC / DBA GlobalPoint International ვაშინგტონში მდებარე საკონსულტაციო ლობისტური კომპანიაა. დოკუმენტის სექციაში, სადაც ინფორმაცია რეგისტრანტის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და დაფინანსებას შეეხება, კომპანიის მიერ აღრიცხულია, რომ 6-თვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მან 11.500 დოლარი მართლაც გადაიხადა, თუმცა, დოკუმენტში ამ თანხის მიმღებად (Recipient) არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ Cision / PRnewswire აღირიცხება. ამდენად, სინამდვილეში, 2023 წლის 9-10 თებერვალს $11,559 არა გიორგი მარგველაშვილმა, არამედ Cision/PRnewswire-მა მიიღო. დოკუმენტის მიხედვითვე, გადარიცხული თანხის დანიშნულება პრეს-რელიზის ფართო გავრცელება იყო.

ცნობისთვის, Cision/PRnewswire მულტიმედიური პლატფორმების და ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი გლობალური ქსელი და ახალი ამბების კომერციული გავრცელების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელია. Cision/PRNewswire-ის ქსელი 3000-მდე ჟურნალის, ტელევიზიისა თუ რადიოს ახალი ამბების განყოფილებას მოიცავს. ამდენად, კომპანიის მთავარი დანიშნულება მისი არხების გამოყენებით ინფორმაციის, ამ შემთხვევაში- პრეს-რელიზის, გავრცელებაა. FARA-ს დოკუმენტშიც Cision/PRNewswire-ისთვის გადარიცხული თანხის დანიშნულებად სწორედ პრეს-რელიზის გავრცელება იყო მითითებული.

დოკუმენტში წერია, რომ Cision/PRNewswire-მა 6-თვიან საანგარიშო პერიოდში თანხა ორჯერ, ორი სხვადასხვა პრეს-რელიზის გავრცელებისთვის მიიღო. პირველ ჯერზე 1,841.91 დოლარი კომპანიას 2022 წლის 2-3 დეკემბერს გადაერიცხა. მეორედ კი კომპანიამ $11.559 2023 წლის 9-10 თებერვალს მიიღო. დოკუმენტი არ მიუთითებს, რომ თანხა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.

დოკუმენტში ერთადერთი წინადადება, სადაც გიორგი მარგველაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებს, სინამდვილეში, მხოლოდ და მხოლოდ Cision/PRnewwire-ის მიერ გასავრცელებელი პრეს-რელიზის სათაურია: „საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს გაერთიანებულ ძალისხმევას ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად“ (Fourth Georgian president Giorgi Margvelashvili leads coalition effort to save former president Saakashvili’s life). ამაზე მეტყველებს ისიც, რომ Cision/PRnewwire-ის მიერ გავრცელებული და სხვადასხვა მედიაში, მათ შორის Bloomberg-ში, გამოქვეყნებული პრესრელიზები სწორედ ამ სათაურით გავრცელდა. იხილეთ ბმული 1, 2, 3.

გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, რომ გიორგი მარგველაშვილმა 150-ზე მეტ ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსთან ერთად გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თუ პრეზიდენტ სააკაშვილს რამე დაემართება, მისი ჯანმრთელობის, ღირსებისა და სიცოცხლის შელახვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრება“.

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, გამოქვეყნებული FARA-ის დოკუმენტების მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მუშობისთვის $11.500 მიიღო, ყალბია. სინამდვილეში, აღნიშნული თანხა არა გიორგი მარგველაშვილმა, არამედ კომპანია Cision/PRnewswire-ს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეს-რელიზის გავრცელებისთვის მიიღო.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.