ლევან ხაბეიშვილი: უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ, თამარ კორძაიას ეს გასაჩივრებული აქვს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ არსებობს.

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. შედეგად, დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას დღემდე ვერ ახერხებენ.

მართალია, დეპუტატებისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილებაა, თუმცა არაერთ კითხვას აჩენს უფლების ზოგადი და განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა, რის კანონშესაბამისობაზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება ,,ფაქტ-მეტრმა’’ სიმართლედ შეაფასა.

ანალიზი: 2023 წლის 24 ივლისს, ჟურნალისტის კითხვას, თუ რას აკეთებს პარტია იმისთვის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება ჰქონდეთ, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა, უპასუხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიმართვის მიუხედავად, უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. დამატებით ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თამარ კორძაიას სარჩელი აქვს შეტანილი, თუმცა პასუხი დღემდე არ არსებობს.

,,ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვადგენთ, რამდენიმე კვირის წინ მეც მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ არ გვიშვებენ და ეს არის რეჟიმის სახე, როცა ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ და სხვათა შორის, თამარ კორძაიას ეს გასაჩივრებული აქვს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პასუხი არ არსებობს’’,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

,,ფაქტ-მეტრმა’’ ლევან ხაბეიშვილის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს პატიმრობის კოდექსი პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის ორ სახეს ითვალისწინებს. ესენია: პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით და სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

სპეციალური ნებართვით შესვლის წესს მინისტრი განსაზღვრავს. რაც შეეხება სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას, პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლი პირდაპირ ჩამოთვლის იმ პირებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ. აღნიშნული პირები არიან:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილიპარლამენტისწევრები;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ე) საქართველოს სახალხო დამცველი;

ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები;

თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.

როგორც ვხედავთ, მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის წევრები პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ, თუმცა ჩანაწერის ფორმულირება - ,,მის [პარლამენტის თავმჯდომარის] მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები“ გვანიშნებს, რომ დეპუტატთა უფლებამოსილება უპირობო არ არის და მისი რეალიზება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ამ პროცესზე უფრო ზუსტ წარმოდგენას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი გვიქმნის. კერძოდ, რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,პარლამენტის წევრს…პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება“. ე.ი. რეალიზდება, თუ - არა დეპუტატის უფლებამოსილება, პარლამენტის თავმჯდომარის იმ ბრძანებაზეა დამოკიდებული, რომლითაც მას ან მიენიჭება ან არ მიენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება. კანონის ჩანაწერი, კერძოდ სიტყვები - ,,შეიძლება მიენიჭოს’’ თავის მხრივ, კიდევ ერთხელ და უფრო მკაფიოდ გვიდასტურებენ, რომ აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შალვა პაპუაშვილს მინიჭებული აქვს თავისუფლება საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან (ამ შემთხვევაში მინიჭება/არ მინიჭება) შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.[1]

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის საკითხი, რომ დეპუტატთა პენიტენციურ დაწესებულებაში შეშვება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამის მიუხედავად, განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შალვა პაპუაშვილის მიერ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კანონიერებას.

2022 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ითქვა, რომ ,,პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჩერდება პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება“.

გამოდის, რომ 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შალვა პაპუაშვილმა უარი განაცხადა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ერთ-ერთ, დეპუტატისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების ალტერნატივაზე. შედეგად, დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულება დღემდე შეზღუდული აქვთ.

პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ, პაპუაშვილის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში 15 მაისს მიიღო. თამარ კორძაიას თქმით, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება ზოგადი ხასიათისაა, რომელშიც შეზღუდვის ვადაც კი არ არის დაკონკრეტებული. მან აღნიშნა, რომ ,,განუსაზღვრელი ვადით ამ უფლების შეზღუდვა არ არის გონივრული და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“.

საბოლოო ჯამში, მართალია, ,,ფაქტ-მეტრი’’ არ შეაფასებს რამდენად კანონიერია შალვა პაპუაშვილის მიერ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა ერთია - დეპუტატებს განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, რის კანონშესაბამისობაზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს. აქედან გამომდინარე, ,,ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - სიმართლე.


[1] იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ’’ პუნქტი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია