სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, 200 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ირაკლი ღარიბაშვილი: სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, 200 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 ივლისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობის მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის სწრაფი განვითარებაა. ამ უკანასკნელის საილუსტრაციოდ მთავრობის მეთაურმა რამდენიმე ინდიკატორზე გაამახვილა ყურადღება: „2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე - 15.6% ისტორიული მინიმუმია. ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ია და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო პერიოდში, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს".

„ფაქტ-მეტრმა“ პრემიერის განცხადებების სიზუსტე გადაამოწმა.

სიღარიბის დონე

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ პრემიერის განცხადებაში საუბარია აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელზე, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში.

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 15.6% ცხოვრობს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის დონე ჯამში 30%-დან 15.6%-მდე შემცირდა. 2004-2022 წლებში, რაც აღნიშნული სტატისტიკა იწარმოება, აბსოლუტური სიღარიბის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა.

გრძელვადიან პერიოდში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, როგორც ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებამ, ასევე სოციალურმა დახმარებების ზრდამ. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება.

პრემიერის მიერ დასახელებეული მონაცემები ზუსტია, თუმცა განცხადება საჭიროებს დამატებით განმარტებას, რომ საუბარია უკიდურესი სიღატაკის მაჩვენებლებზე და არა ზოგადი სიღარიბის დონეზე.

ამრიგად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ეს ნაწილი შეფასდა ვერდიქტით - მეტწილად სიმართლე.

უმუშევრობის მაჩვენებელი

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი, სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად - სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, შემცირდეს.

2022 წელს, სამუშაო ძალა და დასაქმებულთა რაოდენობა პანდემიური წლების (2020-2021) მაჩვენებლებთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა 2015-2019 წლების მაჩვენებელი სრულად აღდგენილი არ არის.

2022 წლის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა და დასაქმების დონე არაა ისტორიულ მაქსიმუმზე, ქვეყანაში რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უმუშევართა დიდი ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა - შეწყვიტეს სამსახურის ძიება ან დატოვეს ქვეყანა (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

ამრიგად, 2022 წელს დასაქმებისა და სამუშაო ძალის პარამეტრები მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა მტკიცება, რომ უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ობიექტურ რეალობას არ ასახავს. რეალურად, ქვეყანაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, სამუშაო ძალის კლებით არის განპირობებული.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ეს ნაწილი შეფასდა ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე.

სამუშაო ადგილები

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ადგილებზე საუბრისას, როგორც თავად განმარტავს, მისი პრემიერობის (ანუ 2021 წლიდან დღემდე) პერიოდს გულისხმობს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 66.3 ათასით გაიზარდა. ორწლიან პერიოდში დასაქმებულთა რიცხოვნობა 41.9 ათასით არის გაზრდილი. დასაქმებულთა რაოდენობის ამგვარი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან. მიუხედავად დადებითი დინამიკისა, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი. 2019 წელთან, ანუ არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 12.2 ათასით ნაკლებია.

ანალოგიური სურათია მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც. 2023 წლის I კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 70.8 ათასით გაიზარდა და 1271.9 ათასი შეადგინა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის დასაქმების მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი. 2019 წლის I კვარტალში 1279.8 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.

ჩვენ ასევე განვიხილეთ, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 716.1 ათასი კაცი შეადგინა. ორწლიან პერიოდში, 2021 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 93.4 ათასით არის გაზრდილი. თუმცა ამ შემთხვევაშიც, მონაცემები შედარებულია პენდემიურ პერიოდთან. შესაბამისად, აღნიშნული ზრდა დიდწილად უნდა განვიხილოთ, როგორც პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა. პანდემიამდე პერიოდის (2021 წლის ანალოგიური კვარტალი) მაჩვენებელთან შედარებით, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 31.7 ათასით არის გაზრდილი.

როდესაც სამუშაო ადგილებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ დასაქმების ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამაც იქონია. გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე 29,323 სოციალურად დაუცველი დაასაქმეს. დასახელებული პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების წახალისებაა, რაც ძირითადად ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებზე მათ დასაქმებას გულისხმობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული ანაზღაურება შინაარსობრივად სოციალური შემწეობის ნაირსახეობაა, რაც ბიუჯეტისთვის დამატებითი სოციალური ხარჯია. ამრიგად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში „დასაქმებული“ ადამიანები, ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ ფორმალურად არიან დასაქმებულნი, ხშირ შემთხვევაში - ხელოვნურად შექმნილ სამუშაო ადგილებზე.

ამრიგად, პრემიერის მტკიცება, რომ ქვეყანაში მისი პრემიერობის პერიოდში 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ვხედავთ, არც დასაქმების საერთო მაჩვენებელში და არც ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების/დასაქმებულთა რაოდენობის ამგვარი ზრდა არ ფიქსირდება. თუმცა, „ფაქტ-მეტრი“ განცხადების შეფასებისას ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ 2022 წელს და 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმების (სამუშაო ადგილების) ზრდის დადებითი დინამიკაა.

შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ეს ნაწილი შეფასდა ვერდიქტით - მეტწილად მცდარი.