ხატია დეკანოიძე: [პოლიტიკურ ჯგუფებზე] საპროცედურო კომიტეტმა კანონის სრულიად საწინააღმდეგოდ განმარტა
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ხატია დეკანოიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 2023 წლის მაისის დასაწყისში ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების უფლება არ მისცა იმ მოტივით, რომ მათ დატოვეს არა პოლიტიკური პარტია, არამედ საარჩევნო ბლოკი.
საპროცედურო კომიტეტის პოზიციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281მუხლის მე-5 პუნქტი გამორიცხავდა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლების მქონეთა წრიდან საარჩევნო ბლოკის დამტოვებელ პარლამენტარებს, და შეეხებოდა მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიის დამტოვებელ დეპუტატებს, რომელთა წევრებსაც უკვე შექმნილი ჰქონდათ ფრაქცია.
ამის მიუხედავად, იმ დროს მოქმედი რეგლამენტის 2281მუხლის პირველი პუნქტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას ნებისმიერ 2 პარლამენტარს ანიჭებდა. იმის გამო, რომ პირველი პუნქტით მინიჭებული უფლება ნებისმიერ 2 დეპუტატს შეეხებოდა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტი აწესრიგებდა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის დამტოვებელი პარლამენტარებისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას, საარჩევნო ბლოკის დამტოვებელი პარლამენტარების მიმართ უნდა გამოყენებულიყო ამ მუხლის პირველი პუნქტი და არა მე-5 პუნქტი, რადგანაც ეს უკანასკნელი არარელევანტური იყო.
ანალიზი:
2023 წლის 8 მაისს ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საპროცედურო კომიტეტმა მას და რომან გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება რეგლამენტის კანონსაწინააღმდეგო განმარტების საფუძველზე არ მისცა - “როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოდ განმარტა, მე და ბატონ რომანს ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც ნიშნავს, რომ მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ჯგუფის მიერ”,- აღნიშნა დეპუტატმა.
საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის, განმარტებით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს, მაგრამ ეს შესაძლებლობა, არსებული რეგლამენტით, საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე არ ვრცელდება, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი.
მას შემდეგ, რაც დეკანოიძესა და გოცირიძეს პოლიტიკურ ჯგუფად რეგისტრაციის თაობაზე უარი ეთქვათ, მათ დააინიციირეს კანონპროექტი, რომელმაც პარლამენტის რეგლამენტის 2281მუხლის მე-5 ნაწილში კოსმეტიკური ცვლილება შეიტანა. კერძოდ, კანონის ჩანაწერს დაემატა სიტყვები ,,საარჩევნო ბლოკი’’, რამაც საპროცედურო კომიტეტის პოზიციით, დეკანოიძესა და გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების შემდეგ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირებაში ხელი არ შეშლიათ, საინტერესოა, აუცილებელი იყო, თუ - არა ახალი კანონპროექტის დაინიციირება იმისთვის, რათა რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მისცემოდათ.
,,ფაქტ-მეტრმა’’ ხატია დეკანოიძის განცხადება გადაამოწმა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისათვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლების გარეშე დატოვების საფუძვლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2281და 228-ე მუხლი მიიჩნია.
2023 წლის 8 მაისის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2023 წლის 2 მაისის ვერსია მოქმედებდა. აღნიშნულ ვერსიაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებებსა და საქმიანობის წესს 2281მუხლი არეგულირებდა.
2281მუხლის პირველი პუნქტი არანაკლებ 2 პარლამენტარს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებით აღჭურავდა. ეს პუნქტი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციისთვის აუცილებელ სხვა წინაპირობას არ ითვალისწინებდა - ამ პუნქტის თანახმად, „... არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი)“.
რაც შეეხება ამავე მუხლის მე-5 პუნქტს, რომელშიც მოგვიანებით გოცირიძისა და დეკანოიძის დაინიციირებული კანონპროექტით ცვლილება შევიდა, ის რეგლამენტში შემდეგნაირი ფორმულირებით გახლდათ მოცემული: „... ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი, … . ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუკი მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა“.
როგორც ვხედავთ, მუხლის ეს ნაწილი ერთი მხრივ, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტარებს ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას ართმევდა. ამასთან, ადგენდა გამონაკლისს, რომლის თანახმადაც, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტარებს ჰქონდათ უფლება, შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი, თუკი ისინი დატოვებდნენ იმ პოლიტიკური პარტიის წევრობას, რომლის წევრებსაც უკვე შექმნილი ჰქონდათ ფრაქცია. შესაბამისად, მე-5 პუნქტის პირველი წინადადება უფლების შემზღუდავი იყო, ხოლო მეორე - უფლების მიმნიჭებელი.
გამოდის, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტი არ აკონკრეტებდა რაიმე დამატებით წინაპირობას 2 პარლამენტარისთვის, რომელთაც უფლება ენიჭებოდათ, შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი, ხოლო მისი მე-5 პუნქტი არსად ახსენებდა იმას, თუ რა შეზღუდვები და უფლებები ჰქონდა საარჩევნო ბლოკის დამტოვებელ 2 პარლამენტარს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკის დამტოვებელ 2 პარლამენტარზე არ უნდა გავრცელებულიყო მე-5 პუნქტი და მათ მხოლოდ პირველი პუნქტი შეეხებოდა.
ამ მუხლის მე-5 პუნქტში მართლაც ვერ აღმოვაჩენდით სიტყვებს „საარჩევნო ბლოკი“. თუმცა დაუშვებელია კანონის ტექსტის ნაწილობრივ წაკითხვა, ამავე კანონის სხვა წესების უგულებელყოფით. საჭიროა ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების ერთობლივი გააზრება. თუკი ორივე პუნქტს ერთად გავიაზრებთ, ვნახავთ, რომ პირველი პუნქტი ვრცელდებოდა პირთა უფრო ფართო წრეზე, ვიდრე მე-5. კერძოდ, პირველი პუნქტი უფლებას ანიჭებდა როგორც პოლიტიკური პარტიის, ისე საარჩევნო ბლოკის დამტოვებელ პირებს შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი. ხოლო, მე-5 პუნქტი ეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური პარტიიდან გასულებს და არ ახსენებდა საარჩევნო ბლოკს. კერძოდ, იგი უფლებას უზღუდავდა ერთი პოლიტიკური პარტიის წევრებს პარლამენტში შეექმნათ ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი. ის ასევე პარლამენტარებს, რომლებიც დატოვებდნენ პოლიტიკურ პარტიას და ამ პოლიტიკური პარტიის წევრებს უკვე შექმნილი ექნებოდათ ფრაქცია, უფლებას აძლევდა, შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი. აქედან გამომდინარე, საარჩევნო ბლოკიდან გასულ პარლამენტარებზე გავრცელდება პირველი პუნქტი, რომელიც ყველას ანიჭებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას.
ასევე მნიშვნელოვანია, გავიაზროთ პოლიტიკური ჯგუფის ინსტიტუტის შემოღების საფუძველი და ლეგიტიმური მიზანიც. ზოგადად, პოლიტიკური ჯგუფის ინსტიტუტის შემოტანა საპარლამენტო ჩართულობის ზრდას ემსახურებოდა, კერძოდ იმას, რომ ესარგებლათ ფრაქციისთვის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებებით.[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის პირველი და 11პუნქტი შეეხებოდა საარჩევნო ბლოკის უფლებას, შეექმნა ფრაქცია. საპროცედურო კომიტეტის მიერ მათზე აპელირება კი უადგილოა, რადგან ფრაქციის ფორმირება შეეძლო მინიმუმ 7 პარლამენტარს[2], ხოლო პოლიტიკური ჯგუფისა - 2-ს. თავდაპირველად ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ შეეძლოთ, შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი ჰქონდათ ფრაქცია.[3] შემდეგ 4 პარლამენტარს შეეძლო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, მოგვიანებით კი 2-მდე შემცირდა რიცხვი, რათა უპარტიო და უფრაქციო პარლამენტარებს გაადვილებოდათ მუშაობა, უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო და საპარლამენტო აქტივობა წახალისებულიყო.[4]
როგორც ვხედავთ, პერიოდულად უფრო და უფრო მარტივდებოდა პოლიტიკური ჯგუფის ფორმირება, ანუ უფრო ნაკლები ადამიანი იყო საჭირო 1 პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, უბლოკოდ დარჩენილი პირისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლების საპირწონედ არ გამოდგებოდა ფრაქციაში გაწევრიანების ან მისი შექმნის უფლების მიცემა, რადგან ასე ურთულდებოდა საქმე და 2 პარლამენტარს კიდევ 5 თანამოაზრე ჰყავდა მოსაძიებელი. ამგვარ ორ პარლამენტარს დაუშვებელი იყო შეზღუდოდა პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების უფლება, რადგან კანონის მიზანი სწორედ ის იყო, საპარლამენტო აქტივობის გაზრდის მოტივით, ზედმეტი ბარიერები მოეშალა.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, ვინაიდან 228-ე პრიმა მუხლის პირველი პუნქტი 2 პარლამენტარს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას აძლევდა და მე-5 პუნქტი საერთოდ არ ეხებოდა საარჩევნო ბლოკიდან გასულ პარლამენტარებს, ასევე პოლიტიკური ჯგუფის ინსტიტუტის შემოღების რეალური მიზნებიდან გამომდინარე, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისთვის კანონი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, ,,ფაქტ-მეტრი’’ ხატია დეკანოიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.
რედაქტორის შენიშვნა: ,,ფაქტ-მეტრმა’’ მხოლოდ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების მართებულობა შეაფასა და არ უმსჯელია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ქმედების კანონიერებაზე.
[1]https://idfi.ge/ge/do_mps_elected_by_electoral_block_list_have_the_right_to_create_a_political_group
[2]https://matsne.gov.ge/ka/document/view/4401423?publication=39 - მუხლი 49, პირველი პუნქტი.
[3]https://matsne.gov.ge/ka/document/view/4401423?publication=38 - 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი (22.12.2022-ის ვერსია)